ამის თაობაზე თბილისის მერიაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია, "ოლიმპის" დამფუძნებელი მამუკა გუგეშაშვილი და სკოლის დირექტორი ანდრო ცინცაძე, აგრეთვე, მწვრთნელები - კოტე მელქაძე და ჯანო კენჭიაშვილი, მერიას კი ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და მერის მოადგილე ლაშა აბაშიძე წარმოადგენდნენ.
"ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყიდება ფულზე და მიხარია, რომ ფეხბურთს ქომაგები მერიაშიც ჰყოლია. ჩვენ მოედნის გადარჩენის ბოლო მცდელობა გვქონდა.
შეხვედრაზე მამუკა გუგეშაშვილმა
მალე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და იქ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, მაგრამ "ოლიმპზე" მთავარი მოედნის შენარჩუნებისა და სკოლის გადარჩენის იმედი გაგვიჩნდა", - ამბობს ფანცულაია.
"ლელოსთან" კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც:
"მსგავსი თემის შესწავლა კიდევ 10 სტადიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს. არქიტექტურულმა საბჭომ ყველა ამ შემთხვევაში უარყოფითი დასკვნა გააკეთა. "ოლიმპის" სანაცვლოდ კი ინვესტორს ალტერნატიულ ტერიტორიას ვთავაზობთ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტადიონების ტერიტორიის ახალ მფლობელებს მისი პროფილის შეცვლის ნებართვა აღარ მისცენ. თითოეულ ასეთ შემთხვევას შესასწავლად საგამოძიებო ორგანოებში ვაგზავნით - რამდენად კანონიერად მოხდა ტერიტორიის გასხვისება თუ მოედნების აღება.
საქმე ისაა, რომ ქვეყნის პოლიტიკა ჯანსაღი მომავლის აღზრდასა და სპორტული მოედნების სიმრავლესაც ითვალისწინებს. სპორტული მოედნების ასეთი კატასტროფული შემცირება კი ამ კუთხით პოლიტიკაზეც აისახება.
მერწმუნეთ, ეს ჩვენთვის უმნიშვნელო ამბავი სულაც არ არის. მომავალი თაობებისა და ქართული ფეხბურთის ბედი ყველას გვადარდებს".
სტადიონებთან დაკავშირებულ ვითარებაზე პოზიცია ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმაც დააფიქსირეს.
გიორგი ნავალოვსკი:
"ყველამ კარგად იცის, რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი. ყველაფერი სწორედ ასეთი კატასტროფული დამოკიდებულების შედეგია.
ჩვენ ისეთ ფუფუნებაში არ ვართ, რომ სტადიონები ვანგრიოთ. ყველაზე მცირე მოედანიც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი თაობები ფეხბურთის თამაშს ეზოდან იწყებენ და რომ იცოდეთ, ზამთრის თუ ზაფხულის არდადეგებზე ნაკრების წევრებიც ასე ვცდილობთ ფორმის შენარჩუნებას".
გოგიტა გოგუა:
"ჩვენი ბავშვობა ეზოდან იწყება, ფეხბურთს კი სტადიონებზე ვსწავლობდით და არა - კორპუსებში. ბოლო წლებში მინიმუმ სამი მოედანი მაინც დაანგრიეს, სადაც ადრე ფეხბურთს ვთამაშობდი. სულ კი უამრავი სტადიონია დაკარგული.
მაგალითად, ძველი 35-ე სკოლა, სადაც ვარჯიში დავიწყე და გავიზარდე. დიდუბეში აღარაა "ნორჩი დინამოს" კომპლექსი და მიკვირს, ამ ყველაფრის შემდეგ ქართული ფეხბურთი კიდევ როგორ არსებობს...
მარტო იმის თქმა, რომ სტადიონის გასხვისების გამო შეწუხებულები არიან, არაფერი გამოვა - ყურები შეიფერთხონ და ისეთი რამ მოიმოქმედონ, სტადიონები რომ გადარჩეს. ცოტა ადგილია, სადაც კორპუსების აშენება შეიძლება"?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"