მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა სლოვენიელებს დიდი სხვაობით სძლიეს, ვერ ვიტყვით, რომ "მაქაბის" ცენტრებმა, შორციანიტისმა და მილან მაჩვანმა შერმადინს აჯობეს. მათ ერთობლივად 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალეს, ხოლო გიორგი შერმადინმა 25 წუთში - 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება. მასზე მაქაბელები 8-ჯერ დაჯარიმდნენ. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით
გაცილებით "ომახიანად" ვიტყოდით, 25 წუთი და 15 ქულა შერმადინის საევროლიგო რეკორდებიაო, "ოლიმპიას" მატჩი რომ მოეგო. თუმცა რომელ მოგებაზეა ლაპარაკი, როცა "მაქაბიმ" მეორე პერიოდშივე გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.
მწვრთნელმა დევიდ ბლატმა (რუსების ნაკრებსაც წვრთნის) სასტარტო ხუთეულში მძიმე შორციანიტისი გამოიყვანა, მაგრამ მალევე შეცვალა და "მაქაბი" შეტევისას "სინათლის სიჩქარით" ათამაშდა. დაცვისას კი მოედნის მთელს სივრცეზე მიმართავდა პრესინგს, რომლის წინააღმდეგ "ოლიმპიას" მწვრთნელს იარაღი არ აღმოაჩნდა. მე-13 წუთისთვის "მაქაბი" 37:12-ს იგებდა.
მასპინძლები მეორე ტაიმში ტემპსაც კარგად არეგულირებდნენ და სიტუაციასაც. გამარჯვება კი მე-13 წუთის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დამდგარა.
ერთ სასიამოვნო ამბავზეც უნდა გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება: 2005 წლის შემდეგ ვლადიმერ ბოისამ ევროლიგაზე პირველად ითამაშა. მან მოედანზე 1:37 წუთი გაატარა, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში სტატისტიკის შევსება ვერ მოასწრო.
.