იურე ჟდოვჩი: ბოისას დაბრუნება დიდი პლუსია

AutoSharing Option
გუშინ ძალიან მოკლედ მოგახსენეთ, როგორ "ოლიმპიამ" სლოვენიის თასი მოიგო. ცოტა უცნაურია, მაგრამ ოლიმპიელებს ყველაზე ძლიერი მეტოქე მეოთახედფინალში შეხვდათ, შედარებით სუსტი - ნახევარფინალში, ხოლო მთლად სუსტი - ფინალში. თავად განსაჯეთ: გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას გუნდმა ფინალში "ჰელიოსი" 92:55 დაამარცხა, ნახევარფინალში "ზლატოროგს" 85:73 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში კრკა-ს დასამარცხებლად სამი ოვერტაიმი დასჭირდა - 122:113. როგორც ჩანს, სლოვენიის თასის წილისყრის წინ გუნდები არ განუთესავთ, ძლიერები ერთ მხარეს მოხვდნენ, სუსტები - მეორეს.

გიორგი შერმადინს მუხლი აწუხებდა და სამივე მატჩი გამაყუჩებლით ითამაშა. კრკა-სთან მოედანზე 8
წუთი გაატარა და 1 ქულა ჩააგდო.

მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ზლატოროგთან" ჩატარებული ნახევარფინალი, რომელშიც 20 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 17 ქულა 10 მოხსნა. საქართველოდან წასვლის შემდეგ მას დიდი ხანი მოუწია ლოდინი პირველ ოფიციალურ ორმაგ დუბლამდე. არაოფიციალურად, იგი "პანათინაიკოსის" მაისურით სერბულ შეკრებაზე რამდენიმეჯერ ასცდა 10 ქულასა და ამდენივე მოხსნას.

თასის მოგების შემდეგ "ოლიმპიას" მწვრთნელმა იურე ჟდოვჩმა სლოვენიურ გაზეთს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საკითხზე ილაპარაკა, თუმცა შერმადინზე კრინტიც არ დაძრა. მწვრთნელმა ერთი აბზაცი ვლადიმერ ბოისას მიუძღვნა:

- გვყავს როგორც ახალგაზრდები, ასევე გამოცდილები. იყო შემთხვევა, როცა თამაშის აწყობა ახალგაზრდებზე ვცადე, მაგრამ "ცედევიტასთან" დიდი სხვაობით დავმარცხდით. თასის მატჩებში მეტ-ნაკლებად კარგად დავტვირთე გამოცდილი ვლადიმერ ბოისა, რომელიც ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს. მისი მოედანზე გამოჩენა "ოლიმპიასთვის" დიდი პლუსია.

ვოვამ კრკა-სთან მეოთხედფინალში 25 წუთი ითამაშა და ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული (2 ქულა ჩააგდო). ბოისას მეორე ქულა მატჩის საფინალო წერტილი აღმოჩნდა - 122:113.

ნახევარფინალში ვოვამ 13 წუთში 4 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი), ხოლო ფინალში 15 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა-პასი. 4-დან 2 პასი ბოისამ შერმადინს მისცა.

- ვოვა მპირდებოდა, როცა მოედანზე გამოვალ, პასებით აუცილებლად მოგამარაგებო. იგი სიტყვას ასრულებს, - ამბობს "ოლიმპიას" ცენტრი გიორგი შერმადინი.

არ უნდა გამოგვრჩეს, თასის აღების შემდეგ შამპანური სწორედ ვლადიმერ ბოისამ გახსნა...

ორშაბათის დადგომასთან ერთად ოლიმპიელებმა "მაქაბისთან" მატჩზე იწყეს ზრუნვა - 17 თებერვალს ევროლიგაზე სწორედ ამ გუნდს უმასპინძლებენ (ცხადია ისრაელის "მაქაბის").

- თელ ავივში 37 ქულის სხვაობით წავაგეთ. ამის მიზეზი კარგად ვიცი. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ 17 თებერვლის მატჩში მოგება შეგვიძლია, რისთვისაც საჭიროა გონივრული და ხისტი კალათბურთის თამაში. დარწმუნებული ვარ, წარმატების მიღწევაში ხმაურიანი დარბაზიც დაგვეხმარება, - განაცხადა იურე ჟდოვჩმა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული