ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ

AutoSharing Option
ფოტოზე: 2011 წელი. არმიელი რიჩარდსონის ეფექტური ჩატენვა ლეიდენთან
აწმყო
14-წლიანი შესვენების შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, "დინამო" ევროსარბიელს უბრუნდება. ბოლოს დინამოელებმა 2002-03 წლებში ითამაშეს ევროპის თასზე და მეოთხედფინალშიც გავიდნენ. მას მერე ქართული კალათბურთის ყოფილმა ფლაგმანმა პოზიციები დათმო და მხოლოდ ბოლო წლებში დაიბრუნა, ჯერ ჩემპიონი გახდა, შემდეგ ფინალი ითამაშა, წლეულს კიდევ ერთხელ მოიპოვა ჩემპიონობა და თამამი განაცხადიც გააკეთა - საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე. თუ საკვალიფიკაციო ეტაპის ბარიერს ვერ დაძლევს, ევროპის თასზე ჯგუფში იასპარეზებს.

ასე რომ, ქართველ გულშემატკივარს მინიმუმ ოთხი ევრომატჩის ხილვა გარანტირებული აქვს.

2017-18 სეზონში ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით გავა. მათ შორის მოხვედრას ეცდება "დინამოც", რომელიც შეჯიბრებაში პირველი საკვალიფიკაციოდან ერთვება.

მასთან ერთად ამ ეტაპზე ითამაშებენ: "კაპფენბერგი" (ავსტრია), "ანტვერპენი" (ბელგია), "სარაევო" (ბოსნია), "მინსკი" (ბელარუსი), "კერავნოსი" (კვიპროსი), "ხუვენტუდი" (ესპანეთი), "კალევი" (ესტონეთი), "ლუდვიგსბურგი" (გერმანია), "პრიშტინა" (კოსოვო), "ვიტაუტასი" (ლიტვა), "სოკოლი" (მაკედონია), "გრონინგენი" (ჰოლანდია), "ბენფიკა" (პორტუგალია), "სარატოვი" (რუსეთი), "ლულეა" (შვედეთი).

ამ გუნდებიდან ერთ-ერთი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" "დაეჭიდება". რომელი იქნება, ამას 11 ივლისის წილისყრა გაარკვევს.

2017-ს 2012 რომ გამოვაკლოთ, რამდენი იქნება? - 5. სწორედ ხუთი წელია, ევროსარბიელზე ერთი ქართული გუნდიც არ გასულა, სრულ ევროწყვდიადში ვიყავით. რატომ? იმიტომ, რომ სათანადო ფული არ გამოინახა. ევროთასებზე გუნდის გაყვანას სათანადო ბაზა, კარგი ადგილობრივი კალათბურთელები და 4-5 ლეგიონერი სჭირდება. საამისოდ კი ვერც ერთი ქართული კლუბი პოულობდა თანხას.

არადა, რამდენიმე წლის წინანდელი "ტარტუ როკის" მაგალითი წინ გვაქვს - 1.5-მილიონიანი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი შეიძლება ისეთი გუნდის შერჩევა, ევროჩელენჯზე ფინალურ ოთხეულში რომ მოხვდება. ამას სწორი გათვლები სჭირდება... ქართული კლუბებისგან ოთხეულს არავინ ითხოვს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაც საოცნებოდ გაგვხდომია.

სწორედ ამიტომ დაწერა ფორუმში ერთ-ერთმა ლატვიელმა ქომაგმა 2012 წელს: აინარს ბაგაცკისს საქართველოში წასვლას, ეთიოპიაში გამგზავრება ერჩივნაო...

რეალობას რომ შევხედოთ, ევროპელებისთვის საქართველოსა და ეთიოპიის საკლუბო კალათბურთს შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს - არც ერთს იცნობენ და არც მეორეს, არც ეთიოპიური კლუბები გამოდიან ევროსარბიელზე და არც ქართული.

ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე სოლიდურ კალათბურთს უჩვენებს. ზაზა ფაჩულიასაც არაერთხელ უთქვამს: ქართულ კლუბებს მიხედვა სჭირდებათ, სწორედ იქ უნდა გაიზარდონ ის კალათბურთელები, რომლებიც ახლო მომავალში ნაკრებში ჩვენ გვერდსა დადგებიან, შემდეგ შეგვცვლიანო.

უფულო, შესაბამისად, უსტიმულო ჩემპიონატში კი სათანადო პროგრესი წარმოუდგენელია. ნიჭიერი ახალგაზრდა გამოცდილი ლეგიონერების გვერდით ევროტურნირებზე თამაშით ათმაგად მეტს ისწავლის და ნაკრებსაც უფრო გამოადგებაო.

წარსული
არადა, იყო დრო, ევროპას ვაზანზარებდით. საკლუბო ევროპას...

ყველაზე გამორჩეული კი 1961-62 წლები იყო, როცა თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა თასი ფინალში თვით მადრიდის "რეალს" აართვა.

დინამოელებს 1959-60 წლებშიც შეეძლოთ ამავე თასის დაუფლება, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში რიგელებთან დამარცხდნენ. 1968-69 წლების სეზონში ზურაბ საკანდელიძის წინამძღოლობით თბილისელებს მეორე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ საპორტას თასზე ჩეხეთის "პრაღასთან" ფინალში 6 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

მას მერე ჩვენებს ევროსარბიელზე ღირებული წარმატებისთვის აღარ მიუღწევიათ. თუმცა იყო გამონათებები, ისეთი, როგორიც "ვითა"-"კიორმენდის" მატჩში...

ბოლოს ქართველებმა ჯგუფური ეტაპი 2002-03 წლების სეზონში გადალახეს - თბილისის "დინამომ" (ლევან მოსეშვილი წვრთნიდა) ჯგუფში აზერბაიჯანის "ნტდ-დევონს" აჯობა და იუჟნის "ხიმიკთან" ერთად მეოთხედფინალში გავიდა, სადაც უკრაინულ "აზოვმაშთან" დამარცხდა.

თანამედროვე "დინამოს" მაშინდელი გუნდის კაპიტანი ირაკლი ხოშტარია წვრთნის, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი პრეზიდენტობს და შემადგენლობაშიც არიან ეროვნული გუნდის წევრები.

ლეგიონერებს რაც შეეხება, ვახტანგ ნაცვლიშვილი საინტერესო კანდიდატების შესარჩევად ამერიკაში, საზაფხულო კემპზე აპირებს გამგზავრებას.

საერთო სტატისტიკა
ა. გუნდი მონ. ტიტ. თ მ ფ წ ჩაგ. მიღ სხ.
1 დინამო, თბილისი 9 1 40 21 0 19 3227 3176 51
2 არმია, თბილისი 2 0 12 3 0 9 855 971 -116
3 ვითა, თბილისი 3 0 14 2 0 12 1043 1229 -186
4 კაქტუსი, თბილისი 1 0 2 1 0 1 170 178 -8
5 აზოტი/ენერჯი, რუსთავი 5 0 10 1 0 9 773 946 -173
6 სოხუმი 1 0 2 1 0 1 157 175 -18
7 შევარდენი, თბილისი 1 0 2 0 0 2 130 219 -89
8 მერანი, თბილისი 2 0 4 0 0 4 295 405 -110
9 მაქაბი, თბილისი 3 0 6 0 0 6 466 662 -196

შენიშვნა: ა - ადგილი, მონ - მონაწილეობა, ტიტ - ტიტული, თ - თამაში, მ - მოგება, ფ - ფრე, წ - წაგება, ჩაგ - ჩაგდებული, მიღ - მიღებული, სხ - სხვაობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ გვერდსამც დადგებიანო? :)))
odala
15:42 08-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული