საერთაშორისო სტუდენტური ლიგა: ჯერ ვეტერანები, მერე სტუდენტები

AutoSharing Option
მართალია, წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირები ქართული გუნდის გარეშე ჩაივლის, მაგრამ დანაკლისს სტუ შეავსებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი დღეიდან საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში (რომლის პარტნიორი საქართველოს მხრიდან "კალათბურთელთა კავშირია") ჩაებმება.

ტექნიკოსების შემადგენლობას რომ გაეცნობით, ნამდვილად გაგიჩნდებათ სპორტის სასახლეში მისვლისა და ქომაგობის სურვილი, თუნდაც არ იცოდეთ, რომ ჩვენი მეტოქე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

მოკლედ, საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის გახსნის მატჩი 18:30 საათზე დაიწყება, მანამდე არანაკლებ საინტერესო ღონისძიებაა - ვეტერან კალათბურთელთა ამხანაგური შეხვედრა. მოედანზე ერთმანეთის წინაშე წარდგებიან ქართველთა და პოსტსაბჭოთა ნაკრებები.

- სიმბოლურია, რომ საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური
ლიგის გახსნა გაიმართება ძველ და მუდამ ახალგაზრდა ქალაქ თბილისში.

საქართველო ხომ მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაა. გვახსოვს არაერთი გვარი, რომლებმაც ნათელი კვალი დატოვეს კალათბურთის ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ლიგაში ქართული გუნდის ჩართვა ჩემპიონატს დამატებით ხიბლს, ემოციას შესძენს, - განაცხადა საკალათბურთო ლიგის პრეზიდენტმა ანდრეი პერეგუდოვმა.

ვეტერანები
ჩვენი დღევანდელი სტუმრები საქართველოში 14 ოქტომბერს, შუადღისას ჩამოვიდნენ. ზოგი ვეტერანი თბილისში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არაერთხელაა ნამყოფი, ზოგი საბჭოეთის დაშლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა. ერთნიც და მეორენიც თბილად იხსენებდნენ ძველ ამბებს და საკალათბურთო პერიპეტიებს.

მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, კონკრეტულად ვინ იასპარეზებს ვეტერანთა გუნდებში როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს.

საქართველო: ნიკოლოზ დერიუგინი, მალხაზ კოხრეიძე, მედეა მხეიძე, დავით ღლონტი, ნოდარ ქორქია, ზურაბ გრძელიძე, დავით თორთლაძე, ვაკო ბეჟანიშვილი, თამაზ ჩიხლაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ლევან ქარაბაკი, ზურაბ სანიკიძე, ლიკა ქაჯაია, რამაზ გოგობერიშვილი, სერგო იშხნელი.

სტუმრები: სერგეი ტარაკანოვი, კრისტაპს მიგლინიექსი, ივან ედეშკო, დმიტრი დომანი, ვლადიმირ ჟიგილი, ჰეინო ენდენი, ტიიტ სოკი, სტანისლავ ერიომინი, ვიქტორ კრავჩენკო, ვიტალი ნოსოვი, ალექსანდრ გონჩაროვი, მარუსიჩი, ანდრეი პერეგუდოვი.

ივან ედეშკო თბილისში სტუმრობას ასე იხსენებს:

- ვთამაშობდით იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ დარბაზში, რომელიც 10 ათას მაყურებელს იტევდა. ათასობით გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა თბილისის "დინამოს". მოედანზე უკომპრომისო ბრძოლა მიმდინარეობდა, მის მიღმა კი მეგობრები ვიყავით. განსაკუთრებით, ნაკრების წევრებთან ვახლობლობდი.

სტუდენტები
14 ოქტომბერს სპორტის სასახლეში ორივე გუნდმა ივარჯიშა. 18 საათზე მოედანზე გამოვიდნენ ქართველი სტუდენტები, 20:30-ზე - მოსკოველები.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ დერიუგინმა აღნიშნა:

- დიდი ხანია მწვრთნელად ვმუშაობ, თუმცა აქამდე პატარებს ვავარჯიშებდი. სიმართლე გითხრათ, ცოტას ვნერვიულობ, თუმცა მჯერა, რომ ჩემი გუნდი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. სტუდენტური ლიგის თამაშები ახალგაზრდა კალათბურთელებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

15 ოქტომბრის მატჩისთვის 12-კაციანი შემადგენლობა მეორე მწვრთნელმა, ლევან ტყეშელაშვილმა გამოაცხადა...

სტუ: ლევან გრძელიძე, ნოდარ გოგოძე, ბექა ღუდუშაური, ზვიად ანთაძე, რეზო დიდია, რიჩარდ მათიაშვილი, ავთო ლომინაშვილი, გიორგი ცირეკიძე, საბა ლობჟანიძე, თემურ ფხაკაძე, ირაკლი ალხანაიძე, დავით დეკანოიძე.

აქვე მეტოქის შემადგენლობასაც გაგაცნობთ: ფიოდორ მარკინი, ალექსეი დოროდნოვი, იგორ არემენკო, რაფაელ ხაჩოიანი, პაველ ნოვიკოვი, სტეფან გორბანი, რომან სტრეკინი, არტიომ ვასილენკო, ალექსეი დემენტიევი, დავიდ არუთინიანი, დენის ვოლკოვსკი, პაველ კურიშკინი, დიმიტრი დობრინინი, ივან მასლენიკოვი, ალექსანდრ ლუნევი.

დავინტერესდით, როდის შეიკრიბა სტუ და როგორაა მზად პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის. ნიკოლოზ დერიუგინის ასისტენტმა ლევან ტყეშელაშვილმა გვითხრა:

- სტუდენტების ძირითადი ბირთვი 2 სექტემბრიდან ერთად ვარჯიშობს. მათ ნელ-ნელა სხვა კალათბურთელებიც შეუერთდნენ და დღეს უკვე სრული საბრძოლო შემადგენლობით ვართ. გუნდი ნორმალურ კონდიციებშია და ვიმედოვნებ, მოსკოვის უნივერსიტეტთან მატჩში ეს გამოჩნდება კიდეც.

ლევან ტყეშელაშვილმა დაამატა, რომ მეტოქის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვს.
შარშანდელი შედეგების მიხედვით, გუნდი ფავორიტთა შორის არ ყოფილა, პლეი ოფში ვერ გავიდა. თუმცა მას მერე შემადგენლობა ცოტა შეიცვალა და არ არის გამორიცხული, ძლიერი ახალწვეულები გამოჩენილიყვნენო.

ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ 206 სმ სიმაღლის ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს, რომელსაც დუდუ დადიანის მემორიალზე მსაჯის შეურაცხყოფისთვის ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სუპერლიგის პირველ წრეს მთლიანად გამოტოვებს.

- დისკვალიფიკაცია მეკუთვნოდა. ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ არსად მინახავს, მსაჯს კალათბურთელისთვის ბურთი ესროლოს. ამის უფლება არა აქვს. მიმაჩნია, რომ ათი მატჩით დასჯა არ მეკუთვნოდა, მაგრამ ალბათ, ეს იმიტომ მოხდა, რომ "ოლიმპის" წევრი ვარ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.

საინტერესოა რიჩარდ მათიაშვილის მოსაზრება სტუდენტური გუნდის შესახებ.

- კარგი შემადგენლობაა შეკრებილი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც შედარებით გამოცდილები დავეხმარებით შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. ეს კი შედეგზე უნდა აისახოს.

მეტოქის შესახებ მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გვაქვს. ვეცდებით, გახსნის მატჩში დასახულ მიზანს მივაღწიოთ. თბილისში ვთამაშობთ და საშინაო შეხვედრებიდან მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან გთხოვთ ზერელედ ნუ მოიპოვებთ ინფორმაციას,ლიგის პარტნიორი,კალათბურთელთა კავშირთან ერთად საქართველოს საუნივერსიტეტო ფედერაციაც არის,ცუდი არ იქნებოდა ,უფრო ამომწურავად იცოდეთ და ასე ზერელე სტატიებს არ წერდეთ
Lexo
16 ოქტომბერი 2013 01:25
0
206 ზე მეტი როა მათიაშვილი
saba
15 ოქტომბერი 2013 13:40
0
206 ზე რო მეტია მათიაშვილი
saba
15 ოქტომბერი 2013 13:39
0
206 კი არა 202 დაგეცწერათ ბარემ ზუსტი ინფორმაციის წერაც კი არ შეგიძლიათ
saba
15 ოქტომბერი 2013 13:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული