10:54 09-12-2015
როგორ გააცურა ზაზა ფაჩულიამ კარმელო ენტონი [VIDEO]
AutoSharing Option
კალათბურთი ამერიკელების თამაშიაო, - ხშირად გაიგონებთ. "ნიუ იორკი"-"დალასის" შეხვედრამ დაგვანახვა, რომ ევროპელებსაც არანაკლებ ეხერხებათ კალათბურთი. კრიტიკულ მომენტში ამერიკელები სულაც დაიკარგნენ და თამაშის ბედი ოთხი "გამოღმელის" გადასაწყვეტი გახდა: ერთ მხარეს გერმანელი დირკ ნოვიცკი და ქართველი ზაზა ფაჩულია დადგნენ, მეორე მხარეს - ესპანელი ხოსე კალდერონი და ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დირკ ნოვიცკიმ "დალასი" 94:74 დააწინაურა და ტეხასელთა მწვრთნელი რიკ კარლაილი დააწყნარა. მოედნიდან ჯერ რეიმონდ ფელტონი გაიყვანა, შემდეგ დირკ ნოვიცკი, ზაზა ფაჩულიას მეოთხე პერიოდში შეყვანა კი სულაც გადაიფიქრა - ვეტერანებს ცოტას დავასვენებო, ალბათ, იფიქრა.
თურმე, იჩქარა: კალათბურთი ხომ გოლფი არ არის, ბურთი გააგორო და მშვიდად მიადევნო თვალი - "ნიუ იორკმა" იფეთქა და 5-წუთიან მონაკვეთში 15:4 გაიქცა. მატჩის დასრულებამდე 4:28 წუთით ადრე, ესპანელი კალდერონის სამქულიანის შემდეგ "ნიუ იორკმა" ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა - 89:98.
ეს უკვე სახიფათო იყო. მით უმეტეს, რომ მასპინძლები აღმავალ გზაზე იყვნენ, "დალასი" კი მეტოქის კალათისკენ გზას ვერ პოულობდა. კალდერონის სამქულიანს კარლაილმა წუთშესვენება მიაყოლა და მოედანზე უმალ დააბრუნა ზაზა ფაჩულია და დირკ ნოვიცკი.
"ნიუ იორკი" არ ცხრებოდა. როგორც იტყვიან, თამაში იგრძნო ახალბედა ლატვიელმა კრისტაპს პორზინგისმა და მასპინძელთა მომდევნო 8 ქულა მან ჩააგდო, ჯერ ორიანი გამოიყენა, შემდეგ ორი სამიანი. შედეგად, საფინალო სირენამდე 43 წამით ადრე სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა (97:101). საპასუხო შეტევაში ისევ ლატვიელმა იყოჩაღა, დერონ უილიამსს დაუფარა და "ნიუ იორკს" ჩამორჩენის ორამდე შემცირების მშვენიერი შანსი მიეცა...
თუმცა მაშინ, როცა იშტაზე მოსული, ფეხზე მდგარი ტრიბუნები სამქულიანის სატყორცნად შემართულ პორზინგისს შესცქეროდა, მსაჯმა მოულოდნელად დასტვინა და ხელი მასპინძელთა კალათისკენ გაიშვირა - "ნიუ იორკი" შეტევაში დააჯარიმა.
ამ ეპიზოდის გმირი ზაზა ფაჩულია რომც არ გამხდარიყო, მაინც დავწერდით, რომ ეს იყო მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტთაგანი. თავად განსაჯეთ: იმის ნაცვლად, რომ ათამაშებულ იორკელებს სამქულიანი ჩაეგდოთ, ბურთი "დალასს" გადააბარეს. ეს მაშინ, როცა საფინალო სირენამდე 19 წამი რჩებოდა.
შეცდომა ნიუიორკელთა ლიდერმა კარმელო ენტონიმ დაუშვა: ზაზა ფაჩულიასთან პერიმეტრის ხაზთან აღმოჩნდა, მარცხენა ხელი ქართველის მკერდთან გაშალა, ზაზამ კი საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა - ხელების მაღლა აწევა მოინდომა, მაგრამ ენტონის ხელს წამოედო.
ეს ყველაფერი კარგად დაინახეს მსაჯებმა და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს. ზაზას სულაც არ სჭირდებოდა ხელების აწევა, ბრუნით ისედაც დაუსხლტებოდა ენტონის, მაგრამ თამაშის მოსაგებად ჯარიმა ხომ სჭირდებოდა?!
მატჩის დამთავრებამდე 19 წამით ადრე "დალასს" 4-ქულიანი უპირატესობა შერჩა და "ნიუ იორკი" იძულებული გახდა, განზრახ ფოლებზე წასულიყო. ჯარიმებში კი უილიამსი და ნოვიცკი NBA-ში გამორჩეულები არიან, ბოლო წამებზე 4-დან 3 ჩააგდეს და "მავერიქსს" სეზონში მე-13 მატჩი მოაგებინეს (9 მარცხი).
სტატისტიკა
"დალასი": ნოვიცკი - 25 ქულა, 6 მოხსნა. უილიამსი - 20 ქულა, 7 პასი. ფაჩულია - 32 წუთი, 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი.
"ნიუ იორკი": პორზინგისი - 28 ქულა, 2 მოხსნა. ენტონი - 17 ქულა, 8 პასი. კალდერონი - 14 ქულა, 5 პასი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბრავო ზაზა! ის ქვეყნის საამაყო კაცია!
0
0
ზაზასგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, საამაყო ბიჭია!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული