8 თებერვლის მატჩამდე "ატლანტა ჰოქსმა" ფილადელფიელებს ორჯერ მოუგო და ჯორჯიაში მესამე მატჩისთვის ჩასულ კოლინზს ნამდვილად არ ეგონა, რომ "ჰოქსი" ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. რეალურად ასეც მოხდა: "ფილადელფიამ" 117:83 იმარჯვა.
მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 15:33 წააგეს, ხოლო მეორე თორმეტწუთეულის ბოლოს სტუმართა უპირატესობამ 32 ქულას მიაღწია - 65:33. შესაბამისად მეორე ტაიმმა სიმბოლური სახე მიიღო.
"ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ წაგება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა კალათბურთელებსაც გაჰკრა
- შეიძლება, ბურთი ვერ ჩააგდო, მაგრამ დაუშვებელია მეტოქეს თავისუფლად ტყორცნის საშუალება მისცე. ეს მაშინ, როცა ჩვენთვის თითოეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მწვრთნელმა მეფარე ელ ჰორფორდზეც ილაპარაკა:
- ელმა მატჩის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ფილადელფიასთან" მოედანზე გასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ თამაშის დრო რომ მოახლოვდა, მითხრა, ზურგი ძალიან მაწუხებს და დღეს ვერ დაგეხმარებითო.
ჰორფორდის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულიამ ითამაშა. დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ვერც მან შეძლო სტუმრების შეჩერება. მატჩის შემდეგ ზაზამ აღნიშნა:
- არაფერი გამოგვივიდა. თითქოს, ენერგიაც არ გვქონდა. ჩვენი ტყორცნები მიზანს არ აღწევდა, დაცვამაც ვერ იმუშავა სათანადოდ. მოკლედ, ჩვენი დღე არ იყო.
12 თებერვალს "ატლანტა" სეზონის 53-ე მატჩს ჩაატარებს - "შარლოტ ბობქეთსს" უმასპინძლებს.
ატლანტა-ფილადელფია 83:117
ზაზა ფაჩულია: 11:15 წუთი, 2 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 ფოლი
ქრონოლოგია
I პერიოდი
09:42 ორქულიანი: არაზუსტი
06:30 ორქულიანი: არაზუსტი
06:17 ფოლი: 1
06:17 კროუფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
10:25 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
09:16 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
09:16 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 37:68)
08:13 ფოლი: 2
06:28 კროუფორდმა ზაზა შეცვალა.
.