თორნიკე შენგელიას სეზონის მატჩი: სამი შვიდიანი და ერთი ჩვიდმეტი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან "ლეუვენთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 24 წუთი ითამაშა, 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-8 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა, რომელთაგან 6 ორიანი და 5 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა.

საყურადღებოა, რომ 7-დან 5 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. კიდევ ერთი შვიდიანი: შენგელიამ მეტოქეებს წესები სწორედ 7-ჯერ დაარღვევინა. თორნიკეს (რომელიც 7-ნომრიან მაისურს ატარებს) პარალელურად კარგად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა სტეფონ ჯექსონმა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. მათი დამაჯერებელი გარჯა
"პეპინსტერის" გამარჯვების საწინდარი გახდა, რომელმაც "ლეუვენს" სტუმრად 83:73 სძლია.

მატჩის შემდეგ თორნიკემ გვითხრა:

- პირველ წრეში "ლეუვენთან" მოგება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მეტოქემ ჩვენსავე მოედანზე დაგვამარცხა. მას მერე "პეპინსტერში" ბევრი რამ შეიცვალა და განმეორებით შეხვედრაში დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა. მეც კარგად ვითამაშე და მთლიანად გუნდმაც.

შეიძლება ზოგმა არ იცის, რა ცვლილებები განხორციელდა "პეპინსტერში" პირველი წრის მერე. მოგახსენებთ: ჩემპიონატის დასაწყისში წარუმატებელი გამოსვლის გამო მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და გუნდის თავკაცად აარონ მაკკარტის დანიშვნის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა: მოგებების რაოდენობამაც იმატა და შენგელიას სათამაშო დრომაც.

სადღეისოდ, "პეპინსტერს" 5 გამარჯვება, 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მერვე პოზიციას პეპინსტერელებმა თავი სწორედ ბოლო ტურში, "ლეუვენის" ძლევით დააღწიეს.





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული