"სოხუმი" ბელარუსის "მინსკს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
სამწლიანი შესვენების შემდეგ ქართული კლუბები დღეს დაუბრუნდებიან ევროსარბიელს - "სოხუმი" ბელარუსის ჩემპიონ "მინსკს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ქართული გუნდის პრესსამსახურის ცნობით, რადგან ეს "სოხუმისთვის" პირველი საერთაშორისო მატჩია, მასზე დასწრება უფასოა. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ქომაგი დარბაზში უხვად მოვა და "მინსკის" ბარიერის დაძლევაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები ორ მატჩს ატარებენ - შინ და გარეთ. "სოხუმი"-"მინსკის" განმეორებითი შეხვედრა ბელარუსში 11 ოქტომბერს გაიმართება.

ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ითამაშებს ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც უკვე ცნობილია ორი მეტოქე: თურქეთის
"ტურკ ტელეკომი" და გერმანიის "ბონი". მესამე გუნდი, რომელიც G ჯგუფში მოხვდება სადღეისოდ ევროთასის შესარჩევს თამაშობს: თურქეთის "კარშიაკასა" და საფრანგეთის "ლე მანის" წყვილში უპირატესობა ფრანგების მხარესაა, რომლებმაც პირველი მატჩი თურქეთში 80:73 მოიგეს. ვროჩელენჯზე ამ წყვილში დამარცხებული იასპარეზებს.

თუმცა ჩვენთვის გაცილებით საინტერესოა "სოხუმი"-"მინსკის" დაპირისპირება. ბელარუსებზე ცალკე სტატიაში მოგითხრობთ, აქ კი მოგახსენებთ ქართველთა მზადებასა და მის შემადგენლობაზე.

მზადება
მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა შემადგენლობა ლატვიაში შეკრიბა და ხუთი საკონტროლო მატჩი გამართა. "სოხუმელები" ეთამაშნენ როგორც რიგით ლატვიურ გუნდებს, ასევე ევროლიგის წარმომადგენლებს - რუსეთის "უნიქსი" ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს, ხოლო უკრაინის "დნიპრომ" ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თორნიკე შენგელიას "შარლერუასთან" წააგო.

სწორედ "დნიპრომ" აჯობა სოხუმელებს ლიეპაიას საერთაშორისო ტურნირის ფინალში და მეორე ადგილი აკმარა.
გუშინ, "მინსკთან" ოფიციალური შეხვედრის წინ აინარს ბაგაცკისმა ვარჯიში სპორტის სასახლეში 12 საათზე გამართა. მწვრთნელს გუნდის მზადყოფნაზე ვკითხეთ, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა, ყველაფერი ხვალ გამოჩნდებაო.

ბაგაცკისმა შეგირდები ჯერ ტაქტიკურად ავარჯიშა, შემდეგ სროლებში, ბოლოს კალათბურთი ათამაშა. დღეს დილას გუნდი მატჩისწინა მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს.

მოსამზადებელ ეტაპზე გამართული შეხვედრების შედეგებს ამავე გვერდზე გაეცნობით.

ვინ?
ახლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ მათზე, ვისი იმედიც დღევანდელ მატჩში უნდა გვქონდეს. გუნდში ოთხი გამთამაშებლია: ლაშა ფარღალავა, პიერ პირსი, გიორგი გაფრინდაშვილი და ირაკლი ჩლაიძე.

ლაშამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე ითამაშა და სათანადო ფორმით შეუერთდა. მწვრთნელს სწრაფი ფარღალავას გამოყენება შეუძლია როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად.

პუერ პირსი 193 სმ სიმაღლის, 27 წლის გამთამაშებელია, რომელიც 2008-10 წლებში ფრანგულ "ტულონში" გამოდიოდა, შარშანდელი სეზონი ბერძნულ "არისში" დაიწყო და უკრაინულ "აზოვმაშში" დაამთავდა. აზოვისპირელთა შემადგენლობაში 21 წუთში 8.5 ქულასა და 2.6 პასს აგროვებდა.

გიორგი გაფრინდაშვილი გამთამაშებელია, შარშან თსუ-ს ღირსებას იცავდა და მისი დიდი წვლილია, გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი რომ დაიკავა.

შარშანდელ ჩემპიონატში აინარს ბაგაცკისმა ირაკლი ჩლაიძე აღმოაჩინა, სათამაშო დროსაც უხვად აძლევდა. ვნახოთ, ახალგაზრდა ირაკლის ამერიკელების ჩამოსვლის შემდეგ რა დრო ერგება.

"სოხუმის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერის კალათბურთელი ფრენკ რობინსონია (27 წლის), რომელსაც სხვადასხვა დროს "ატლანტასა" და სლოვენიის "ოლიმპიაში" უთამაშია. "სოხუმში" ჰაიფას "მაქაბიდან" გადმოვიდა. ფრენკი ფლანგის მოთამაშეა, ცაციაა და ეფექტური ჩატენვებიც ეხერხება. ამაში გუშინაც დავრწმუნდით.

ასევე მსროლელ-ფორვარდია ლევან ფაცაცია, რომელიც შარშან ამერიკის კოლეჯების ლიგაში ასპარეზობდა. იგი 20 აგვისტომდე საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა.

მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე სოხუმელთა ძირითად შემადგენლობაში ბრენდონ გაი ითამაშებს. იგი ყველაზე გამოცდილია, გუნდური ტიპის ჭკვიანი მოთამაშეა. გასულ სეზონში ბრენდონი შენგელიასთან ერთად ბელგიური "პეპინსტერის" ღირსებას იცავდა.

ფორვარდებში უნდა ვახსენოთ მიხეილ ბერიშვილი. თუმცა მას კოჭი აწუხებს და დღეს გუნდს ვერ დაეხმარება. ასეთივე ტრავმა აქვს უკანახაზელ ირაკლი სორდიას.

გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მარკ სალიარსს. მას ბაგაცკისი მძიმე ფორვარდად ათამაშებს. მარკი ფარქვეშაც კარგად იბრძვის და მეტოქის პერიმეტრიდან შეწუხებაც შეუძლია. შარშან იგი იტალიის ჩემპიონატში "ბიელაში" გამოდიოდა.

ლატვიურ შეკრებაზე "სოხუმს" ახლდა კიდევ ერთი ლეგიონერი, წინახაზელი სტიემსმა, თუმცა იგი ამჟამად გუნდში აღარ არის. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მწვრთნელმა დაიმატა 222 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი, რომელიც გასულ სეზონში "არმიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, თუმცა სერგოს სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა.

კიდევ ერთი წინახაზელი ამერიკიდან ჩამოვიდა, ოღონდ ისიც ქართველია - ვახტანგ ქადარია. იგი აშშ-ს კოლეჯების იუნიორთა ლიგაში ასპარეზობდა.

კომენტარები
რადგან მთავარმა მწვრთნელმა კომენტარისგან თავი შეიკავა, კალათბურთელთა მოსაზრებებს შემოგთავაზებთ.

ლევან ფაცაცია:
- "მინსკთან" მატჩისთვის საბრძოლველად ვართ შემართულნი. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა გვიწევს, რაც დამატებითი სტიმულია. პირველ მატჩს შინ ვატარებთ და გვინდა შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა განმეორებით შეხვედრას უკეთეს სიტუაციაში შევხვდეთ.

ბრენდონ გაი:
- საინტერესო მატჩი გველის. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. დანარჩენს შეხვედრა გვიჩვენებს.

ლაშა ფარღალავა:
- იმედი გვაქვს, ქართველი ქომაგი მოვა და, როგორც სჩვევია, მხარს ისე დაგვიჭერს. მნიშვნელოვანი მატჩია როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის, რადგან ორი მატჩის ჯამში წაგებული ევროსარბიელს ემშვიდობება.



სოხუმის საკონტროლო მატჩები
ლიეპაიას საერთაშორისო ტურნირი
სოხუმი (საქართველო)-დნიპრო (უკრაინა) 88:99
23:27, 17:16, 23:29, 25:27
სოხუმი: ფარღალავა (20 წთ, 15ქ, 3მ, 4პ), რობინსონი (16 წთ, 7ქ), პირსი (22 წთ, 21ქ, 9პ), ბერიშვილი (16 წთ, 4მ), ჩლაიძე (17 წთ, 19ქ, 3მ), გაი (24 წთ, 21ქ, 6მ), ქადარია (5 წთ, 2ქ), ფაცაცია (14 წთ), გაფრინდაშვილი (6 წთ), სალიერსი (21 წთ, 3ქ).

ჯგუფური ეტაპი
სოხუმი (საქართველო)-ლიეპაია (ლატვია) 80:68
20:19, 21:17, 19:16, 20:16
სოხუმი: პირსი (27 წთ, 12ქ, 5მ, 3ჩ), ფარღალავა (30 წთ, 21ქ, 6მ, 3პ, 5ჩ, 2დ), გაი (32 წთ, 10ქ, 5მ), რობინსონი (27 წთ, 8ქ, 3მ, 2პ), ქადარია (5 წთ), მ. ბერიშვილი (12 წთ, 2ქ, 3მ), ჩლაიძე (3 წთ), ფაცაცია (30 წთ, 2ქ, 6მ), გაფრინდაშვილი (6 წთ), სალიერსი (27 წთ, 25ქ, 12მ).

სოხუმი (საქართველო)-სევეროსტალი (რუსეთი) 85:90
20:22, 27:34, 21:19, 17:15
სოხუმი: ფარღალავა (29 წთ, 21ქ, 2პ, 2ჩ), რობინსონი (22 წთ, 11ქ, 4მ), პირსი (27 წთ, 14ქ, 4მ, 4პ, 2ჩ), მ. ბერიშვილი (21 წთ, 4ქ, 4მ), ჩლაიძე (15 წთ, 3ქ), გაი (12 წთ, 3ქ), ფაცაცია (26 წთ, 7ქ, 4მ, 4პ), გაფრინდაშვილი (7 წთ, 3ქ), სტიემსმა (16 წთ, 4ქ, 4მ), სალიერსი (24 წთ, 15ქ, 5მ, 3პ)

ამხანაგური მატჩი
სოხუმი (საქართველო)-უნიქსი (რუსეთი) 81:101
21:17, 25:32, 21:24, 14:28
სოხუმი: რობინსონი (34 წთ, 15ქ, 3მ, 3პ), პირსი (29 წთ, 8ქ, 6მ, 6პ), ჩლაიძე (13 წთ), გაი (28 წთ, 14ქ, 4მ), სორდია (3 წთ, 5ქ), ფაცაცია (29 წთ, 4ქ, 2პ), გაფრინდაშვილი (12 წთ, 1ქ), სტიესმა (23 წთ, 10ქ, 9მ, 2ჩ, 4დ), სალიერსი (29 წთ, 24ქ, 2ჩ).
უნიქსი: სამოილენკო (6ქ), ლიდაი (4ქ), გოლოვინი (8ქ), ზამანსკი (2ქ), პაშუტინი (11ქ), ვერემეენკო (9ქ), სავრასენკო (9ქ), მაკკარტი (6ქ), ჯავაი (20ქ), დომერკანტი (13ქ), უილკინსონი (13ქ).

ამხანაგური მატჩი
სოხუმი (საქართველო)-ტრიუმფი (რუსეთი) 67:83

"სოხუმი"
მოთამაშე პოზიცია სიმ. დაბ.თარ. 2010-11
სერგო ათუაშვილი ცენტრი 220 28.03.1985 არმია
მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 12.04.1987 თსუ
ირაკლი ჩლაიძე უკანახაზელი 198 07.12.1989 სოხუმი
გიორგი გაფრინდაშვილი გამთამაშებელი 188 25.03.1988 თსუ
ბრენდონ გაი ფორვარდი 203 08.08.1982 პეპინსტერი (ბელგია)
ვახტანგ ქადარია ცენტრი 206 20.07.1989 მინერალ არეა (NჟჩAA, აშშ)
ლაშა ფარღალავა უკანახაზელი 190 07.02.1987 სოხუმი
ლევან ფაცაცია მსროლელი 198 24.09.1988 სოხუმი
პიერ პირსი გამთამაშებელი 192 07.06.1983 აზოვმაში (უკრაინა)
ფრენკ რობინსონი მსროლელი 194 01.06.1984 მაქაბი (ჰაიფა, ისრაელი)
მარკ სალიერსი ფორვარდი 204 28.02.1979 ბიელა (იტალია)
ირაკლი სორდია უკანახაზელი 190 20.11.1985 სოხუმი

მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქმის ყველა თამაში წაუგია. მეორეზე როგორ გავიდა. ალბათ 2 გუნდი იყო.
ramo
14:16 04-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული