როგორც ყველაზე გამორჩეულ არბიტრს, კუპატაძეს ფინალური მატჩის მსაჯობის პატივი ერგო, რომელსაც მან თავი კარგად გაართვა. ევროპირველობის პერიპეტიებზე უნგრეთიდან დაბრუნებული მაკა კუპატაძე თავად გვესაუბრება.
- სულ რამდენი მატჩი იმსაჯე ფინალურ ეტაპზე?
- 9 მატჩი. სწორედ ასე მომიწია, რადგან ყოველი შეხვედრის შემდეგ 1-2 დღე აუცილებლად უნდა დაგვესვენა.
- რამდენადაც ვიცი, 9-ავე მატჩში მთავარი მსაჯი იყავი...
- დიახ, ყველა შეხვედრაში ასეთი
- აქამდე რამდენ ჩემპიონატზე გიმსაჯია?
- 6 წელია, რაც საერთაშორისო არბიტრი ვარ და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა კონტინენტის 15 ასაკობრივ პირველობაზე ვიმსაჯე.
- ფინალურ მატჩს რომ იმსაჯებდი, ეს როდის შეიტყვე?
- წინა დღეს. გადაწყვეტილება ინსტრუქტორებმა და კომისრებმა მიიღეს. ფინალში დანიშვნას ყველა მსაჯი ელის. ეს არის იმ სამუშაოს შეჯამება, რომელიც ჩემპიონატის განმავლობაში გასწიე. თუკი ფინალზე დაგნიშნავენ, გაღიარებენ, რომ საუკეთესოდ მსაჯობდი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ფინალზე მთავარ მსაჯად რომ დამნიშნეს. აქამდეც მიმსაჯია ფინალში, მაგრამ დამხმარე ვიყავი.
- ფინალში შენი დამხმარეებიც გოგონები იყვნენ...
- ასე იყო და ესეც პირველად მოხდა. აქამდე ფინალში სამივე ქალი მსაჯი არასდროს ყოფილა. ორგანიზატორები თავიდან ცოტა ორჭოფობდნენ და ამბობდნენ, ვრისკავთო, მაგრამ ფინალის შემდეგ ყველა კმაყოფილი იყო. სამივემ უმაღლეს დონეზე ვიმსაჯეთ, ისე, რომ საყვედური არავისგან დაგვიმსახურებია. სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მომავალში ალბათ დაინერგება, რომ მატჩებს მთლიანად ქალთა ბრიგადა მოემსახუროსო. ისე კი, აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მთლიანობაში 24 მსაჯი იყო, საიდანაც 18 მამაკაცი გახლდათ.
- როგორია ფიბა-ს მსაჯის რეჟიმი ტურნირის განმავლობაში?
- დილის საუზმის შემდეგ ერთსაათიანი თათბირი გვაქვს, სადაც წინა დღეს გამართული მატჩების განხილვა ეწყობა. ინსტრუქტორები ამონტაჟებენ კლიპებს, სადაც საკამათო ეპიზოდები და შეცდომებია თავმოყრილი. გვაძლევენ ინსტრუქციებს, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით.
- შეცდომების შემთხვევაში მსაჯს სჯიან?
- უნდა აღვნიშნო, რომ სერიოზული შეცდომები, რომლებმაც მატჩზე გავლენა იქონია, არ მომხდარა. შეხვედრებზე, ძირითადად, რეკომენდაციებს აძლევენ მსაჯებს. თუ, დავუშვათ და, ვინმეს აშკარა შეცდომა მოუვიდა, იხილავენ ეპიზოდს და არბიტრს გამომწვევ მიზეზებზე მიუთითებენ. ეს ხდება პრევენციის მიზნით, რომ ანალოგიურ სიტუაციაში მსაჯს შეცდომა აღარ გაეპაროს.
- რომელი მატჩი იყო პირადად შენთვის ყველაზე პრინციპული?
- მეოთხედფინალი, რომელშიც რუსეთი ჩეხეთს შეხვდა. აქამდე რუსეთის მატჩებს არ მამსაჯებდნენ. ითვალისწინებდნენ პოლიტიკურ მომენტს და რუსების მატჩებს მარიდებდნენ. ახლა კი რატომღაც დამნიშნეს და შინაგანად ვღელავდი. არ მინდოდა, რამე საბაბი მიმეცა რუსებისთვის და არ ეთქვათ, მსაჯი ქართველი იყო და უსამართლოდ მოგვექცაო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მატჩის შემდეგ თავად რუსებმაც მადლობა მითხრეს სამართლიანი მსაჯობისთვის.
- ევროპელ მსაჯებში, ალბათ, რეპუტაცია გვარიანად აგიმაღლდა...
- მთავარია, ფიბა-ს სამსაჯო კომიტეტმა დამაფასა, ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. კოლეგებთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, რომლებმაც ახალი ზედმეტსახელი შემარქვეს: "კამიკაძე". ეს უფრო ჩემი გვარის გამო შემარქვეს, თორემ მოედანზე თავის მოკვლა ნამდვილად არ მიცდია.
- უნგრეთში მსაჯთა კორპუსი მხოლოდ კალათბურთით იყავით დაკავებული?
- ყველა ტურნირზეა ექსკურსია მსაჯებისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს გვათვალიერებინებენ. ამჯერად უნგრეთის ღვინის ცნობილი სარდაფები მოვიარეთ, სადაც 2 საუკუნის ღვინო ინახება. საშუალება მოგვეცა, გაგვესინჯა ეს უნიკალური სასმელი. უნგრეთი სხვა მხრივაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა.
- მომდევნო ევრომატჩები როდის გელის?
- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ბოსნიაში მივყვები და B დივიზიონის მატჩებს ვიმსაჯებ, რის შემდეგაც ევროტურნირების დაწყებამდე დასვენება მექნება.
gbf.ge