ზაზა ფაჩულია გაზეთ "ლელოს" ვერსიით 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია!

AutoSharing Option
საქართველოში სპორტული გამოკითხვები 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მას მერე პირველად სწორედ 2015 წელს დასახელდა საუკეთესო სპორტსმენად კალათბურთელი. ეს გახლავთ ზაზა ფაჩულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "დალას მავერიქსის" მოთამაშე 2015 წლის ნომერ პირველ სპორტსმენად გაზეთ "ლელომ" აღიარა.

გაზეთის ჟურნალისტებმა ფარული კენჭისყრა ჩავატარეთ და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ზაზას დარჩა. ბრძოლა ძირითადად სამ კანდიდატს შორის გაჩაღდა: ფაჩულიას, მორაგბე მამუკა გორგოძესა და მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს შორის.

კიდის "მილუოკი"
ფაჩულიამ 2014-15 წლების სეზონი "მილუოკი ბაქსში" გაატარა. სეზონის დასაწყისში გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა - ლარი
დრიუს ნაცვლად ჯეისონ კიდი დაინიშნა.

- კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავს კარგი გამთამაშებელი ცენტრისთვის. ყოველთვის მსურდა, ერთი სეზონი მაინც გამეტარებინა გუნდში, რომელშიც ჯეისონ კიდი თამაშობდა. ის ხომ თავადაც თამაშობდა და თანაგუნდელებსაც ათამაშებდა, პასებსაც არიგებდა და სამმაგ დუბლებსაც ასრულებდა.

ამის შანსი არ მომეცა, თუმცა კიდთან მუშაობა მაინც მომიწია - 2014-15 წლების სეზონის დასაწყისში "მილუოკის" მთავარ მწვრთნელად ის დაინიშნა. კიდი-მწვრთნელი კალათბურთელებისგან აზრიან თამაშს ითხოვს, პასებს... მართალია, მისნაირად პასების განაწილება ძალიან ძნელია, მაგრამ ის ძალიან აფასებს გუნდურ თამაშს. მწვრთნელმა ჩემში დაინახა, რომ ქულებსა და რეკორდებს არ დავდევ, ჩემთვის მთავარი გუნდის მოგებაა. სწორედ ამიტომ ბოლომდე მენდობოდა და მეც ვცდილობდი, ნდობა გამემართლებინა. მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე "მილუოკის" წარმატებაში. სეზონის დასაწყისში ხომ ვერავინ იფიქრებდა, რომ პლეი ოფში ვითამაშებდით.

ბრუნი "მაიამისთან"
პლეი ოფის გზაზე "მილუოკი ბაქსმა" ერთ-ერთი ყველაზე წონადი გამარჯვება "მაიამისთან" მოიპოვა. გადამწყვეტი მოხსნა და პასი ფაჩულიას ანგარიშზე ჩაიწერა - ბურთი შეტევაში მოხსნა და ვიდრე პირით ხაზზე გადავარდებოდა, ბურთი მიდლტონს პერიმეტრზე გადაუგდო. სამქულიანი და მინიმალური სხვაობით გამარჯვება!

ზაზა ფაჩულიას გამარჯვების პასი მილუოკი-მაიამის მატჩში
Sportall.Ge

- "მაიამისთან" მოგებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, წაგების შემთხვევაში მეექვსე ადგილს ვკარგავდით და შეიძლებოდა პლეი ოფში გასვლასაც დიდი კითხვის ნიშანი დასმოდა. რაც შეეხება ბურთის მოხსნასა და პასს, ამ ეპიზოდში შემთხვევითი არაფერი ყოფილა. მიდლტონი ჭკვიანი კალათბურთელია და მასთან ხშირად ვსაუბრობდი სხვადასხვა საკალათბურთო ნიუანსზე. ერთი თვით ადრე მასთან ერთად გარჩეული მქონდა სიტუაცია, ბურთის მეტოქის ფარზე მოხსნის შემდეგ სად უკეთესი იქნებოდა ბურთის გატანა. პერიმეტრზე არის ადგილები, სადაც პასის შესრულება შედარებით რთულია. მე და მიდლტონი შევთანხმდით, რომ ბურთის მოხსნის შემდეგ იგი სწორედ იქ უნდა მდგარიყო, სადაც "მაიამისთან" მატჩის ბოლო წუთზე დამხვდა. ამან საქმე გამიიოლა - რომ ავხტი და ბურთის გადაწოდება გადავწყვიტე, კრისი სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც მეგულებოდა. მანაც სამქულიანი აუღელვებლად ჩააგდო და მნიშვნელოვანი მატჩი მოგვაგებინა.

პლეი ოფი
"მილუოკიმ" პლეი ოფში "ჩიკაგოსთან" 2:4 დათმო. არადა, შეიძლებოდა სერია სხვაგვარადაც დასრულებულიყო.

- რეგულარულ ეტაპზეც გამოჩნდა, რომ "ჩიკაგო ბულსი" ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო. ნამდვილად არ გვინდოდა მასთან პლეი ოფში შეხვედრა. იყო შანსი, რომ მის ნაცვლად მესამე ადგილი "ტორონტოს" დაეკავებინა, მაგრამ რეგულარულის გადამწყვეტ მატჩში ბოლო წუთებზე წააგო და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენ მესამეს, "ჩიკაგოს" შევხვდით. მართალია, თავიდან 0:3 ჩამოვრჩით, მაგრამ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, სხვაობა 2:3 შევამცირეთ, მაგრამ სერია მაინც ვერ შემოვატრიალეთ.

არადა, თავიდან ერთი, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი ოვერტაიმში წავაგეთ. ის შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ რომ დასრულებულიყო, შეიძლებოდა სერიაში ბევრი რამ სხვაგვარად წარმართულიყო.

ევრობასკეტის სტარტი
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან, სლოვენიასა და საბერძნეთთან წაგებებით გახსნა.

- როგორც გულშემატკივარი, არც ჩვენ მოველოდით ევრობასკეტის ასე ცუდად დაწყებას, თუმცა საქმე ხომ სპორტთან გვაქვს, სადაც ყველაფერი ხდება, წინასწარ დაბევებული ქულები არ არსებობს.

ყველაზე გაუთვალისწინებელი ჩვენი ჰოლანდიასთან წაგება იყო. არც სლოვენია იყო გუნდი უძლეველთა კატეგორიიდან, მაგრამ ჰოლანდიასთან იმედგაცრუების შემდეგ, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად იყო რთული მომდევნო შეხვედრებისთვის გადაწყობა. არც შესაბამისი დრო გვქონდა სულის მოსათქმელად და სიტუაციის გასაანალიზებლად.

ფერიცვალება
ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებელი იყო მეოთხე მატჩში მაკედონიის დამარცხება:

09.09.15. მაკედონია - საქართველო 75:90
Sportall.Ge

- საჭირო იყო სწრაფი რეაბილიტაცია, საამისოდ კი მაკედონიასთან მატჩში კარგი შესაძლებლობა მოგვეცა. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის შეხვედრა - წაგება ევრობასკეტიდან აბარგებას ნიშნავდა, რისი სურვილიც ნამდვილად არ გვქონდა, მთელი ზაფხული თავდაუზოგავად იმიტომ როდი ვიმუშავეთ, რომ ასე უჩუმრად დავმშვიდობებოდით ევროპის ჩემპიონატს. საქართველოს ნაკრებს ახასიათებს განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ძალების მაქსიმალურად მობილიზება, რაც მაკედონიასთან მატჩის წინაც კარგად მოვახერხეთ. პირველი, რაც წინა სამი თამაშის შემდეგ შევცვალეთ, ტაქტიკა იყო - შევეცადეთ დაცვაში ერთიორად აგრესიულად გვეთამაშა. ეს ჩვენთვის უცხო სულაც არ იყო, ჩემს და საერთოდ, ქართულ ხასიათშია თავდადება, მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შევიწროება.

მერვედფინალი
ლიტვასთან მთელი თამაში ვიგებდით, მაგრამ...

13.09.15. ლიტვა - საქართველო 85:81
Sportall.Ge

- ლიტველებთან მატჩის გარკვეულ მონაკვეთში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. თითქოს თავდაჯერებაც შეგვემატა, დავიჯერეთ, რომ ამ გუნდის დამარცხება შეგვეძლო, მაგრამ ჩვენივე შეცდომების გამო მეტოქეს დაწევის საშუალება მივეცით. ლიტვის დონის ნაკრები კი შეცდომებს არავის პატიობს, მით უმეტეს, მერვედფინალში, სადაც წაგება და ჩანთის ჩალაგება ერთია. მათ პლეი ოფში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და სწორედ ამით გვაჯობეს. მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ბევრი ვეცადეთ, თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ... სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა. თუმცა ცხოვრება, წინსვლა გრძელდება, ჩვენი ადგილი ევროპაში უკვე დავიმკვიდრეთ, ჩვენი ხასიათი ყველას დავანახეთ. უცხოელები აღარ გვიყურებენ როგორც აუტსაიდერებს, დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. რაც მთავარია, ღირსეული თამაში!

აკადემია
აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ზაზა ფაჩულიას 50-ქულიანი მმართველობის უფლებით გადასცა დიდუბის მანეჟი.

- მიხარია და თან ვნერვიულობ, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუმცა მთავარია, რომ კარგი საქმეა, ქართველ ბავშვებს ვარჯიშისთვის საუკეთესო პირობები ექნებათ. ჩემი მიზანია, ჩამოყალიბდეს სათანადო სისტემა, რომლის გავლის შემდეგ მოზარდი პროფესიონალად, დისციპლინირებულ კალათბურთელად და განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბდება. სპორტთან ერთად ყურადღებას განათლებასაც მივაქცევთ. ყველა ასაკში შეიქმნება აკადემიის ნაკრებები და ბავშვებს იქ მოხვედრის დამატებითი სტიმული ექნებათ. ხოლო ნაკრებები სხვადასხვა შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

დალასისკენ
ზაზას "მილუოკისთან" კონტრაქტი 2015-16 წლების სეზონის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ 2015 წლის ივლისში იგი მილუოკელებმა "დალასში" გაცვლის შედეგად გაუშვეს.

- თავიდან, ჩემი "დალასში" გადასვლის ამბავი რომ გავიგე, მეწყინა და გამიხარდა კიდეც. მეწყინა ის, რომ მილუოკურ გარემოს უნდა მოვცილებოდი, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში ძალიან შევეჩვიე, იმდენად სასიამოვნო სეზონი გვქონდა, იმდენი რამე ვისწავლე მწვრთნელებისგან, იმდენად კარგად ჩავჯექი გუნდის სქემებში, რომ რთული იყო ყოველივე ამასთან განშორება.

მეორე მხრივ, როცა ვფიქრობდი, სად მივდიოდი, ვის გვერდში მომიწევდა თამაში, სხვა ყველაფერი მავიწყდებოდა.

დალასში
სადღეისოდ ზაზას ანგარიშზე 10.5 ქულა და 10.4 მოხსნაა. ზაზა "ოლ სტარის" კანდიდატია...

- ასეთ გამოცდილ და სახელოვან ბიჭებთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივია. არ უნდა დავივიწყოთ სამწვრთნელო შტაბი, რომელიც "დალასს" NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ჰყავს. ყველა შრომისმოყვარეა და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს.

ასევე, ძალიან მომწონს კლუბის მეპატრონე მარკ კიუბანი. ის ამ გუნდის ყველაზე ერთგული ფანია. ამიტომაც არის, როცა ასეთი გუნდის ნაწილი ხდები, შენი საუკეთესო თვისებების გამოვლენა არც ისე ძნელია. აქ ყველა ერთმანეთს ენდობა და ეხმარება.

"მილუოკის" წინააღმდეგ
29 დეკემბერს ზაზა თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა, 17 ქულა ჩაუგდო და 103:93 დაამარცხა.


- მოგებამ ძალიან გამახარა. "პორტლენდთან" ექსპორტლენდელი უესლი მეტიუზისთვის მოვიგეთ, "ბრუკლინთან" - დერონ უილიამსისთვის. ახლა ჩემი ჯერი იყო - ჩემს ყოფილ გუნდს ვეთამაშებოდით. მადლობა თანაგუნდელებს. განსაკუთრებით სასიამოვნო ისაა, რომ ზედიზედ მესამე მატჩში გავიმარჯვეთ. წლის ბოლოა და ძალიან მნიშვნელოვანია, 2015 კარგად დავასრულოთ, რათა ყველას დავანახოთ, რომ დალასში კარგი გუნდი თამაშობს და მომავალ წელს მისი იმედი ჰქონდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ფაჩულიაც და გორგოძეც ორივე დიდი სპორტსმენები და საამაყო ქართველები არიან მაგრამ ჩემის აზრით წელს საუკეთესო სპორტსმენი ლადო ხინჩაგაშვილია როგორც მსოფლიო ჩემპიონი!
gogia
21:50 03-01-2016
0
ზაზას უდავოდ საუკეთესო სეზონი აქვს და წელს ყოველგვარ წარმატებას და აღიარებას იმსახურებს, ამასთან დიდი ადამიანი, პატრიოტი და ქველმოქმედია. ზაზაც იღებს მათღალ ხელფასს ნბა-ში, მაგრამ ბევრი ჩვენი ვაისპორტსმენი-ფეხბურთელებიდან განსხვავებით არ ფიქრობს "ოღონ არ დავიტრამვო რომ გუნდში პრობლემა არ შემექმნეს და ნაკრებს თავში ქვაც უხლიაო". გინახავთ როდესმე ზაზას თავშეკავებული თამაში?- არასოდეს. გენაცვალე ზაზა კარგი ქართველობისთვის
ლევანი
16:38 03-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული