...20 წლის შემდეგ

AutoSharing Option
4 ივნისს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 20 წელი შეუსრულდა. ოცწლიან იუბილესთან დაკავშირებით ფედერაციას ვესტუმრეთ და მის ისტორია-დღევანდელობას გავეცანით. პირველი ნაბიჯები კარგად ახსოვს როლანდ ხომერიკს, რომელიც ამ ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზდენტი იყო:

- კალათბურთის ფედერაციის პირველი არჩევნები 1991 წლის 4 ივნისს გაიმართა. მაშინ სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში სპორტული თამაშების სამმართველოს უფროსი ვიყავი. ახალარჩეულმა მინისტრმა კახი ასათიანმა მითხრა: სპორტის ყველა სახეობაში დამოუკიდებელი ფედერაციები უნდა ჩამოყალიბდეს. ძირითადი სამუშაო მათ უნდა წარმათონ, მთავრობა კი დაეხმარებათო.

...და არჩევნებიც ჩატარდა. როლანდ ხომერიკი განაგრძობს:

- კახი ასათიანთან საუბრის შემდეგ
ყველა საორგანიზაციო საკითხი პირადად მოვაგვარე და 4 ივნისს დამფუძნებელ კრებაზე, რომელსაც 98 დელეგატი ესწრებოდა, ჩამოვაყალიბეთ საქართველოს კალათბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია. პრეზიდენტად ავირჩიეთ ალეკო ჩხეიძე, ვიცე პრეზიდენტად მე დამასახელეს, გენერალურ მდივნად აკაკი მეგრელაძე. ასევე ავირჩიეთ პრეზიდიუმი.

მას მერე ფედერაციას ოთხი ხელმძღვანელი ჰყავდა: ალეკო ჩხეიძე (1991-95 წლებში), ავთანდილ საყვარელიძე (1995-97), გოგი ქათამაძე (1997-2001), ხოლო 2001 წლიდან ქართულ კალათბურთს ბესიკ ლიპარტელიანი ხელმძღვანელობს.

- ფედერაციის დაარსებიდან 20 წელი გავიდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღია. გავიხსენოთ 90-იანი წლები და იოლი წარმოსადგენი იქნება, ფედერაციის ხელმძღვანელობას რაოდენ რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა. სწორედ ამიტომაა მათი შრომა დასაფასებელი, - გვითხრა კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

ფიბა-ში 1992 წლის 10 ივლისს გავწევრიანდით, თუმცა ნაკრების შექმნამ ცოტა დააგვიანა...

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავარი ამოცანა საქართველოს სახელის საერთაშორისო არენაზე გატანა იყო, მაგრამ სხვადასხვა პრობლემების გამო ნაკრების შექმნა 1994 წლამდე ვერ მოხერხდა. ეროვნული გუნდის მწვრთნელებს ბესიკ ლიპარტელიანსა და ნოდარ ქორქიას ჯამლეტ ხუხაშვილმა (გუნდის უფროსი იყო) ერთი ოთახი სპორტის სასახლეში გამოუყო. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 1995 წელს ჩაერთო, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ვითამაშეთ, სამეულში მოვხვდით და შესარჩევი ტურნირის საგზური მოვიპოვეთ, - იხსენებს როლანდ ხომერიკი.

სხვათა შორის, ინგლისში იყო ერთი საინტერესო ეპიზოდი, რამაც ქართველები ძალიან ააღელვა.

როლანდ ხომერიკი:
- ტურნირის ბოლო დღეს ლუქსემბურგის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა. წინა ღამით გოგი ავალიშვილმა დამირეკა, ჩვენს მატჩზე დანიელი მსაჯი დანუნიშნავთო. არადა, საქართველოს ნაკრების წაგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე სწორედ დანია გავიდოდა. მეორე დილას ნოდარ ქორქიასთან ერთად შეჯიბრების მთავარ მსაჯთან მივედით და ვუთხარით: დანიელი არბიტრის პატიოსნებაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ჩვენს ბიჭებს რა ვუთხრათ, მათ ხომ შეიძლება ყოველ სასტვენზე მძაფრი რეაქცია ჰქონდეთო... მთავარმა მსაჯმა ჯერ მტკიცე უარი გვითხრა, მაგრამ ორი საათი ველაპარაკეთ, არ მოვეშვით და საბოლოოდ დავითანხმეთ.

იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე გასამგზავრებელი ფული "კაპიკობით" გროვდებოდა, ზოგჯერ კალათბურთელებს წინა დღესაც არ სცოდნიათ, წავიდოდნენ თუ არა შეჯიბრებაზე. შეკრებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

საბედნიეროდ, 2004 წლიდან სიტუაცია შეიცვალა და განახლებულ ნაკრებს პირობებსაც შესაფერისს უქმნიან. სადღეისოდ ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატს გაასწრო - კლუბებში მდგომარეობა ბოლო სეზონიდან გაუმჯობესდა, თორემ მანამდე მატერიალური თვალსაზრისით მეტად არასახარბიელო მდგომარეობა იყო. სიტყვა "მანამდეში" 2000-იანი წლები ვიგულისხმეთ, თორემ 90-იანებში...

- ინდივიდუალური სპონსორების წყალობით კლუბები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ცხოვრობდნენ. თავად განსაჯეთ: პირველ ჩემპიონატში 11 გუნდი მონაწილეობდა, იყო 12 და 13 გუნდიანი პირველობებიც. ხოლო, ზოგჯერ ჩვენი ქვეყნიდან ევროტურნირებზე ერთბაშად 4 გუნდი გადიოდა, - დასძენს როლანდ ხომერიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული