ქართული გვარით აჭრელებული იტალიური პრესა

AutoSharing Option
კვირას იტალიის ჩემპიონატში ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა და 14 მოხსნა (30 წუთში). მისმა "ვირტუსმა" "კასერტა" 69:61 დაამარცხა.
ამ მოგებით ბოლონიელები მეოთხე ადგილზე ავიდნენ და მეორედან მესამეზე ჩამოსულ "კანტუს" დაუმეზობლდნენ. თავის მხრივ, კანტუელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს "მონტეპასკის" მაგრამ სიენაში 63:73 დამარცხდნენ. კანტუელმა მანუჩარ მარკოიშვილმა 26 წუთში 5 ქულა მოაგროვა.

ყოველთვის ვცდილობთ ზომიერება შევინარჩუნოთ და კომპლიმენტები ზედმეტად არ გამოვიყენოთ. დღეს სანიკიძის მიმართ არაერთი ეპითეტი უნდა დავწეროთ, ოღონდ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, იტალიურიდანაა ნათარგმნი. ისღა დაგვრჩენია, თავი ჩავღუნოთ და სიამოვნებით
მოვისმინოთ კავკასიის მთების შვილის იტალიური დახასიათება.

"კორიერე დელო სპორტი" - სანიკიძე, ურაგანი კასერტასთვის
"საუკეთესო: ორმაგი დუბლის ავტორი სანიკიძე (14 მოხსნა მისთვის სეზონის რეკორდი იყო) მატჩის საკვანძო ფიგურა გახლდათ. მან მუხლისა და იდაყვის ტრავმები მოიშუშა და შესანიშნავად ათამაშდა. მეორე წრეში ქართველი საშუალოდ 13.4 ქულას აგროვებს, ბოლო 6 მატჩში 57 მოხსნა აქვს და დიდი წვლილი მიუძღვის "ვირტუსის" 6-მატჩიან საშინაო მოგებათა სერიაში.

"კასერტასთან" მატჩში იგი თავსზემოთ ახტებოდა ყველას, მეტოქეებს თუ თანაგუნდელებს...

- მწვრთნელმა, ლარდო ლინომ გვითხრა: თუ დაცვაში მტკიცედ დავდგებით და შეტევაშიც ნორმალურად ვითამაშებთ, "კასერტას" ძლევა შეიძლებაო. მოხარული ვარ, რომ ასეც მოხდა, - ასეთია სანიკიძის მატჩისშემდგომი კომენტარი."

"ოლრაუნდი" - Black V
ვიდრე "ოლრაუნდში" გამოქვეყნებული პუბლიკაციის მოკლე ვარიანტს გადმოვაქართულებდეთ, განვმარტავთ: "ვირტუსი" შინ თეთრი ფორმით თამაშობს, სტუმრად - შავით (Black). ალბათ, ფორმის ფერის გამო მოუძებნა "ოლრაუნდის" ჟურნალისტმა ვიქტორს საინტერესო მეტსახელი: Black V.

"კასერტელები პირველივე წუთებიდან 2:15 ჩამორჩნენ, რაც Black V-ის, ვიქტორ სანიკიძის აქტიურობის ბრალი იყო. იგი დომინირებდა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში (8 მოხსნა მეტოქის ფარზე).

გადამწყვეტი მომენტი: სანიკიძის ზედიზედ სამი შეტევითი მოხსნის შემდეგ მატჩის ბედი "ვირტუსის" მხარეს შებრუნდა.

მატჩის MVP: ვიქტორ სანიკიძე. მისი ენერგია, მონდომება და ათლეტიზმი ქელავდა ყველას, ვინც გზად გადაეღობებოდა.

ლარდო ლინო ("ვირტუსის" მწვრთნელი):
- თავი კარგად დავიცავით - მეტოქემ 61 ქულა ჩააგდო. ძალიან დაგვეხმარა სანიკიძე, რომლის მომავალი მისივე ხელთაა. ნამდვილად შეუძლია უმაღლესი კლასის კალათბურთელად ჩამოყალიბდეს. მას საოცარი ენერგია აქვს, თუმცა რამდენიმე კომპონენტზე ინდივიდუალურად კიდევ უნდა იმუშაოს."

"ინტერნო" - გარნეტივით
"მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელიც კევინ გარნეტივით მოძრაობდა "კასერტას" ფარქვეშ, მეურვე ჯონსს მოედნის ერთ სანტიმეტრსაც არ უთმობდა, არაერთხელ გადაახტა."

"ტუტობასკეტი" - სანიკიძე: ასე უნდა განვაგრძოთ

"ვირტუსმა" გამარჯვებას შავ-თეთრი ქართველის, ვიქტორ სანიკიძის წყალობით მიაღწია. იგი მეტოქეებს უილიამსსა და ჯონსს სჯობნიდა, დაკარგული ბურთისთვის ენერგიულად იბრძოდა, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ქართველმა "კასერტასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

- მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ "კასერტა" ძლიერი გუნდია. ის ხომ ევროთასის პლეი ოფში გავიდა და მეორე - სწორედ ასეთი კლუბის ძლევამ თავდაჯერება შეგვმატა. დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ სეზონში წარმატებით გამოსვლა შეგვიძლია.

ვიქტორმა თასის მეოთხედფინალში წაგებაც გაიხსენა:

"აველინოსთან" მარცხის შემდეგ დავინახეთ, რომ იმაზე მეტი უნდა ვიშრომოთ, ვიდრე აქამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშინაო მოგებები. სეზონის ბოლომდე ასე უნდა განვაგრძოთ."

"ტელესანტერნო" - ამერიკელი
"ვიქტორ სანიკიძემ "ამერიკულად" ითამაშა. თუ მას ტრავმები ხელს არ შეუშლის, შეუძლია "ვირტუსს" იტალიის ჩემპიონატის ფინალშიც შეუძღვეს.

...სანიკიძე დაფრინავდა, ბურთებს საკუთარ ფარზეც იოლად ხსნიდა და მეტოქისაზეც. მატჩის მსვლელობისას მან გულშემატკივრებისგან არაერთი ოვაცია დაიმსახურა."






.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მიხარია ვიკას წარმატებები. გთხოვთ ვიდეო დადოთ თუ არსებობს რა
sport
11:20 01-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული