შერმადინი: ადრიატიკაზე პირველობისთვის!

AutoSharing Option
ადრიატიკის თასის 21-ე ტურში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: "ოლიმპია"-"ცედევიტას" მატჩის სასტარტო ხუთეულში მასპინძელთა რიგებში ორმა ქართველმა ითამაშა - ვლადიმერ ბოისამ და გიორგი შერმადინმა. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს "ოლიმპიას" ძირითად შემადგენლობაში ასევე ორი ჩვენიანი თამაშობდა - ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი.

ვოვამ "ცედევიტასთან" მატჩში მოედანზე 17 წუთი გაატარა, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა მოხსნები და ქულები წუთებში შეაჯამა: 14 წუთი=6 ქულა+7 მოხსნა. გარდა ამისა, გიორგიმ 1 დაფარებაც ჩაიწერა.

ვოვა ბოისა გასულ სეზონში ხორვატიის ჩემპიონატში თამაშობდა. მაშინ მისი "ზადარი" იოლად
უგებდა "ცედევიტას", თუმცა მიმდინარე სეზონის წინ ცედევიტელთა შემადგენლობა საგრძნობლად გაძლიერდა და ადრიატიკის ლიგის ფინალურ ოთხეულში მოხვედრაზეც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს. სწორედ ამიტომ, "ოლიმპია"-"ცედევიტას" შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: მოგების შემთხვევაში სლოვენიელები ოთხეულში იმყარებდნენ პოზიციებს, ხოლო წაგება მათ კვარტეტს მიღმა გადაისროდა.

ეს კარგად ესმოდა "ოლიმპიას" მთავარ მწვრთნელ იურე ჟდოვჩს და ტრავმირებული (ფეხის კუნთი აწუხებს) შერმადინი მაინც ათამაშა. ოლიმპიელები შეხვედრას კარგად მობილიზებულები შეხვდნენ და თავიდანვე დაეუფლნენ მცირე უპირატესობას, 24-ე წუთისთვის 6:0 გაქცევა მოაწყვეს (2 ქულა ბოისას ანგარიშზე იყო) და 49:33 დაწინაურდნენ. 16-ქულიანმა ფორამ მასპინძლებს თავდაჯერება შემატა, რაც ცედევიტელებმა სათავისოდ გამოიყენეს და სულ რაღაც 5 წუთში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (49:53). თუმცა, სლოვენიელებმა ხორვატებს გამარჯვება რომ არ დაუთმეს, პირველივე აბზაცში დავწერეთ.

ერთ-ერთ სლოვენიურ გაზეთს გიორგი შერმადინმა უთხრა:

- ევროლიგაზე პლეი ოფში ვერ გავედით, თუმცა მომდევნო ორ მატჩშიც არაფერს დავთმობთ. დანარჩენ ორ შეჯიბრებაში პირველობის მოპოვება შეგვიძლია - სლოვენიის ჩემპიონატში და ადრიატიკის ლიგაზე. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო "ცედევიტას" დამარცხება.

დავძენთ, რომ "ოლიმპიამ" ადრიატიკის თასი ბოლოს 2002 წელს ვლადიმერ ბოისასთან ერთად მოიგო.

21 ტურის შემდეგ "ოლიმპიას" 13 მოგება აქვს და ცხრილში მესამე ადგილზეა. ასეთივე შედეგით მეოთხეა ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტი". პლეი ოფის ზონის მიღმაა "ზაგრები" - 12 მოგება (მე-5 ადგილი), "ცედევიტას" ანგარიშზე 11 გამარჯვებაა.

ადრიატიკის თასის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. მომდევნო მატჩში "ბუდუჩოსტი" "ოლიმპიას" მიიღებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული