დიდი ხანი მოგვიწია ლოდინი, ვიდრე მეტოქეების ვინაობას გავიგებდით. თუმცა, როგორც იტყვიან, მოლოდინი ამად ღირდა. კვირას დასვენება მქონდა და საღამოს რესტორანში შევედი. სწორედ იქ გავიგე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა: რესტორნის მეპატრონე მოვიდა და მითხრა - სლოვენია და საქართველო ერთ ჯგუფში მოვხვდით, ჩვენთან კიდევ რუსეთი და ბელგია არიანო... იმ მომენტისთვის წილისყრა დამთავრებული არ იყო და დანარჩენი მოწინააღმდეგეების ვინაობა არ ვიცოდით.
არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რუსეთის ჩვენთან მოხვედრა ძალიან გამიხარდა. თავს დავდებ, თუ გნებავთ პროცენტებში ვიანგარიშებ და გეტყვით, რომ რუსებს 100 პროცენტით უნდა მოვუგოთ. მათთან თამაშისას სტიმულის ძიება არაა საჭირო, გაორმაგებული, გასამმაგებული ძალით ვიბრძოლებთ. მოგეჩვენათ, რომ ვბაქიბუქობ? არა, ცსკა-სთანაც მითამაშია, "ხიმკისთანაც" და რუსეთის ნაკრებსაც ვიცნობ - შემადგენლობის მიხედვით ძალიან ძლიერი გუნდი ნამდვილად არ არის, მოგება შეიძლება. რაც შეეხება ჩემს თანაამპლუელებს: შარშან "პანათინაიკოსის" მაისურით მოზგოვის წინააღმდეგ ვითამაშე. არაფერი დამითმია. იგი ახლა NBA -შია. ცსკა-ს ცენტრი სოკოლოვია. მისთვის ნაჯობნი მაქვს.
ახლა სლოვენიაზე დავწერ. ამ ქვეყნის ნაკრები პირველ კალათაში იყო განთესილი, რაც თავისთავად მეტყველებს მის სიძლიერეზე. მეორე დილას ვარჯიშზე რომ მივედით, მე და ბოისას სლოვენიელ თანაგუნდელებთან საქმის გარჩევა მოგვიწია (მეგობრულად). აქედან ჩვენ ვემუქრებოდით, იქიდან - ისინი. ალბათ, მსგავსი მსჯელობები სექტემბრამდე, თამაშებამდე გაგრძელდება. რეალობას ვერ გავექცევით, ჯგუფში ყველაზე ძლიერი სლოვენიაა.
ბელგია... ამ ქვეყნის ხსენებაზე დადებით განწყობაზე ნამდვილად ვერ ვდგები, ცუდი მოგონებები მაკავშირებს. შარშან მათთან შინ და გარეთ წავაგეთ. ბელგიელებმა თბილისში სულაც 23 ქულის სხვაობით მოგვიგეს, რაც 31 აგვისტომდე (ბელგიას ევროპის ჩემპიონატზე რომ ვეთამაშებით) არ დამავიწყდება. შეიძლება, ეს ნაკრები ევრობასკეტზე ჩვენს მეტოქედ სწორედ განგებამ მოავლინა - აქამდე წაგებები შეცდომა იყო და თუ მართლა შეგიძლიათ ბელგიის ძლევა, წადით და ევრობასკეტზე მოუგეთო. თან, ამ გუნდთან ჯგუფის პირველ მატჩს ვატარებთ, დასვენებულები ვიქნებით.
საპირისპირო განწყობით ვწერ ბულგარეთზე. არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ამ გუნდს შარშან შინ და გარეთ მოვუგეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუგარეთი ხელწამოსაკრავი გუნდია. მეტოქეს შინაც და სტუმრადაც იმიტომ მოვუგეთ, რომ მატჩებზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები გავედით. ევროპის ჩემპიონატზეც ისევე მობილიზებით უნდა ვითამაშოთ.
უკრაინის ნაკრების ლიდერ სერგეი ლიშჩუკს ამ შემოდგომით ევროლიგაზე ორჯერ ვეთამაშე. იგი ესპანეთის "ვალენსიას" ღირსებას იცავს. უკრაინაც კარგი გუნდია და მისი ძლევა იოლი რომ არ იქნება შარშან თბილისის საერთაშორისო ტურნირზეც გამოჩნდა. სპორტის სასახლეში უკრაინელები ბოლო წამებზე სამი ქულით დავამარცხეთ.
წილისყრის შემდეგ კოტე ტუღუშმა მომწერა - ნახე ვინ შეგვხვდაო?! მოკლედ მივწერე: ვნახე და ყველას უნდა მოვუგოთ-მეთქი.
ქრონოლოგიაზე მაინც დავწერ. დილის ვარჯიშზე კალათბურთელებმა ინდივიდუალურად ვივარჯიშეთ. ზოგი ტრენაჟორების დარბაზში მუშაობდა, ზოგი - ბურთით. სახლში დაბრუნებულს მეძინება, მაგრამ დაწოლამდე დღიურს ვწერ... საღამოს ვარჯიშზე, ალბათ, ევროლიგაზე ხუთშაბათის მეტოქე "მაქაბის" გაგვიშიფრავენ.
.
ამიტომ რუსებს უნდა მოვუგოთ:))) და არა მარტო რუსებს...
რთულია....
ეხლავე მადლობა ბიჭებს...
მჯერა წარმატების