დუდუ დადიანის მემორიალი: "არმია", "ოლიმპი", "ქუთაისი"

AutoSharing Option
სათაურში სამი გუნდის სახელია. "არმიამ" გასულ სეზონში სუპერლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, "ოლიმპმა" - მეორე, ხოლო "ქუთაისმა" - მესამე.

დუდუ დადიანის მემორიალის გახსნით მატჩებში სამივემ გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011-12 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონატის ტოპ-სამეულმა პოზიციები შეინარჩუნა და ახალ პირველობაზეც წამყვან პოზიციებზე იქნება.

საკითხავი მხოლოდ ისაა, სხვა გუნდები თუ მოახერხებენ მათი ჰეგემონიის დამხობას.

ვინ როგორ ითამაშებს სუპერლიგაში, ამაზე 20 ოქტომბრის შემდეგ ვილაპარაკებთ, ახლა კი დუდუ დადიანის მემორიალზე ვიმსჯელოთ.

12 ოქტომბერი, თბილისი. სპორტის სამინისტროს დარბაზი
B ჯგუფი
ოლიმპი-სტუ 88:54
26:12, 20:18, 20:16,
22:8
ოლიმპი: გულისაბედაშვილი (5ქ), ტომარაძე (13ქ, 5მ), სოკი (14ქ, 5პ), ბერიშვილი (16ქ), მიქელაძე (3ქ, 3პ), თენიეშვილი (8ქ), ფაცაცია (13ქ), ტუტუსი (10ქ, 11მ, 6პ), ლობჟანიძე, ცირეკიძე (2ქ), ა. დვალიშვილი (4ქ, 5მ, 3პ), ჰოგერი (6მ).

სტუ: ჩაჩიბაია (16ქ, 4პ), თევზაძე (4ქ), ჯანაშია (14ქ, 7მ), კვეტენაძე (4ქ), კორკოტაძე (4ქ), ლ. მინაშვილი (2ქ), მაჩალაძე (2ქ, 6მ), პირველაშვილი (2ქ), დ. დვალიშვილი (4ქ), კუჭავა, ძიძიგური (2ქ, 3ჩ), ქორიძე.

მსაჯები: კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ვართანოვი.

B ჯგუფში სამი გუნდია. 12 ოქტომბერს ითამაშეს "ოლიმპმა" და სტუ-მ. ერთი ფავორიტი 13-ში, 11 საათზე ჩაერთვება - შსს სტუ-ს დაუპირისპირდება. ამ ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა კი კვირას, 14 ოქტომბერს გაიმართება - "ოლიმპი" "შსს აკადემიას" "დაეჭიდება". ალბათ, ეს მატჩი გადაწყვეტს ერთი ფინალისტის ვინაობას.

12 ოქტომბერს კი ოლიმპელებმა ტექნიკოსებს დამაჯერებლად სძლიეს - 88:54. სხვაობა დიდია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გუნდების შემადგენლობებზე ლაპარაკისგან თავი შევიკავოთ. დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღე 2012-13 წლების სეზონის გახსნა იყო. ამიტომ ყველასთვის საინტერესოა, გუნდებში რა შეიცვალა.

სერიოზული ცვლილებები განხორციელდა სტუ-ში. გუნდში ერთბაშად ცხრა ახალწვეულია: ჩაჩიბაია, ჯანაშია, კვეტენაძე, კორკოტაძე, მინაშვილი, პირველაშვილი, დვალიშვილი, კუჭავა და ქორიძე. თუ შარშანდელ შემადგენლობას გავიხსენებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლეულს უკეთესი თუ არა, არანაკლები გუნდია. თუმცა, როგორც ნებისმიერ ახალშეკრებილ გუნდს, სტუ-საც შეთამაშება სჭირდება.

რაც შეეხება "ოლიმპს", კლუბის ხელმძღვანელობა სწორ გზას ადგას - შარშანდელი სეზონის შემდეგ ოლიმპელთა რიგებში დარჩნენ ის უცხოელები, რომლებმაც მწვრთნელების იმედები გაამართლეს (ნიკოლა ტუტუსი და ივო ჰოგერი). მათ დაემატა ორი ლეგიონერი სტენ სოკი (ესტონეთი) და ლუკა სიელკოჩა (ჩერნოგორია).

შემადგენლობა შეივსო ახალგაზრდებით, აკაკი დვალიშვილით, კოკა ტომარაძით, ნოდარ თენიეშვილით, ირაკლი მიქელაძეთ. მათ დავუმატოთ შარშანდელი ჩემპიოატის სნაიპერი მიხეილ ბერიშვილი და თამამად შეგვეძლება თქმა, რომ საქმე გვაქვს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან.

დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

A ჯგუფი
არმია-თსუ 98:49
19:19, 22:16, 24:6, 33:8
არმია: გამყრელიძე (7ქ, 4პ), ბაბიაშვილი (7ქ, 5მ), ა. ბოისა (8ქ), ვ. ბოისა (8ქ, 5მ), უგრეხელიძე (4ქ, 3პ), მილეიჯი (22ქ, 3პ, 3ჩ), წივწივაძე (2ქ, 5პ), შელბომი (7ქ, 8მ, 2დ), საყვარელიძე (6ქ, 3პ), შარაბიძე (8ქ, 5მ), ჯგერენაია (9ქ, 9მ), ფარღალავა (10ქ).

თსუ: ბაქრაძე (10ქ, 4პ), ასელაინი (4ქ, 7მ), მჭედლიშვილი, თავამაიშვილი (2ქ), ტეტელაშვილი (3ქ), ხანიაშვილი (2ქ), კობიძე (6ქ), ჩქარეული (13ქ), ხიზანიშვილი (3ქ), ნოზაძე (6ქ).

მსაჯები: მაჩალაძე, ბერეკაშვილი, მიქელაძე.

თუ სხვა გუნდები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ჩემპიონ "არმიას" ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს - ეროვნული პირველობის პარალელურად ევროჩელენჯი უნდა ითამაშოს.

ისევე როგორც შარშან, არმიელების მიზანი მეორე ეტაპზე გასვლაა. თუ გუნდის შემადგენლობას გადავხედავთ, ეს მისია შესრულებადია, თუმცა მთავარია, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ევროთამაშებს სათანადოდ მომზადებული და შეთამაშებული შეხვდეს.

დუდუ დადიანის მემორიალის პირველ ტურში ითამაშა ორმა ლეგიონერმა, შვედმა იოაკიმ შელბომმა და ამერიკელმა კურტის მილეიჯმა. ორს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ფეისონსა და უილსონს, რომლებიც საქართველოში ახალი ჩამოსულები არიან.

ცენტრი შელბომის შესაძლებლობებს შარშანდელი სეზონის შემდეგ კარგად ვიცნობთ, მილეიჯმა კი სადებიუტო შეხვადრაში თვალი მოგვჭრა: 8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 22 ქულის მოსაგროვებლად 17 წუთიც ეყო.

არაერთი ლეგიონერის გვარი ჩამოვთვალეთ, მაგრამ "არმიაში" ყველაზე ღირებული შენაძენი ქართველია - ვლადიმერ ბოისა.

ჩვენი გაზეთის ხუთშაბათის ნომერში ევროლიგაზე ნათამაშები ჩვენი კალათბურთელების მონაგარი გაგაცანით. ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 7 სეზონი სწორედ ბოისას აქვს ჩატარებული.

თავის მხრივ, ვოვასაც სწორედ ისეთი ამბიციური გუნდი სჭირდებოდა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ცდიდა ძალებს, ხოლო თავად გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა.

საკუთარი როლი ექნებათ გუნდში ახალწვეულ უკანახაზელებს ლაშა გამყრელიძეს, ლაშა ფარღალავასა და ბექა წივწივაძეს. 14 წუთში თითქმის ორმაგ დუბლს უწია გიორგი ჯგერენაიამ - 9 ქულა, 9 მოხსნა.

თსუ-ში მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა. ეს ფუჭი სიტყვები რომ არ არის, შეხვედრის პირველ პერიოდშიც დავრწმუნდით. სტუდენტები სწრაფი, გააზრებული თამაშის წყალობით 14:6 დაწინაურდნენ. კარგად გამოიყურებოდა ვახტანგ ჩქარეული, რომელმაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი, 13 ქულა მოაგროვა.

მეორე ტაიმში გამოცდილებამ თავისი გაიტანა და "არმიამ" სეზონი მოგებით გახსნა.

ქუთაისი-რუსთავი 65:62
16:17, 16:20, 16:14, 17:11
ქუთაისი: ფაშაევი (6ქ, 9პ), ბაბუნაშვილი (10ქ), დიდია (2ქ), კვიმსაძე (10მ, 6პ), დ. ბარბაქაძე (8ქ), ლომინაშვილი (7ქ), გ. ბარბაქაძე 17ქ, 10მ), მათიაშვილი (15ქ, 8მ, 2დ).

რუსთავი: ბოუი (15ქ, 8მ, 5პ), ცეკვავა (6ქ, 7მ, 4პ), აბაიშვილი (5ქ), ჩაჩანიძე (2ქ), ჭოჭუა (11ქ, 6მ), ტუჯანი (8ქ, 11მ, 4ჩ), ათანელიშვილი (4ქ), მაჭავარიანი (2ქ), ხმელიძე (9ქ, 5მ).

მსაჯები: კუპატაძე, მაჩალაძე, ი. ბერიშვილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე თანაბარი თამაში "ქუთაისისა" და "რუსთავის" დაპირისპირება იყო.

ორწლიანი შესვენების შემდეგ რუსთაველებმა ძველი სახე დაიბრუნეს - გადაიყვანეს ქართულ კლუბებში მიმოფანტული რუსთაველი კალათბურთელები და ისეთი გუნდი შეკრიბეს, საპრიზო ადგილებისთვის თამამად რომ იბრძოლებს.

ქვემოქართლელებს ასევე ორი ლეგიონერი ჰყავთ - მეფარე ნელსონი და უკანახაზელი ბოუი. პირველს არ უთამაშია, ხოლო მეორემ დებიუტი 15 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით აღნიშნა. იგი მეტად მონდომებული ჩანდა.

შარშანდელი სეზონის შემდეგ ყველაზე ნაკლები ცვლილება "ქუთაისში" განხორციელდა - "რუსთავში" გადავიდა გოგა ცეკვავა და "არმიადან" დაემატა ბუბა კვიმსაძე.

მესამე პერიოდის ბოლოს "რუსთავი" 51:41 დაწინაურდა, რაც ერთი შეხედვით სოლიდური ფორა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა - ქუთათურებმა მეოთხე პერიოდში სამქულიანებიც კარგად სტყორცნეს, სამწამიანი ზონიდანაც არაერთი ქულა მოაგროვეს და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე 65:62 დაწინაურდნენ.

ბოლო შეტევა რუსთაველებს დარჩათ, თუმცა მიხეილ ჭოჭუას შორეულმა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია.

დუდუ დადიანის მემორიალი
13 ოქტომბერი
11:00 შსს აკადემია-სტუ
13:00 რუსთავი-თსუ
15:00 არმია-ქუთაისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული