მარკოიშვილი: გადმოვიხედოთ მეორე საფეხურიდან

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს "კანტუ", რომელსაც ტრავმის მოშუშების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილი დაუბრუნდა. კანტუელებმა ბოლო ტურში ევროლიგის წარმომადგენელ "რომას" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 79:74 დაამარცხეს.

მანუჩარმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 17 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა. მან გამოცემა "ბასკეტნეტისგან" 6.5 ბალი დაიმსახურა.

კანტუელთაგან ყველაზე მეტი მაიკ გრინმა ჩააგდო - 18 ქულა, 10 მოხსნა.

ნამატჩევს მარკოიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

- იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს შრომას შედეგი მოაქვს. თუმცა,
გაჩერება არ შეიძება, წინ გრძელი გზაა და ასევე მონდომებით უნდა ვიაროთ. დღეს ტაბუ და მარკონატო გვაკლდნენ, რომლებსაც გუნდში დიდი როლი ეკისრებათ, მაგრამ მათ გარეშეც გავიმარჯვეთ, თუმცა შეცდომები გვქონდა. ახლა იტალიის თასისთვის უნდა მოვემზადოთ, სადაც წარმატებით თამაში ნამდვილად შეგვიძლია.


***
"აველინო"-"ვირტუსის" მატჩის მიმოხილვას გაზეთ "კორიერე დელო სპორტში" ასე ჰქვია: "შევჩიკი, ურაგანი ბოლონიელთათვის". მართლაც, პოლონელი შიმონ შევჩიკის შეჩერება სტუმრებს ძალიან გაუჭირდათ. მან 36 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა.

ვიქტორ სანიკიძემაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 12 მოხსნა. სწორედ ვიქტორს შეეძლო შევჩიკის თამაში გაეფერმკრთალებინა - "აველინო" დაემარცხებინა: სირენამდე 7 წუთით ადრე "აველინოელები", რომელთა სათადარიგოთა სკამზე მერაბ ბოქოლიშვილი იჯდა, 78:70-ს იგებდნენ. წაგების საშიშროება რომ იგრძნო, ვიქტორმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, ჯერ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩატენა, ისევ სამქულიანი მიითვალა და - 80:80. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და ფრედ დასრულდა - 89:89. ოვერტაიმში სანიკიძემ შეტევაშიც მოხსნა, თანაგუნდელებს პასითაც შეეშველა, მორიგი ჩატენვა მიითვალა, მაგრამ "ვირტუსი" მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

ვიქტორის თამაში გაზეთმა "ბასკეტნეტმა" 7 ქულით შეაფასა.


***
"კანტუს" 13 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მეოთხეა "აველინო" (10 გამარჯვება), ხოლო "ვირტუსი" მეექვსე პოზიციაზეა (9-9 მოგება-წაგება).

10 თებერვალს იტალიის თასის გათამაშება დაიწყება. მეოთხედფინალში "კანტუ" "ბიელას" შეხვდება, "ვირტუსი" - "მონტეგრანაროს", ხოლო "აველინო" - "მილანს".








.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული