დასვენებულმა "ატლანტა ჰოქსმა" მილუოკში ვერ ივარგა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" "შარლოტთან" (22 იანვარს) მატჩის შემდეგ ოთხი დღე დაისვენა და, წესით, მილუოკის ენერგიააღდგენილი უნდა სწვეოდა. თანაც, ამ შეხვედრის წინ "ქორებს" ორი ტრავმირებული დაუბრუნდათ - ელ ჰორფორდი და მერვინ უილიამსი.

ძნელი სათქმელია, მათი გამოჩენის გამო შეუმცირდა თუ არა ზაზა ფაჩულიას სათამაშო დრო (წინა შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა, "მილუოკისთან" - 10,26), მაგრამ ფაქტია, რომ სასტარტო შემადგენლობიდან ზაზას ამოგდება ჰორფორდისა და უილიამსის დაბრუნების ბრალი არ არის - მწვრთნელმა, ლარი დრიუმ ძველ ტაქტიკას მიმართა და სასტარტო ცენტრად ჯეისონ კოლინზი დააყენა.

არ გეგონოთ, რომ
შესავალში "ატლანტას" მილუოკიში წაგების მიზეზისთვის საფუძველს ვამზადებდეთ, უბრალოდ ჩამოგითვალეთ წინა შეხვედრის შემდეგ გუნდში მომხდარი ცვლილებები.

ახლა მატჩის მსვლელობაზე ვთქვათ. თითქმის თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ "ატლანტამ" იძალა და მეოთხე პერიოდის დაწყებამდე 11-ქულიან უპირატესობას მიაღწია. მწვრთნელმა ფაჩულია მოედანზე მესამე პერიოდის დასრულებამდე 1,53 წუთით ადრე დააბრუნა (68:62 "ჰოქსის" სასარგებლოდ), ხოლო მეოთხე თორმეტწუთეულამდე სხვაობა უკვე 11 ქულას შეადგენდა - 75:64.

პირველი პერიოდის ორწუთიან მონაკვეთში ზაზამ ბურთი 4-ჯერ მოხსნა. ასევე ენერგიულად დაიწყო მეოთხე რაუნდი - 3 წუთში 4 მოხსნა, თუმცა თავისივე მოხსნის შემდეგ ბურთი ორჯერ ვერ ჩააგდო. როგორც ჩანს, ეს არ ესიამოვნა "ატლანტას" მწვრთნელ ლარი დრიუს და სირენამდე 8,25 წუთით ადრე ზაზა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა (ანგარიში "ჰოქსის" სასარგებლოდ 78:71 იყო). "ატლანტამ" მატჩი ტრადიციული ხუთეულით ჩაამთავრა, თუმცა დაღმასვლას ვერც მათ აარიდეს თავი... უფრო სწორად 165 სმ. სიმაღლის ერლ ბოიკინსს ვერაფერი მოუხერხეს, რომელმაც 20-დან 11 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო. "მილუოკიმ" 98:90 გაიმარჯვა.

- ბოლო მეოთხედის დასკვნით მონაკვეთში სხარტად ვერ ვითამაშეთ, უფრო სწორად, მთლიანად ბოლო მეოთხედი ჩავაგდეთ. მეტოქეს მივეცით საშუალება, რაც სურდა, ის ეკეთებინა, - განაცხადა მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ.

გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ფორუმზე სწორად შენიშნა ერთმა ქომაგმა: "როცა კალათბურთელი ბურთს ვერ აგდებს, იგი სკამზე უნდა დასვა, რა მნიშვნელობა აქვს ლიდერია, თუ - არა. ამ მიმართულებით მაიკ ვუდსონის (გუნდს შარშან წვრთნიდა) წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა."

28 იანვარს "ჰოქსი" "ნიუ იორკს" უმასპინძლებს.


მილუოკი-ატლანტა 98:90
ზაზა ფაჩულია: 10,26 წუთი, 1 ქულა (4-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 ფოლი.

ქრონოლოგია
I პერიოდი
04:58 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:52 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
04:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
04:36 ორქულიანი: არაზუსტი
03:50 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
02:20 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
01:45 ფოლი: 1
01:18 ფოლი: 2
00:36 ორქულიანი: არაზუსტი
III პერიოდი
01:53 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
IV პერიოდი
10:56 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
10:00 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 76:69)
09:22 მოხსნა: შეტ-2, დაც-4
08:42 მოხსნა: შეტ-3, დაც-4
08:38 ორქულიანი: არაზუსტი
08:37 მოხსნა: შეტ-4, დაც-4
08:37 ორქულიანი: არაზუსტი
08:25 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული