28 ქართული ქულა იტალიაში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში  მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა მორიგი გამარჯვებები იზეიმეს. მათ წარმატებებში ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღვით: ვიქტორმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო მანუჩარმა - 16.

მარკოიშვილის "კანტუ" "ტერამოს" ეწვია. წინასწარ ფავორიტებად სწორედ სტუმრები იყვნენ შერაცხულნი. მათ ეს სტატუსი ბოლომდე გაამართლეს: ტერამოში "ახუტულ-ჩახუტული" ანგარიშით იმარჯვეს - 96:69.

მანუჩარ მარკოიშვილმა ტრავმის მოშუშების შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 19 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა და 2-2 პასი-ჩაჭრა გაიფორმა. მანუმ 9-დან 5 ორქულიანი და 3
-დან 2 სამიანი გამოიყენა.
მასზე მეტი კანტუელთა კაპიტანმა ნიკოლა მაზარინომ ჩააგდო - 26 ქულა.

ვიქტორ სანიკიძეს "პესაროსთან" საშინაო მატჩში 12 ქულის ჩასაგდებად 13 წუთიც ეყო. მარკოიშვილის მსგავსად მანაც შესაშური სიზუსტით ისროლა - 2 სამქულიანიდან და 4 ორიანიდან მხოლოდ თითო ააცილა, რასაც 3 საჯარიმო მიამატა. ვიქტორმა 12 ქულა არ იკმარა, 2 მოხსნა და თითო პასი-დაფარება გაიფორმა. სანიკიძემ ქულათა უმეტესობა პირველ ტაიმში ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი 15 ქულით "ვირტუსის" ფინელი უკანახაზელი პეტრი კოპონენი გახდა. ბოლონიელები რიტმს საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში აკონტროლებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში პესაროელებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს და 2 ქულა დააკლდათ - "ვირტუსმა" 71:70 მოიგო.

"აველინოს" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია მერაბ ბოქოლიშვილს. მისმა გუნდმა რომში "ლოტომატიკასთან" 70:80 წააგო.

"კანტუ" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა - 14 გამარჯვება. მეოთხე-მეხუთე პოზიციებს ინაწილებენ "ვირტუსი" და "აველონო" (10-10 მოგება 9-9 მარცხი). მომდევნო ტურში "კანტუ" პირველადგილოსან "მონტეპასკისთან" სტუმრად ითამაშებს, "აველინო" "მონტეგრანაროს" მიიღებს, ხოლო "ვირტუსი" - "კასერტას". მე-20 ტურის მატჩები 27 თებერვალს გაიმართება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული