[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე

AutoSharing Option
NBA-ს მატჩების ყურება ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოედანზე ქართველი დგას. ხოლო, თუ იგი საჩემპიონო გუნდშია, სტეფ კარის, კევინ დურანტისა და დრეიმონდ გრინის გვერდით, ასეთი თამაშის გაცდენა ნამდვილად არ შეიძლება.

ზაზა ფაჩულიამ NBA "ორლანდოს" მაისურით გაიცნო, NBA-მ ზაზა - "ატლანტას" მაისურით, მთელ ამერიკას ახსოვს 2008 წლის პლეი ოფში "ატლანტასა" და "ბოსტონის" დაპირისპირება, რომელშიც ზაზა კევინ გარნეტს შეეჭიდა. "მილუოკიში" ქართველი ცენტრი 2013 წელს გადავიდა და სულ სხვა კუთხით წარმოჩნდა - ყველაზე ასაკოვანი, გამოცდილი
იყო და შეტევაში თუ დაცვაში მასზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. 2015-16 წლების სეზონში ფაჩულია რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მასზე ასაკოვანი არაერთი კალათბურთელი იყო "დალასში" და თავადაც ამბობს, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. სწორედ მაშინ დაიწერა - ქართველ ცენტრს იმდენად კარგი სეზონი აქვს, მომავალ წელს გაცილებით მაღალი დონის გუნდი მიიწვევსო.

ვარაუდი გამართლდა - ზაზა საჩემპიონოდ შემართულმა "გოლდენ სტეიტმა" მიიწვია და ჩვენიანმაც დასტური უთხრა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, რამდენად კარგად მოახერხებდა იგი ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდთან შეწყობას. ვისაც ოკლენდელთა თამაშები აქვს ნანახი, დაგვეთანხმება, რომ ზაზამ უკვე მოახერხა ახალ გუნდში დამკვიდრება. მართალია, იგი კარის დარად 30 ქულამდე ვერ ადის, მაგრამ კალათბურთი მხოლოდ ქულები არ არის, კარის სხვა ფუნქცია აქვს, ზაზას - სხვა, დურანტს სხვა და გრინს კიდევ სხვა...

საინტერესოა, თავად კალათბურთელი როგორ უყურებს ახალ გუნდს და საკუთარ ფუნქციას ვარსკვლავეთში.

- კარიერის იმ ეტაპზე ვარ, ნამდვილად არ ვუყურებ საკუთარ სტატისტიკას. 15 ქულით მატჩის დასრულებაც სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის მთავარია, "გოლდენ სტეიტს" სარგებელი მოვუტანო. მწვრთნელთანაც ვსაუბრობ ტაქტიკურ საკითხებზე, გუნდის წარმატება უამრავ დეტალზეა დამოკიდებული, შავი სამუშაოს შესრულებაზე, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მოხსნაზე, პასზე...

- იყო ასეთი შემთხვევა: დურანტი ფარქვეშ შემოვიდა, მაგრამ თავისუფალ პოზიციაში მყოფს პასი არ მოგცა, თავად გადაწყვიტა სროლა და იმდენად მაღალი დონის ვარსკვლავია, იოლად ჩააგდო...
- მართლაც მაღალი დონის პარტნიორები მყავს, მეტოქეებს მათზე დიდი ყურადღება გადააქვთ, მეც ხშირად ვრჩები თავისუფალი. მთავარია სწორი კალათბურთის თამაში და გუნდის გამარჯვება. როდესაც მაღალ მიზნებს ისახავ, რამდენად ძლიერი მსროლელებიც უნდა გყავდეს, სწორი კალათბურთის გარეშე, პირველობისთვის ბრძოლა გაგიჭირდება.

"გოლდენ სტეიტი" წლეულსაც მშვენიერი გუნდია, აქ თამაში ერთი სიამოვნებაა. სასიამოვნოა ისიც, რომ ჩანს ჩემპიონობის პერსპექტივა. მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- მაჯის ტრავმის გამო მესამე მატჩი გამოტოვე, მკურნალობის პროცესი როგორ მიდის?
- ყველა ტრავმას შესაბამისი მიხედვა სჭირდება. მაჯა რომ ვიტკინე, თავიდან სერიოზული არ მეგონა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მკურნალობა სჭირდება. ოპერაცია არ უნდა, მაგრამ მკურნალობა აუცილებელია. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი მოწესრიგდება და მწყობრში ჩავდგები.

- არადა, ბოლო დროს "გოლდენ სტეიტმა" თამაში ააწყო და მატჩების უმეტესობას მესამე პერიოდში იგებდა.
- ჩვეულებრივი ამბავია - ნებისმიერ გუნდს სჭირდება დრო ფორმაში შესასვლელად და შესათამაშებლად. "გოლდენ სტეიტმაც" ვერ დაიწყო სეზონი ისე, როგორც საჭირო იყო, თუმცა შემდეგ მართლაც კარგად ავთამაშდით. ფავორიტებთან თუ აუტსაიდერებთან ერთნაირად, მაღალ დონეზე ვთამაშობდით.

ვიდრე ტრავმას მივიღებდი, კარგი მატჩი გამოგვივიდა დასავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ "კლიპერსთან", დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. შემდეგ იყო "იუტასთან" მატჩი, რომლის პირველი ტაიმი მართლაც მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ასეთ გუნდში თამაში ნამდვილად სასიამოვნოა.

- "გოლდენ სტეიტში" სუპერვარსკვლავები არიან შეკრებილნი. მოედნის მიღმა როგორები არიან კარი, დრანტი, ტომპსონი...
- შემიძლია ვთქვა, გამიმართლა, ასეთ მეგობრულ გუნდში რომ მოვხვდი. თითოეულ კალათბურთელს კარგად ესმის, რომ მაღალ შედეგებზე ფიქრი გუნდური თამაშის გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას და, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებით ბოლო მატჩებში იგრძნობა გუნდურობა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს, "გოლდენ სტეიტი" ხომ პასების რაოდენობით NBA-ს რეკორდებს ეთამაშება.

ყველას ესმის, რომ დიდი ნიჭის მქონე სუპერვარსკვლავია, მაგრამ ამის გამო ცხვირაწეული ნამდვილად არავინ დადის. ერთია მხოლოდ - კარის, დურანტსა და სხვა ვარსკვლავებს სულ სხვა გრაფიკი აქვთ, ყოველი ნაბიჯი გაწერილია...

- "გოლდენ სტეიტიდან" "დალასზე" გადავინაცვლოთ, უფრო სწორად, მის ლეგენდა დირკ ნოვიცკიზე, რომელსაც "ტვიტერით" მოუწოდე ევრობასკეტზე ისრაელში ჩამოსვლისკენ. ეს ამბავი გერმანულ პრესას არ გამოჰპარვია და დიდი ხალისით აიტაცა.
- ნოვიცკის კი მივწერე, შემდეგ ვესაუბრე კიდეც, მაგრამ გერმანიის ნაკრები ევრობასკეტზე, ალბათ მის გარეშე იქნება. მომავალ ზაფხულს დირკი 40 წლისა იქნება და სათამაშოდ არ ჩამოვა. ამასთან, მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა. ბოლო მატჩი 2015 წლის ევრობასკეტზე ითამაშა.

- გერმანიას ნოვიცკის გარეშეც კარგი გუნდი ეყოლება. თუ ატლანტელი დენის შრიოდერი ჩამოვიდა, მით უმეტეს...
- საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. საკმარისი გამოცდილება გვაქვს საიმისოდ, რომ განვსაზღვროთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი და მეტოქეების შესაძლებლობები.

ევრობასკეტზე იოლად დასაძლევი მეტოქე არ არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც ჰოლანდიის ნაკრები, რომელთანაც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებას ვგეგმავდით, გახსნით მატჩში დავმარცხდით. სამაგიეროდ, ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტთან, მასპინძელი ხორვატიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გავიმარჯვეთ.

ასე რომ, ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალური მობილიზება და მონდომებაა საჭირო. ყოველ მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, თუმცა გამარჯვების მიღწევა აუტსაიდერთან თუ ფავორიტთან იოლი არ არის. ყველა მეტოქეს ინდივიდუაურად უნდა მივუდგეთ. ლიტვა იქნება, იტალია, თუ უკრაინა.

- ჯგუფის ყველა მეტოქის შეფასებას არ გთხოვ, მხოლოდ პირველ მეტოქეზე ვისაუბროთ - ლიტვის ნაკრებზე, რომელსაც 31 აგვისტოს ვეთამაშებით.
- ლიტვის ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალში ვეთამაშეთ. ძლიერი გუნდი იყო, საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა გარემოება: მაშინ პლეი ოფის მატჩი იყო, წაგება ევროპის ჩემპიონატის დასრულებას ნიშნავდა. სულ სხვა მონდომებითა და განწყობით ვითამაშეთ.

მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ლიტვასთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გავმართავთ. სხვა ეტაპია და აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ წინ მთელი ევრობასკეტია, მხოლოდ ერთი მატჩის მოგება კი არა, ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით თამაშია საჭირო.

რაც შეეხება ლიტვის ნაკრებს, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება. ისრაელში, სავარაუდოდ, ჩამოვლენ საბონისი და კუზმინსკასი. პირველი წარმატებით თამაშობს "ოკლაჰომაში", ხოლო მეორე "ნიუ იორკში". მათ დავუმატოთ სხვა მაღალი დონის კალათბურთელები და ნამდვილად შეიძლება ლიტვა ევრობასკეტის ფავორიტებს მივაკუთვნოთ. ლიტვის ნაკრების მწვრთნელს ჩვენზე უკეთესი არჩევანი აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიტვასთან შანსი არ გვაქვს. შარშანაც გამოჩნდა, რომ ლიტველები დაუმარცხებლები არ არიან.

- რამდენიმე წელი თურქეთში გაატარე. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში სწორედ თურქეთში განვაგრძობთ პლეი ოფის სტადიას...
- გამოგიტყდებით, მსურდა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთში მოხვედრა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. თურქეთმა პარტნიორად რუსეთი აირჩია. თუმცა თუ სტამბოლში მოხვედრა გვინდა, ჯგუფური ეტაპი უნდა გადავლახოთ. ეს დამატებითი მოტივაციაა ჩემთვის. ძალიან მინდა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ თურქეთში ვითამაშო.

- ზაზა ფაჩულიას აკადემია შარშან შემოდგომით გაიხსნა, მას მერე სწრაფად პროგრესირებს. რა ეტაზეა ამჟამად?
- შარშანდელთან შედარებით პროგრესი აშკარაა. ეს მახარებს. ჩვენს აკადემიაში ნიჭიერი კალათბურთელები შეიკრიბნენ, რასაც მწვრთნელებიც აფასებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი. ყველა NBA-ში ვერ მოხვდება, თუმცა არის კიდევ არაერთი ასპარეზი შესაძლებლობების გამოსავლენად - ევროლიგა, სხვადასხვა საკლუბო ტურნირები, საქართველოს ჩემპიონატი... ჩვენი აკადემიის მთავარი მიზანია, მოზარდებს ხელი შევუწყოთ შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენაში, სწორად განვითარებაში. შემდეგ უკვე მათზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩევენ, რაოდენ მაღლა ავლენ.

- მწვრთნელებიც ახლები გყავთ.
- აკადემიაში გადმოვიდნენ დიმიტრი ჟაკობოვი და ირაკლი მაისურაძე. მათი, ვინც მანამდე მიშაობდნენ, კმაყოფილები ვართ. თუ ბავშვები წარმატებას მიაღწევენ, პირველ რიგში მათი, მშობლებისა და მწვრთნელების დამსახურება იქნება. მთავარია, რომ ბავშვებს აქვთ სათანადო ხელშეწყობა, თუმცა, მთავარია, ინდივიდუალობაც გამოავლინონ.

18-წლამდელთა ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში სიცხიანმა ითამაშა ნიკოლოზ კალატოზიშვილმა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა. მას თამაშის შემდეგაც ვესაუბრე. ნიკაა მაგალითი იმისა, რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის. მან გამოავლინა ხასიათი, რის გამოც ქართველ კალათბურთელებს აფასებენ.

ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ სხვადასხვა გარემოებაზე - ჩვენთვის მთავარია გამარჯვებისთვის თავდადება, ყველაფრის გაღება საიმისოდ, რომ ჩვენს გუნდს დავეხმაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზას და მთელ საქართველოს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ.

ზაზას გამოჯამრთელებას ვუსურვებ.

იმდენად მომენატრა მისი თამაში, კარის და ლებრომის თამაშიც არ მაინტერესებს

ზაზა ჩვენი სიამაყეა.
ჯონი
17:57 17-12-2016
0
როდის იქნება ეგ მალე მერე ხვალ ზეგ თუ კვირის მერე
svan
16:12 17-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული