ზაზა ფაჩულიამ "რეპტორსთან" მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ატლანტაში ჩასულ "ტორონტო რეპტორსს" დიდი ყინვა დახვდა. მის თვითმფრინავს ლოლოები ჩურჩხელებივით აესხა. ძნელი სათქმელია, "დიდმა რეპტილიებმა" ატლანტური გამყინვარება ვერ გადაიტანეს, თუ სხვა მიზეზი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ "ჰოქსს" აუღელვებელი თამაშით კანადელებისთვის გამარჯვების მცირე შანსიც არ მიუცია. საბოლოოდ 100:87 "ატლანტას" სასარგებლოდ.

ზაზა ფაჩულიამ მორიგი ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა: 17 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა მოაგროვა. ზაზა მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში მოედანზე იყო და "ატლანტას" 11 ქულით დაწინაურებაშიც დიდი წვლილი შეიტანა: სირენამდე 9:22 წუთით ადრე მან ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, ეფექტური ტრიალით ორი
მეტოქე ჩამოიცილა და "ატლანტას" სასარგებლოდ 84:73 დააფიქსირა (ძნელი სათქმელია, ეს მომენტი მატჩის საუკეთესო ეპიზოდთა შორის რატომ არ მოხვდა).

ერთ წუთში ფაჩულია მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა. ათამაშებულ მასპინძლებს "ტორონტო რეპტორსი" კი არა, ნამდვილი დინოზავრები რომ გამოჩენილიყვნენ, ისინიც ვერაფერს დააკლებდნენ. სირენამდე 6 წუთით ადრე ჯო ჯონსონის 5 ქულას მაიკ ბიბიმ სამიანი მიამატა, ჯოშ სმიტმა - ჩატენვა და 10:0 გაქცევის შედეგად "ჰოქსი" 96:78 დაწინაურდა. ეს უკვე მოგებას ნიშნავდა.

ჯორჯიელების გამარჯვებაში მთავარი როლი კაპიტანმა ჯო ჯონსონმა ითამაშა, რომელმაც 37 ქულას (8-დან 5 სამქულიანი) მოუყარა თავი.

მატჩის შემდეგ გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" ყველა ატლანტელია დახასიათებული. ცალკე აბზაცი ეძღვნება ზაზას: "ფაჩულიამ 17 წუთში ორი ორქულიანი ჩააგდო, 6 ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა. მან ბევრი იშრომა და მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა."

ამ მოგებით "ატლანტა ჰოქსი" აღმოსავლეთის კონფერენციაში "ორლანდო მეჯიქს" დაეწია. ორივეს 31-31 მოგება და 18-18 წაგება აქვს. "ატლანტა" და "ორლანდო" ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. მეორე-მესამე პოზიციებსაც ორი გუნდი ამაგრებს: "მაიამი ჰიტსაც" 34 გამარჯვება აქვს (14 მარცხი) და "ჩიკაგო" ბულსსაც".

4 თებერვალს "ატლანტა" ლოს ანჯელესის "კლიპერსს" უმასპინძლებს.


ატლანტა-ტორონტო 100:87
ზაზა ფაჩულია: 16:59 წუთი, 6 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 ფოლი

ქრონოლოგია
I პერიოდი
02:25 ზაზამ სმიტი შეცვალა
02:14 ფოლი: 1
01:43 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
00:03 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
II პერიოდი
10:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
10:16 ფოლი: 2
08:53 ორქულიანი: 2ქ (34:30)
08:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
07:40 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
06:06 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:46 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
01:46 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 75:63)
IV პერიოდი
09:22 ორქულიანი: 6ქ (84:73)
09:22 საჯარიმო: 1/0
08:12 ბიბიმ ზაზა შეცვალა
02:06 ზაზამ ჯონსონი შეცვალა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული