ელისის გასროლა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ნიკა ცქიტიშვილმა "ლაგუნ აროს" მწვრთნელ პაბლო ლასოსთან პრობლემები მოაგვარა, თვითონაც კარგად თამაშობს და გუნდიც. ორმატჩიანი უქმობის შემდეგ ცქიტომ ამდენივე მატჩი ითამაშა და ორივეში 12 ქულა ჩააგდო. ბოლოს ეს ვოვა ბოისას ყოფილ კლუბ "მენორკასთან" საშინაო მატჩში გააკეთა.

ნიკამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 16 წუთი ითამაშა, და 12 ქულას 3 მოხსნა მიამატა. მან თამაშიდან 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა - 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი. ხოლო ოთხი საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია.

სან სებასტიანის "ლაგუნ აროს" მე-17 ადგილზე მყოფი "მენორკას" ძლევა
ცოტა გაუჭირდა: მეორე პერიოდი 21:11 მოიგო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა კუნძულელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, მესამე პერიოდი 20:10 მოიგეს და მეოთხე რაუნდში თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება სან სებასტიანელებმა მოიპოვეს - 77:72.


***
სეზონის პირველ ნახევარში ხშირი იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტაირონ ელისი მოედანს უქულოდ ტოვებდა. იანვრის ბოლოდან კი იგი ბომბარდირულ თვისებებს იბრუნებს. "ესტუდიანტესის" ბოლო მატჩში ელისმა სულაც 25 ქულა ჩააგდო და მადრიდელებს კატალონიაში ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდთან" მოაგებინა - 95:86.

ელისმა ქულათა უხვი რაოდენობა 22 წუთში მოაგროვა (5-დან 2 ორქულიანი, 11-დან 7 სამიანი), რასაც 3 მოხსნა მიამატა. ტაირონს თანაგუნდელი სერხიო სანჩესი დაეხმარა - 16 ქულა, 10 პასი.

...ხოლო, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლეგიონერის, ჰოსლის დამაჯერებელი თამაში "ხუვენტუდს" წარმატებისთვის არ ეყო. ქუინტონმა 32 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.


***
დაგვრჩა კიდევ ერთი ქართველ-ამერიკელი, ტორინ გრინი, რომლის "გრან კანარიამ" მეოთხეადგილოსან "კახა ლაბორალს" 70:68 სძლია.

კანარელებმა პირველი ტაიმი 27:37 წააგეს, თუმცა მესამე პერიოდში თამაში გამოასწორეს და ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ვინ გაიმარჯვა და რა სხვაობით, ზემოთ გითხარით.

ტორინ გრინმა 22 წუთი ითამაშა და მონაგარი მხოლოდ 1 პასით შეივსო (5 სამქულიანი ააცილა).

აქვე გეტყვით, რომ ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" "ალიკანტეს" სტუმრად 77:67 აჯობა. ქართველი ახალგაზრდა განაცხადში არ იყო.


***
გრინისა და ბურჯანაძის გუნდებს 20 მატჩდან 10 აქვთ მოგებული და მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ. ერთით მეტი გამარჯვება აქვს ჰოსლის "ხუვენტუდს", რომელიც საპლეიოფო ზონაშია (მე-8 ადგილზე). "ესტუდიანტესს" 9 მოგება უწერია და მე-12 პოზიციაზეა, ერთით ნაკლები გამარჯვებითა და ამდევივე საფეხურით ქვემოთაა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო".

ესპანეთში უახლოესი მატჩები 10 თებერვალს გაიმართება. სამეფო თასზე "გრან კანარია" და "ხუვენტუდი" იასპარეზებენ. პირველი "რეალს" დაუპირისპირდება, მეორე - "ბარსელონას".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული