ევრობასკეტის საჩემპიონო თასი და თილისმა თბილისის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ

AutoSharing Option
17 ივლისს საქართველოს პირველად ევროპის ჩემპიონის თასი ესტუმრა.

თასთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა ფიბას საორგანიზაციო ჯგუფი, რომელთან ერთადაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს ევრობასკეტის თასის თბილისური ტური. აღნიშნული ტურის ფარგლებში, თასი 17 ივლისს გამოიფინა დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებში (მეტეხი, აბანოთუბანი, მშვიდობის ხიდი, გმირთა მოედანი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია...), ქართული სპორტისა და ხელოვნების მუზეუმებში.

18 ივლისს კი თასი "თბილისი მოლში" გამოიფინება, სადაც 3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ტარდება და მისი ნახვის შესაძლებლობა "თბილისი მოლში" ყველა გულშემატკივარს ექნება.

ევროპის საჩემპიონო
თასი გარდამავალია. იგი 23 სანტიმეტრი სიმაღლისაა, იწონის 18 კილოგრამს და შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია და გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს, მათ შორის: აქატი, ამეთვისტო, ყვითელი კვარციტი, გრანიტი, მალაქიტი. მისი ავტორია ცნობილი გერმანელი ოქრომჭედელი გიუნტერ შიობელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან აღნიშნული თასისთვის ბრძოლას ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები დაიწყებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ჩვენი ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხორვატიაში ითამაშებს საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი):
"სასიხარულო მოვლენაა, რომ ევრობასკეტის თასი თბილისშია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის ყველაზე დიდი საკალათბურთო ზეიმის მონაწილეა. შევეცდებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მუშაობით და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მომავალმა თაობებმაც გააგრძელონ ეს გზა და იმედია, მომავალში ეს თასი არა სიმბოლურად, არამედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯილდოს სახით ჩამოვა ჩვენთან და საპატიო ადგილსაც დაიმკვიდრებს".

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი):
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობასკეტის საჩემპიონო თასის ერთ-ერთი გაჩერება დღეს თბილისია. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ეს თასი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ჩვენთან ადგილს. რაც შეეხება წლევანდელ ევრობასკეტს, ჩვენი ნაკრები ამ წელს საუკეთესო შემადგენლობითაა წარმოდგენილი და დიდი იმედები გვაქვს, რომ მივაღწევთ ისეთ წარმატებებს, როგორისთვისაც ჯერ ჩვენს ნაკრებს არ მიუღწევია. ამისთვის ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. ჩვენ ყველა მაქსიმალურად დავეხმარებით, რომ ამ მიზანს მიაღწიონ.

ამ თასის ჩამოსვლას მეორე დატვირთვაც აქვს - ეს ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციას. ხვალ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა - საქართველოს 3X3 ჩემპიონატის ფინალი და ევრობასკეტის თასის გამოფენა "თბილისი მოლში". გახსნას ეროვნული ნაკრების წევრებიც დაესწრებიან.

მინდა გულშემატკივარს მოვუწოდო, მობრძანდნენ "თბილისი მოლში", იხილონ ევროპის საჩემპიონო თასი და დაესწრონ საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს 3X3 კალათბურთში.

Sportall.Ge

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული