"ნიკოლოზ ცქიტიშვილი რთულ სიტუაციაშია. მას მწვრთნელი სათამაშო დროს ნელ-ნელა უმცირებდა, ხოლო ბოლო ორ მატჩში მოედანზე არ შეუყვანია.
"ფუენლაბრადასთან" ბოლო ტურის მატჩზე ქართველმა ფორვარდმა ეს თქვა:
-
კიდევ უნდა მოვუმატო როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებში. ამბობენ, თითქოს საქმეს არასათანადოდ ვეკიდები. მე ასე არ ვფიქრობ, ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და მზად ვარ გუნდს წარმატებულ თამაშში შევეშველო. ვიცი, რომ "ლაგუნ აროს" დახმარება შემიძლია და გუნდსაც ვჭირდები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მატჩებში მოედანზე მიხილავთ.
ცქიტიშვილი მწვრთნელ პაბლო ლასოს ორი კვირის წინათ სწორედ პრობლემატურ საკითხზე ელაპარაკა:
- მწვრთნელთან ჩემს შეცდომებზე ვისაუბრე და გამოსწორებას დავპირდი. მათზე აქტიურად ვმუშაობ და, ვფიქრობ, ამას მწვრთნელიც ხედავს.
როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი კალათბურთელისთვის კლუბის გამოცვლაა. თუმცა, ცქიტიშვილი "ლაგუნ აროს" დატოვებაზე ჯერ არ ფიქრობს:
- სან სებასტიანიდან წასვლა არ მინდა. აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ადგილი ძალიან მომწონს, თანაც კარგადაც ვთამაშობდი. შეიძლება ახალგაზრდა კალათბურთელი ჩემს ადგილას დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყო, მაგრამ ასეთი სიტუაცია მე მხოლოდ მოტივაციას მმატებს და დადებითი მუხტის შენარჩუნებაც არ მიჭირს.
ასევე დადებითი მუხტის მატარებელი იყო ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგი ფრაზა:
- მართალია, სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ, რადგან გუნდში ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გაურკვევლობა მალე დასრულდება და ყველაფერს ახლიდან დავიწყებ."
როგორც წესი, ასეთი სიტუაციების შემდეგ, თუ მწვრთნელებს კალათბურთელებისადმი ნდობა უბრუნდებათ, საკმარისად მაინც არ ათამაშებენ. შესაბამისად მსგავს მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი ნიკა ცქიტიშვილის სხვა კლუბში გადასვლაა.
საინტერესო სტატია გამოქვეყნდა გამოცემა "ტუბასკეტში", რომელშიც "კახასოლის" ცქიტიშვილისადმი ინტერესია დაფიქსირებული:
"სევილიური "კახასოლი" ლიტველი ფორვარდის მინდაუგას კეიტლინის ნიკოლოზ ცქიტიშვილში გაცვლას ცდილობს. "კახასოლის" ხელმძღვანელობამ ლიტველი გასულ ზაფხულს "ალიკანტედან" აიყვანა, თუმცა მთავარ მწვრთნელ ხოან პლაზას მიაჩნია, რომ კეიტლინმა არასათანადოდ შეცვალა სევილიიდან "ვალენსიაში" გადასული დუშკო სავანოვიჩი.
რაც შეეხება ნიკოლოზ ცქიტიშვილს, მას ამ სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალოდ 17 წუთს თამაშობს და საშუალოდ 6 ქულასა და 3 მოხსნას აგროვებს.
ამ სავარაუდო გაცვლასთან დაკავშირებით მთავარი კითხვა ასე ჟღერს: ''აქვს ორივე გუნდს სათანადო თანხა "ტრეიდის" განსახორციელებლად?"
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, როცა ცქიტიშვილი NBA-დან დაბრუნდა, სწორედ "კახასოლს" მიაშურა და ნახევარი სეზონი ითამაშა.
.