ზაზა ფაჩულიას 17 მოხსნა და საოცარი გამარჯვება "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საოცარი მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას "დალასმა", რომელმაც 2-ოვერტაიმიან თრილერში "საკრამენტო კინგზი" 117:116 დაამარცხა.

გამარჯვების სამქულიანი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო დერონ უილიამსმა, რომელმაც დალასელთა სასწაულებრივი გაქცევა ჯადოსნური სროლით დააგვირგვინა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 48 წამით ადრე დალასელები 94:90 იგებდნენ, თუმცა იტალიელმა მარკო ბელინელიმ 2 სამქულიანი ჩააგდო და სირენამდე 13 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა - 96:96. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე დერონ უილიამსმა მოახერხა გარღვევის შედეგიანად დაგვირგვინება და მასპინძლები 2 ქულით დააწინაურა, თუმცა საფინალო სირენის თანხლებით დემარკუს ქაზენსმა გამათანაბრებელი ჩააგდო.

სწორედ ქაზენსი
უნდა გამხდარიყო მატჩის გმირი, რომელმაც ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ოვერტაიმის შემდეგ აიწყვიტა და მეორე დამატებით 5-წუთეულში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო, რასაც რუდი გეიმ სამქულიანიც მოაყოლა და დასრულებამდე 1,20 წუთით ადრე "საკრამენტო" 116:109 დაწინაურდა. 80 წამში 7 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება სენსაციის ტოლფასი იყო, რაც დალასელებმა მოახერხეს და 2 აქამდელი წაგების შემდეგ ტკბილი გამარჯვება მოიპოვეს.

სასწაულებრივ 80 წამში მატჩის ბომბარდირმა ქაზენსმა 2 სროლა ააცილა, ხოლო დერონ უილიამსმა ორქულიანი, დირკ ნოვიცკიმ კი სამიანი ჩააგდო და სირენამდე 26 წამით ადრე დალასელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირდა. მასპინძლებმა უმჭიდროვესი დაცვის წყალობით საკრამენტოელებს შეტევის უფლება არ მისცეს და ამისთვის გამოყოფილი 24 წამის გასვლის შემდეგ ბურთი "მავერიკსს" გადაეცა.

დალასელებმა 20-წამიან წუთშესვენებაზე მოითათბირეს, მოედანზე გასულებმა კი სპექტაკლი გაითამაშეს. დევინ ჰარისმა პასი უილიამსს მიაწოდა, რომელმაც როგორც თავში ვთქვით, სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, მატჩში უმეტესი (ქაზენსთან ზიარი) 17 მოხსნა და კარიერაში საკუთარი რეკორდის ტოლფასი 5 ჩაჭრა მიითვალა.

ზაზამ 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირმა დერონ უილიამსმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 23 ქულა ჰქონდა დირკ ნოვიცკის, ხოლო ვესლი მეთიუზის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. "საკრამენტოში" 35 ქულა, 17 მოხსნა და 6 ჩაჭრა გაუხუნდა დემარკუს ქაზენსს, ხოლო 31 ქულა - რუდი გეის.

20 მოგებითა და 15 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა "საკრამენტოსთან" ჯადოსნურად მოგებული მატჩიდან უკვე 24 საათში ნიუ ორლეანში - "პელიკანსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა გიჟ........ :)))
fanat
12:56 06-01-2016
0
ზაზა ოლსტარში!!
georgiano
12:32 06-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული