11:12 07-12-2015
თორნიკე შენგელიამ "ტენერიფეს" 26 წუთში 24 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
AutoSharing Option
"ლაბორალ კუჩას" ქართველმა ფორვარდმა წინა ტურში "სარაგოსას" 23 წუთში 21 ქულა ჩაუგდო, ახლა კი "ტენერიფესთან" 26 წუთში 24 მიითვალა და ცხადია, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
სამწუხაროდ, თორნიკეს სათანადოდ ვერ აუბეს მხარი თანაგუნდელებმა და ვიტორიული გუნდი, რომელიც ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყო, ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა.
არადა, "ლაბორალ კუჩა" შინ თამაშობდა და ულაპარაკო ფავორიტადაც ითვლებოდა. ვირტორიელებს ამ მატჩამდე 7 მოგება და 1 მარცხი ჰქონდათ, ხოლო "ტენერიფეს" - 2 მოგება და 5 წაგება. პირველი ტაიმი კუნძულელებმა 1 ქულით მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა დიდ შესვენებაზე სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანეს და მე-3 პერიოდის 22:33 წაგებით უიმედო სიტუაციაში აღმოჩნდნენ.
შენგელია გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა და მან დიდი შედეგიანობაც გამოიჩინა, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ვიტორიელები დაცვაში ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ტენერიფელთა შეტევები ეპარებოდათ. საბოლოოდ კუნძულელებმა 98:92 დაამარცხეს "ლაბორალ კუჩა" და ტურის მთავარი სენსაციაც გამოაცხვეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსულმა ისეთი შედეგიანობა გამოიჩინა, ის მწვრთნელმა 26:28 წუთი ათამაშა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო და ერთადერთი სამქულიანიც ჩააგდო. 24 ქულას შენგელიამ 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაყოლა.
ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების ინდექსმა 29 ერთეული შეადგინა, რაც ვიტორიელთაგან საუკეთესო იყო. თორნიკეს შემდეგ "ლაბორალ კუჩაში" ამ მაჩვენებლით იანის ბურუსისი (17) მოდის, რომელმაც 19 წუთში 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ტენერიფელთაგან კი შეუჩერებელი იყო 33 წლის ჩერნიგორიელი ცენტრი ბლაგოდა სეკულიჩი, რომელმაც ვიტორიელებს 29 ქულა ჩაუგდო.
7 მოგებითა და 2 მარცხით "ლაბორალ კუჩა" მე-4 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში, 13 დეკემბერს, შენგელიას გუნდი სტუმრად "ბილბაო ბასკეტს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული