ნაკრებშიც ასეთი ელისი გვინდა

AutoSharing Option
მადრიდში ქართველთათვის მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა - ერთმანეთის პირისპირ ნიკა ცქიტიშვილისა და ტაირონ ელისის გუნდები წარდგნენ.

შეხვედრა ელისის "ესტუდიანტესმა" წყვილი ანგარიშით მოიგო - 88:81. საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა, ტაირონმა ცქიტიშვილის "ლაგუნ აროს" დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა: 27 წუთში 19 ქულა და თითო მოხსნა-პასი. აქ მთავარი ქულათა სიუხვე კი არა, ელისის სიზუსტე იყო - 5 სამქულიანი ისროლა და ხუთივე მიზანში მოარტყა(!), ასეთივე სიზუსტით ისროლა ორქულიანები (1-დან 1). ელისმა მხოლოდ 2 საჯარიმო ააცილა (4-დან).

- ჩვენი წარმატება სტაბილურობამ განაპირობა. ასეთ დროს კალათბურთელთა
სროლის სიზუსტეც მატულობს და გასაკვირი არ არის თუნდაც მე და კანერ-მედლიმ (23 ქულა) მაღალი პროცენტული სიზუსტით ვისროლეთ, - აღნიშნა ელისმა.

ზემოთ ტაირონი საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელად მოვიხსენიეთ. შეიძლება ეს შეცდომა იყოს, რადგან დიდია ალბათობა, მან ჩვენი ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

ვინმეს ეგებ ალოგიკურად მოეჩვენოს თხრობის დაწყება ნატურალიზებული ამერიკელით მაშინ, როცა მის წინააღმდეგ ქართველმა ნიკა ცქიტიშვილმა ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ ნიკაზე საწერი ბევრი არაფერია - მწვრთნელი მხოლოდ 7 წუთით ენდო და ნიკამაც 2 მოხსნა მიითვალა.


***
საქართველოს ნაკრების უკნახაზელის ტორინ გრინის "გრან კანარიამაც" მადრიდში ითამაშა - "ფუენლაბრადას" ესტუმრა და 11 ქულის სხვაობით წააგო - 81:91. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც "კანარიამ" 7:22 წააგო. ბოლო მეოთხედში კუნძულელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს.

ტორინ გრინმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო 17 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა-პასი მოაგროვა.


***
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის, ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" ვერაფერი გააწყო სტუმრად "მანრესასთან" - 67:99.

ქუინტონმა 22 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.


***
ზემოთ ნახსენები გუნდებიდან სატურნირო ცხრილში ყველაზე ზემოთ "ხუვენტუდია" (11 მოგება 10 წაგება) - მე-9 ადგილი. "გრან კანარია" და "ესტუდიანტესი" მეათე-მეთერთმეტე პოზიციებს ინაწილებენ (10-10 გამარჯვება, 11-11 წაგება). 8 მოგებითა და 13 წაგებით მე-14 ადგილზეა ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო".






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული