ზაზა ფაჩულია: ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში, პირადი გამოწვევა იყო!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსს" დაუმტკიცა, რომ მისი გრეგ მონროთი ჩანაცვლება დიდი შეცდომა იყო - "დალას მავერიქსმა" ვისკონსინელები 103:93 დაამარცხა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველ ცენტრს აქვს, რომლის სტატისტიკა ასეთი იყო: 36 წუთი, 17 ქულა (12/6 ორქულიანი, 8/5 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 0 შეცდომა.

ფაჩულიას სხვა თვისებებს შორის ერთია გამოსარჩევი - ყოველ მატჩს მაქსიმალური მობილიზებით ხვდება;თუ დამატებითი მოტივაციაც თან ერთვის, მისი შეჩერება რთულია. ზედმეტად მოტივირებული ზაზა თინეიჯერობაში შეცდომებსაც ხშირად უშვებდა, ჯარიმების ლიმიტიც ხშირად ამოუწურავს, თუმცა დღეს იგი საკმარისად
გამოცდილია, რომ ზედმეტი მონდომება ჯარიმებში არ ასახოს.

ამის ნათელი მაგალითი "მილუოკისთან" მატჩი იყო - სულ 2 ფოლი მიიღო და ერთი შეცდომაც არ დაუშვია, არადა, 36 წუთი ითამაშა.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები მილუოკისთან
Sportall.Ge
"მოხსნები ამ შეხვედრაში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო (52:34 "მილუოკის" სასარგებლოდ), თუმცა კომპენსირება შეცდომების სიმცირით მოვახერხეთ, სულ 4-ჯერ დავკარგეთ ბურთი, რაც შეტევაში დიდად დაგვეხმარა", - განაცხადა ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ, რომელიც სულაც არ ნანობს "დალასში" გაშვებას. ეს სანანებლად უფრო მილუოკელებს აქვთ. მით უმეტეს, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ.

მოკლედ, მატჩის დიდ მონაკვეთში ზაზას მონროს მეურვეობა უწევდა (და პირიქით). ჩვენიანის სტატისტიკა უკვე მოგახსენეთ, მონრომ კი 33 წუთში 8 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა (იგი სეზონში საშუალოდ 15.8 ქულას ითვლის). ზაზას წინააღმდეგ გაუჭირდა, თავიდანვე სცადა ქართველზე იერიშის მიტანა, მაგრამ ფაჩულიასთან შეჯახების შემდეგ ორჯერ წაიქცა. მსაჯებმა კი წესების დარღვევა არ დააფიქსირეს. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად ზაზას მხარეს იყო.
ზაზა ფაჩულიას ჩაჭრა და ბურთის შენარჩუნება
Sportall.Ge

მონროს მოედნის საკუთარ ნახევარზეც გაუჭირდა - მატჩის მეშვიდე წუთისთვის "დალასი" 22:12 რომ დაწინაურდა, ზაზას ანგარიშზე 9 ქულა იყო. ამერიკელი კომენტატორი აღფრთოვანებული იყო: ფაჩულია ძალიან სასარგებლოა, დაცვაშიც საიმედოა, შეტევაში კი ფარქვეშიდანაც აგდებს, საჯარიმოს ხაზიდანაც და საშუალო დისტანციიდანაცო...

რა სცენარით გაგრძელდა მატჩი, ზემოთ დაწერილიდან იოლად მიხვდებით. დალასელები გონივრულად უტევდნენ, ბურთს არ კარგავდნენ, სამაგიეროდ, სტუმრები ბოლომდე იბრძოდნენ და ცდილობდნენ, მეტოქე დიდი სხვაობით წინ არ გაეშვათ. მეორე პერიოდში ზაზას ორქულიანით "დალასი" 59:47 დაწინაურდა. ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა შეხვედრაში.

ვინც გასულ სეზონში ფაჩულიას და "მილუოკის" გამოსვლას ადევნებდა თვალს, დაგვერწმუნება, რომ 10 ქულით ჩამორჩენილი "ბაქსი" ისევე სახიფათოა, როგორც დირკ ნოვიცკის საშუალო ტყორცნა. ჰოდა, მეოთხე პერიოდში ზაზას ყოფილმა თანაგუნდელებმა უმთავრესად სწრაფი თამაშით ჩამორჩენის გაბათილება შეძლეს და საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრეს - 89:89.
ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასი
Sportall.Ge

...გასული სეზონიდან ისიც გემახსოვრებათ, გამოცდილ გუნდებთან მილუოკელებს საქმის ბოლომდე მიყვანა რომ უჭირდათ. არც "დალასი" აღმოჩნდა გამონაკლისი - "ბაქსის" კალათბურთელების ემოცია საპასუხო შეტევაში უესლი მეტიუზმა სამქულიანით ჩაახშო, უფრო სწორად, სამქულიანებით. ერთწუთიან მონაკვეთში მან მშვილდი მოჭიმა (სწორედ ამ სცენას დგამს რეალიზებული სამქულიანების შემდეგ), ორი ზუსტად გაისროლა და 95:91 "დალასის" სასარგებლოდ.

გაცილებით ახალგაზრდა "მილუოკი" ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ერთგვარად დაპაუზდა, საპირისპიროდ, ტეხასელებში მკვლელის ინსტინქტმა გაიღვიძა. მეტიუზის, ზემოთ ნახსენები, მეორე სამქულიანის შემდეგ 3:49 წუთი ისე მიილია, "ბაქსმა" მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, ხოლო მასპინძელთა 9:2 გაქცევა ფაჩულიამ ორი ზუსტი საჯარიმოთი დაასრულა.
დალასი-მილუოკი 103:93
Sportall.Ge

მატჩის ბომბარდირი უესლი მეტიუზი გახდა - 22 ქულა ჩააგდო. მან 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა. "მილუოკიდან" კი გამთამაშებელი ჯარედ ბეილესი გამოირჩა - 19 ქულა.

"მავერიქსს" სადღეისოდ 18 მოგება, 13 მარცხი აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. ერთი მოგებით ჩამორჩება "კლიპერსს". 31 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 5:30 საათზე,  "დალასი" მოქმედ ჩემპიონ "გოლდენ სტეიტს" მიიღებს, რომელსაც სეზონში მხოლოდ 1 წაგება აქვს.

იყო ზაზას გაშვება უმადურობა?
გამოცემა ESPN-ის ანალიტიკოსმა ტიმ მაკმაჰონიმ მინი-პუბლიკაცია მიუძღვნა ფაჩულიასა და "მილუოკის" დაპირისპირებას. ავტორს სურდა ქართველისთვის უკმაყოფილების სიტყვები დაეცდენინებინა ვისკონსინელების მისამართით, რომლებიც ზაზას მხოლოდ იმიტომ შეელივნენ, რომ გრეგ მონროსთვის ბიუჯეტი გამოეთავისუფლებინათ.

აი, ქართული თარგმანი:

"ზაზა ფაჩულიამ აღიარა, რომ დიდი სიამოვნება იყო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება, "ბაქსის" ხელმძღვანელობამ ხომ მას გრეგ მონრო ამჯობინა.

- ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რატომ გამიშვეს "მილუოკიდან" "დალასში", ან გამოვიდა თუ არა ეს უმადურად... მთავარია, რომ მოვხვდი კარგ გუნდში, უკეთეს სიტუაციაში.

რაც შეეხება "მილუოკისთან" დაპირისპირებას, ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში, პირადი გამოწვევა იყო".

ჩემი ჯერიც დადგა
"მილუოკისთან" გამარჯვების შემდეგ ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მოგებამ ძალიან გამახარა. "პორტლენდთან" ექსპორტლენდელი უესლი მეტიუზისთვის მოვიგეთ, "ბრუკლინთან" - დერონ უილიამსისთვის; ახლა ჩემი ჯერი იყო - ჩემს ყოფილ გუნდს ვეთამაშებოდით. მადლობა თანაგუნდელებს.

განსაკუთრებით სასიამოვნო ისაა, რომ ზედიზედ მესამე მატჩში გავიმარჯვეთ. წლის ბოლოა და ძალიან მნიშვნელოვანია, 2015 კარგად დავასრულოთ, რათა ყველას დავანახოთ, რომ დალასში კარგი გუნდი თამაშობს და მომავალ წელს მისი იმედი ჰქონდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული