12:21 19-12-2015
ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდებული მატჩი NBA-ში - 10 ქულა, 18 მოხსნა [VIDEO]
AutoSharing Option
ამასთან, ზაზამ პირად ანგარიშზე სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი ჩაიწერა და ლიდერთა შორის დაბრუნდა. ფაჩულია კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველ ცენტრს ორი დღის წინ ნიუორლეანელმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა გადაასწრო, თუმცა დღევანდელი ორმაგით ზაზა დევისსს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.
ბოლო მატჩებია "დალასი" და "მემფისი" ცხრილში თანაბრად მიდიან. დღევანდელ მატჩამდეც ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ფაჩულიამ თავი ისახელა და 18 მოხსნით ფარზე საკუთარი დომინირება დაადასტურა.
ზაზას და ტეხასური გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეების მეოხებით, "დალასმა" შეხვედრა 97:88 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილიდან "მემფისი" ჩააჩოჩა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 12-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარქვეშ და აცილებულ ბურთებს იშვიათად თუ ვინმეს ანებებდა. მოპოვებულ 10 ქულას ზაზამ გამორჩეულად ბევრი - 18 მოხსნა მოაყოლა, რაც ამ მატჩში მემფისელთა საუკეთესო ორი მომხსნელის ერთად აღებულ მონაგარზე მეტია.
"გრიზლისში" ყველაზე მეტი მოხსნა მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მოაგროვეს. თითოეულმა 8 ბურთი მოხსნა.
რაკი ფარქვეშ ფაჩულიას სახით საიმედო ბურჯი ჰყავდათ, დალასელებმა მეტოქე პერიმეტრიდან "დაბომბეს" და საბოლოოდ საქმე იოლად მოუთავეს. ქართველ ცენტრს 10 ქულასა და 18 მოხსნასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა. დასალელთა სხვა ლიდერთაგან 20 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩენდლერ პერსონსმა მიითვალა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
15 მოგებითა და 12 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამყარდა. მომდევნო ჯახი კი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 23 დეკემბრის გარიჟრაჟზე, ტორონტოში "რეპტორსთან" ელის. სწორედ ტორონტოში უნდა გაიმართოს 14 თებერვალს ნბა-ს "ოლ სტარი", სადაც თამაშის შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მოხსნის მაჩვენებელი კარგია, თუმცა სროლები ნამდვილად არ უვარგა. საშუალოდ 30-35%-იანი მაჩვენებელი აქვს, რაც არასახარბიელო შედეგია.
0
0
მოდი, დავაზუსტოთ: ენტონი დევისი კვლავ მესამე ადგილზეა 16 ორმაგი დუბლით, ხოლო ზაზა –– მეოთხეზე 15–ით. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ მალე გადაუსწრებს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული