ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტთან" მხოლოდ 3 წუთი ითამაშა

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის ზაზა ფაჩულიას "დალასს" მორიგ მატჩში დიდი გამომცდელი ჰყავდა. "მავერიკსმა" ლიგის ლიდერსა და ყველაზე სახიფათო გუნდს უმასპინძლა, რომელსაც წინა დალასური შეხვედრა 30 დეკემბერს მოუგო, თუმცა "გოლდენ სტეიტთან" ამჯერად უშანსოდ იყო.

სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა ჯამში 70 ქულა მიითვალეს და ოკლენდელებს დალასში იოლი გამარჯვება მოაპოვებინეს - 130:112. ამ შედეგზე დასაფიქრებელი კი ისაა, რომ ტრავმის მიზეზის გარეშე ქართველი ცენტრი უკვე მესამედ სასტარტო ხუთეულში არ იყო. ფაჩულია სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 3 წუთით გამოჩნდა, რის განმავლობაშიც 2 ქულა და 1 მოხსნა
მიითვალა.

ფაჩულიას სათამაშო დროის შემცირება სავარაუდოდ დევიდ ლის უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც "დალასში" 1 თვის წინ მივიდა. ის სათადარიგოთა სკამიდან შედის მოედანზე და საშუალოდ 25 წუთს თამაშობს. დღევანდელ მატჩში ლიმ 27 წუთი ითამაშა და 16-16 ქულა-მოხსნა მიითვალა. "დალასი" კი აგრძელებს დაბალი ხუთეულით თამაშს, სადაც 1 ცვლილება განხორციელდა: ზაზა ფაჩულიას ნაცვლად იქ გამთამაშებელი, რეიმონდ ფელტონმა ჩაჯდა.

წარუმატებელი მატჩების სერიის შემდეგ დალასელები დასავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე დაეშვნენ და ქვევიდან "იუტაა" ჩასაფრებული, რომელსაც ფაჩულიას გუნდამდე 1 მოგება აშორებს. მოგეხსენებათ, პლეი ოფში თითოეული კონფერენციიდან 8 საუკეთესო გუნდი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დალასელებს იქ მოსახვედრად რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 13 მატჩში დიდი ბრძოლა მოელით. 21 მარტს "მავერიკსი" ერთ-ერთ კონკურენტ "პორტლენდს" მასპინძლობს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული