"ლეიკერსი" ელიტ-გუნდია, "ატლანტა"?

AutoSharing Option
NBA-ს ვარსკვლავთა მატჩის შემდეგ ერთი კვირა მოგვიწია მოცდა ზაზა ფაჩულიას მორიგ თამაშამდე. არაერთმა ქართველმა გულშემატკივარმა "ლეიკერსი"-"ატლანტას" დაპირისპირება პირდაპირ ეთერშიც იხილა - კომპიუტერს, თუ ტელევიზორს საინტერესო მატჩის ხილვის იმედით მიუჯდა...

მაგრამ რა თანაფარდობა იყო ჯორჯიელთა და კალიფორნიელთა შორის, მასპინძელთა ესპანელი ვარსკვლავის, პაუ გასოლის სიტყვებიდანაც ჩანს:

- "ლეიკერსი" ელიტარული გუნდია. ისევე როგორც დღეს, ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია მოედანზე დომინირება.

თუ გასოლის გუნდი ელიტარული იყო, მაშ, როგორი იყო "ატლანტა ჰოქსი"? რბილად რომ ვთქვათ, იგი საკუთარ თავს არ ჰგავდა. "ჰოქსის" სათამაშო სტილი ასეთია: უკანახაზელები ბურთს
პერიმეტრზე ატრიალებენ, შეტევებს ან სამქულიანით ასრულებენ, ან შორეული ორქულიანით - ფარქვეშიდან შეტევის დაგვირგვინების შემთხვევები შედარებით მცირეა.

"ლეიკერსთან" გასვლით მატჩში სამიანი "ატლანტას" ერთმა უკანახაზელმაც ვერ ჩააგდო - ერთადერთი რეალიზებული სამქულიანი (15 მცდელობიდან) ტყორცნა ფორვარდი მერვინ უილიამსის ანგარიშზე იყო. "ქორებმა" ვერც შორეული ორქულიანები ისროლეს ჩვეული სიზუსტით, რაშიც "დამნაშავე" "ლეიკერსის" კალათბურთელები და პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელი ფილ ჯექსონი იყო, რომელსაც კარგად ჰყავს შესწავლილი "ატლანტა". პერიმეტრის გადაკეტვით "ქორებს" ფრთები შეეკვეცათ და მეტოქის "დასაკორტნად" სხვა იარაღი არ აღმოაჩნდათ.

არადა, ნებისმიერი მწვრთნელი, მაშინ, როცა მისი გუნდის უკანახაზელებს თამაში არ მისდით, ტაქტიკას ცვლის: ერთი ვარიანტი თამაშის ფარქვეშ გადატანაა, საამისოდ "ატლანტას" რესურსი ნამდვილად აქვს - ელ ჰორფორდი, ჯიშ სმიტი, მერვინ უილიამსი, ჯეისონ კოლინზი და ზაზა ფაჩულია. საწყის სამ პერიოდში (როცა მატჩის ბედი წყდებოდა) მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა, ჰორფორდი, უილიამსი და სმიტი სამქულიანი რკალის გასწვრივ დარბოდნენ, ხოლო კოლინზი შეტევაში აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა.

მოკლედ, ფარქვეშეთი "ლეიკერსისა" იყო და ლოგიკურია, რომ "ატლანტას" მოხსნებში დიდი უპირატესობით აჯობა - 54:32.

სხვა რა გზა გვაქვს, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ლოს ანჯელესური ფიასკოს შემდეგ "ჰოქსის" მწვრთნელი წინა ხაზსაც მიაქცევს ყურადღებას და ფაჩულიასაც მეტად დატვირთავს. ფაქტია, "ატლანტაში" პლეი ოფებამდე რაღაცაა შესაცვლელი. ზაფხულში მწვრთნელის პოსტიდან მაიკ ვუდსონი იმიტომ გადააყენეს, რომ გუნდმა პლეი ოფის მეორე რაუნდი ვერ გაიარა.


ლეიკერსი-ატლანტა 104:80
ზაზა ფაჩულია: 12:51 წუთი, 5 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
03:17 ზაზამ სმიტი შეცვალა
02:18 შეცდომა: 1
00:44 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 13:26)
II პერიოდი
11:29 ორქულიანი: არაზუსტი
11:14 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
09:42 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
07:16 ზაზამ კროუფორდი შეცვალა
05:54 საჯარიმოები: 2/1 (2ქ, 91:66)
05:04 ორქულიანი: არაზუსტი
03:19 ფოლი: 1
03:03 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 74:98)
02:01 ფოლი: 2
01:40 საჯარიმოები: 2/1 (5ქ, 77:102)
01:17 მოხსნა: შეტ-0, დაც-2.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული