გიორგი შერმადინის დღიური

AutoSharing Option
დღიურის წერა ოთხშაბათს, 26 იანვარს დავიწყე. დღეს 1 თებერვალია. ზუსტად 7 დღეა, რაც ჟურნალისტობა შევითავსე და ამ დროის მანძილზე ძალიან მაინტერესებდა საზოგადოების აზრი ჩემი დღიურის შესახებ. ფორუმებიც გადავათვალიერე და მივხვდი, რომ ხალხი კითხულობს. თუ მკითხველი თვლის, რომ ჩემი მონათხრობი საინტერესოა, ძალიან გამეხარდება. მაგრამ ამავე დროს არ მავიწყდება, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, არ მინდა, წერა ისე გამიგრძელდეს, რომ ვინმეს მოსაწყენად მოეჩვენოს.

ამიტომ, ვფიქრობ, 7 დღე ჩემი სლოვენიური ცხოვრების გასაცნობად საკმარისია და ამით დავამთავროთ. გაზეთ "ლელოს" მადლობას მოვახსენებ, რომ ჩემს
დღიურს ადგილი დაუთმო.


***
საერთოდ, ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქვს. პრესასთან ურთიერთობა კალათბურთის ნაწილია. "ოლიმპიას" საევროლიგო მატჩების შემდეგ უამრავი ჟურნალისტი მოდის, პირველ რიგში კაპიტანსა და მწვრთნელს ესაუბრება.

"ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ მეც არაერთი კითხვა დამისვეს. პრესის წარმომადგენლებსაც ველაპარაკე და ტელეკამერის წინაც: ერთი ჟურნალისტი გოგონა მოვიდა ოპერატორიანად. მითხრა, თუ შეიძლება ჩვენი ტელევიზიისთვის ჩაგწერო.

ვუპასუხე: ტელეჟურნალისტებს არ ველაპარაკები-მეთქი. გაუკვირდა, თუმცა იქვე განვუმარტე - ინგლისურად იმდენად კარგად ვერ ვლაპარაკობ, რომ ტელევიზიით გადასცეთ-მეთქი. არა უშავსო, მითხრა და მეც ვილაპარაკე. გვერდით მეუღლე იდგა და კამერისთვის შეუმჩნევლად მეხმარებოდა. ბოლოს ჟურნალისტს გაუკვირდა: რატომ თვლი რომ ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობ? შესანიშნავი იყოო.

სლოვენიელები ძალიან თბილი ხალხია. ასეთები არიან ჟურნალისტებიც - მორიდებით მოდიან და გვეკითხებიან, თუ შეიძლება ორი სიტყვა გვითხარითო.

"ბარსელონასთან" მატჩამდე ჟურნალისტების ყურადღებით განებივრებული არ ვიყავი. თუმცა სლოვენიაში ჩამოსვლისთანავე, ერთმა ჟურნალისტმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ძალიან გამაკვირვა: ჩემს შესახებ ყველა დეტალი იცოდა - სტატისტიკიდან დაწყებული, ნატახტარის შესახებ ინფორმაციით დამთავრებული...


***
შეიძლება, გაინტერესებთ წილისყრის შემდგომი ამბები, სლოვენიელ თანაგუნდელებთან ამის შესახებ აღარ მილაპარაკია. "ოლიმპიას" კაპიტან გორან იაგოდნიკს ადრე აქვს ნათქვამი, ნაკრებში აღარ ვითამაშებო. სლოვენიელებს იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, იაგოდნიკის არყოფნა არ დაეტყობათ. მე და ბოისამ მეტოქეები არაერთხელ განვიხილეთ. დანარჩენს თამაშები გვიჩვენებს.


***
ორშაბათიდან "მაქაბისთან" საევროლიგო მატჩისთვის ვემზადებით. ერთი სული მაქვს ისრაელში როდის წავალთ, რადგან იქ საინტერესო მეტოქე მელის - სოფოკლის შორციანიტისი. იგი ფიზიკურად იმდენად ძლიერია, რომ პანათინაიკოსელ ნიკოლა პეკოვიჩსაც (ახლა "მინესოტაშია") უჭირდა გამკლავება. პეკოს სხვებიც ეხმარებოდნენ.

შორციანიტისის წინააღმდეგ ერთხელაც არ მითამაშია. დახმარება, ალბათ, მეც დამჭირდება.

ევროლიგის მეორე ეტაპზე ორი მატჩიდან ერთი გვაქვს მოგებული და თელ-ავივში გამარჯვება ძალიან გვჭირდება. ისიც ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველის. "მაქაბიმ" იტალიურ "რომას" დიდი სხვაობით მოუგო. ისრაელში ოთხშაბათს გავფრინდებით.


***
ისე, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება "მაქაბის" წინააღმდეგ თამაში, რადგან ამ გუნდის ყვითელი ფორმა რამდენიმე წელი მეცვა. "მაქაბის" მწვრთნელის, ჯამლეტ ხუხაშვილისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მან ჩემს კალათბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

თბილისის "მაქაბი" აღებულ გეზს არ ღალატობს და მასში ახლაც იზრდებიან ნიჭიერი კალათბურთელები. მაგალითად ძმები რევაზიშვილები, რომლებიც ჯამლეტ ხუხაშვილს მე და ჩემმა ძმამ მივუყვანეთ. გიორგი რევაზიშვილი ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამორჩეული ფიგურაა და ვიმედოვნებ ისიც წარმატებულ კარიერას აიწყობს. ასევე "მაქაბიშია" ტანმაღალი გიორგი ფერიაშვილი.


***
არ ვიცი, მომავალში სად ვითამაშებ, მაგრამ გპირდებით, თუ დაგაინტერესებთ, დღიურს კიდევ დავწერ.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული