ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გახსენება

AutoSharing Option
24 დეკემბერს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალია.

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების სახელობის ტურნირი 2006 წლიდან იმართება. ამ ორ კალათბურთელს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ვისაც კალათბურთი უყვარს, არ შეიძლება, ქორქიას და საკანდელიძის თამაშიც არ უყვარდეს. ქართველ კალათბურთელთაგან ამ სპორტსმენებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს - საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

ქართული საკალათბურთო სამყაროს ორი ბრწყინვალე წარმომადგენელი ერთ წელს დაიღუპა. 2006 წლიდან კი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მათი ხსოვნის ტურნირი იმართება.

24 დეკემბერს ფინალია, მიხეილ ქორქიასა და
ზურაბ საკანდელიძეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ - ჩვენ კი იმ ადამიანებს მოვუსმინოთ, რომლებიც ამ დიდი მოთამაშეების თანამედროვეები, თანაგუნდელები და მეგობრები იყვნენ.

ზურაბ საკანდელიძესა და მიხეილ ქორქიას ცნობილი ვეტერანები - ლევან მოსეშვილი, ამირან სხიერელი და გივი ბიჭიაშვილი იხსენებენ...

ტურნირის შესახებ
გივი ბიჭიაშვილი:
მისასალმებელია ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალის ჩატარება, თან სპორტული თვალსაზრისითაც - მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ ამ ტურნირმა უკვე სათანადო ადგილი დაიკავა ქართული კალათბურთის ისტორიაში. მემორიალში ყოველთვის მონაწილეობენ წამყვანი გუნდები, რეგიონის გუნდებისთვის კი ამ ტურნირში მონაწილეობა ფინანსებზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, სასურველია, ეს ტურნირი ქუთაისში ტარდებოდეს, ვინაიდან ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები - მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ქუთაისელები იყვნენ და ცხადია, მემორიალის იქ ჩატარებას სულ სხვანაირი აჟიოტაჟი ექნებოდა, თუმცა ეს ყველაფერიც ფინანსებთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, რომ მემორიალს შემდეგში საერთაშორისო ტურნირის სახე მიეცეს.

ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია უმაღლესი დონის კალათბურთელები იყვნენ და სასურველია ამ ტურნირის უფრო ფართო მასშტაბით ჩატარება. საკანდელიძე და ქორქია ამას ნამდვილად იმსახურებენ. მაქსიმუმ 2 გუნდიც რომ ჩამოვიდეს, შესანიშნავი იქნება. განსაკუთრებით - ისეთი ქვეყნების გუნდები, რომელთაც კარგად ახსოვთ ეს ორი ბრწყინვალე კალათბურთელი. საბოლოოდ აქაც ფინანსებთან მივედით, თუმცა, რასაკვირველია, ამით ეს ტურნირი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

ამირან სხიერელი:
ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ამ ორი ღირსეული სპორტსმენის უკვდავსაყოფად წლებია, უკვე ეს ტურნირი იმართება. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოა როგორც მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენთვის, მათი მეგობრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაცია არ ივიწყებს მათ სახელებს და ამ ორი დიდი კალათბურთელის სახელობის მემორიალს ატარებს.

ლევან მოსეშვილი:
თავისთავად ყველა შეჯიბრება კარგია ახალგაზრდებისთვის, იღებენ გამოცდილებას, ოსტატდებიან... მაყურებლებისთვისაც შესანიშნავია. დასანანია, რომ ასე ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ რას იზამ.

ოლიმპიური ჩემპიონები
გივი ბიჭიაშვილი:
მე და მიხეილ ქორქია ერთად ვთამაშობდით საქართველოს პირველობაზე და მერე "დინამოში" ერთად მივედით. საკანდელიძე ჩვენზე უფროსი იყო და ის უკვე გუნდში თამაშობდა. მასთან ერთად "დინამოში" უფროსი თაობა დაგვხვდა - გურამ მინაშვილი, ანზორ ლეჟავა...

ძალიან გვეამაყებოდა მათთან თამაში. ამდენი წელი ერთად ვასპარეზობდით და ერთად ვიყავით სულ. მათ დავახასიათებდი, როგორც უმაღლესი დონის კალათბურთელებს. ძალიან კარგი მეგობრობა და ურთიერთობა გვქონდა, სპორტულ არენაზეც და მის მიღმაც. მიხეილ ქორქია ძალიან ბრძოლისუნარიანი იყო. არასდროს ნებდებოდა, კბილებით იბრძოდა და ამით თანაგუნდელებს დიდ სტიმულს გვაძლევდა.

ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოვიარეთ. წლების მანძილზე ერთად ვთამაშობდით და კარგად გვესმოდა ერთმანეთის. სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, იყო კამათიც, მაგრამ კალათბურთისთვის არასდროს გვიღალატია. მიშა უფრო ცეცხლი იყო, საკანდელიძე შედარებით რბილი, მაგრამ ბრწყინვალე კალათბურთელი. მისი დონის მოთამაშე არ გვყოლია. სასწაული იყო.

ლევან მოსეშვილი:
საერთოდ, ოლიმპიადის იდეა ეკუთვნის ფრანგ საზოგადო მოღვაწეს, კუბერტენს. ოლიმპიადაში მონაწილეობა ითვლება სპორტსმენისთვის უდიდეს წარმატებად და მედლების აღება ხომ საერთოდ, ნებისმიერისთვის საოცნებოა. ქართული კალათბურთის ისტორიაში კი სულ რამდენიმე კალათბურთელს აქვს მოპოვებული ოლიმპიური მედლები.

პირველები იყვნენ ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია (1952 წ. მელბურნი), რომლებმაც მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. შემდეგ, 1960 წელს, გურამ მინაშვილმა და ვლადიმერ უგრეხელიძემ აიღეს რომის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები.

1964 წელს ტოკიოში მე გახლდით მარტო და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. მოსკოვის ოლიმპიადაზე ნიკოლოზ დერიუგინმა მესამე ადგილი აიღო. მანამდე კი იყო მიუნხენის ოლიმპიადა, სადაც მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

განსაკუთრებული და ღირსშესანიშნავი კი ის იყო, რომ მათ არა მარტო სტატიკური ადგილი ჰქონდათ გუნდში, არამედ დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში და სწორედ ამიტომ იყვნენ დაფასებულნი არა მარტო ჩვენთან, არამედ არაერთ საკალათბურთო ქვეყანაში.

ამირან სხიერელი:
ზურიკო თბილისის "დინამოში'' 1963 წელს აიყვანეს. მაშინ "დინამოს'' მწვრთნელი ოთარ ქორქია იყო. მე მასზე 4 წლით უფროსი ვიყავი და გუნდში დავხვდი. ის იყო წარმატებული ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისის გუნდში გამორჩეულად კარგი თამაშის გამო "დინამოში'' მოიწვიეს.

ის თამაშობდა უფროსი თაობის გვერდით, ისეთ კალათბურთელებთან, როგორებიც იყვნენ ანზორ ლეჟავა, გურამ მინაშვილი, ალექსანდრე კილაძე (შურიკა), ლევან ინწკირველი, ლევან მოსეშვილი... ზუსტად ამ მოთამაშეებით დაკომპლექტებული ევროპის თასის მფლობელი "დინამო'' იწვევს 17 წლის ზურაბ საკანდელიძეს. ამ კალათბურთელების გვერდით ვარჯიში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი იყო.

რაც შეეხება მიშას, ის უფრო გვიან, 1966 წლის ბოლოს მოვიდა და ზურა უკვე გუნდში თამაშობდა. ორივე სასწაული პიროვნება იყო, არაჩვეულებრივი სისწრაფის მქონე. ზურა იყო ძალიან შემტევი მოთამაშე. ქორქია - უფრო ტანმაღალი და, შესაბამისად, ნაკლებად სწრაფი. ორივეს მებრძოლი ხასიათი ჰქონდა, ნამდვილი მეომრები გახლდნენ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ. მოედანზე ნამდვილი ფენომენები იყვნენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი კალათბურთელები ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მოგონებები
გივი ბიჭიაშვილი:
ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მახსოვს... უკრაინაში ვიყავით სპარტაკიადაზე. მაშინ უკრაინა საჩემპიონო გუნდი იყო და წესით, ჩემპიონიც უნდა გამხდარიყო.

ჩვენ ფავორიტები არ ვიყავით. ოთხეულში უნდა შევსულიყავით ან მე-5-მე-6 ადგილებისთვის გვებრძოლა. პლეი ოფში შევხვდით უკრაინას. 14 ქულას ვაგებდით. მაშინ სამქულიანი არ იყო და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ადვილი არ იყო. მთავრდებოდა მეორე ტაიმი (იმ დროს 4 პერიოდი არ იყო), 10-12 წუთი რჩებოდა და უცბად რაღაც დაგვემართა.

გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა და გაგვემარჯვა. ბურთი არ ავაცილეთ და ზღაპარი თამაში მოვიგეთ. სასწაულ გადაცემებს აკეთებდა მიშა. ბრწყინვალედ ითამაშა, მეც არანაკლებ ავუბი მხარი და საბოლოოდ მე-3 ადგილზე გავედით.

შემდეგ იყო ლენინგრადის "სპარტაკთან" შესანიშნავი თამაში. იმ დროს "ჟალგირისი" იმდენად არ ბრწყინავდა, "სპარტაკი" კი ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ქორქია არ ყრიდა ფარ-ხმალს და სულ ბოლომდე იბრძოდა, ემოციური იყო. როგორც უკრაინაში, "სპარტაკთანაც" სასწაულებრივ მოვიგეთ. მიშა დაუღალავი იყო, ლიდერი. მიდიოდა და ჩვენც მივყვებოდით.

საკანდელიძე იყო საოცრად აკადემიური კალათბურთელი. მას შინაგანად, ღმერთისგან ბოძებული ჰქონდა კალათბურთის კულტურა და ნიჭი. ქორქია ნავარჯიშები იყო, "საკო" (საკანდელიძის მეტსახელი) ბუნებრივად იყო ასეთი. მის სიტყვას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის კალათბურთელად იყო დაბადებული. გამოვიდოდა მოედანზე და ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე ყველაფერი გამოსდიოდა. ისეთი ნიჭიერი იყო, მოედანზე ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა. არავითარი მონახაზი - მის გარეშეც იცოდა, საით წასულიყო, როგორ წაერთმია მეტოქისთვის ბურთი.

საქართველოს ისტორიაში ასეთი კალათბურთელი არ გვყოლია, "საკო" იყო ფენომენი. დღესაც არ გვყავს ასეთი მოთამაშე. მიუნხენის ოლიმპიადაზე ისეთ სასწაულებს აკეთებდა, მე თვითონ მიკვირდა ხოლმე. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ დღევანდელ კალათბურთს, მაგრამ ის განუმეორებელი იყო - როგორც პავაროტი და კარუზო კულტურის სფეროში.

ლევან მოსეშვილი:
ორივენი ჩემი მოწაფეები იყვნენ და ამასთან, ოჯახებით საკმაოდ ახლოს ვიყავით. ისინი დროს გასწრებული კალათბურთელები იყვნენ. საკანდელიძე თამაშობდა პირველ ნომერზე და თავისი თამაშით ახლა ნბა-ს რომელიმე გუნდში თავისუფლად იასპარეზებდა.

რაც შეეხება მიხეილ ქორქიას, არ იყო ძალიან მაღალი, ჩემი სიმაღლის, 196 სმ გახლდათ. მასაც ისეთი ბუნებრივი მონაცემები ჰქონდა, რომ შეძლებდა ნბა-ში თამაშს, ოღონდ სათამაშო ამპლუა უნდა შეეცვალა. მაშინ 4 ნომერს თამაშობდა, ახლა 2 ნომერი უნდა ეთამაშა.

ორივე ერთი მწვრთნელის გაზრდილი იყო. ისინი სახელოვანი და სახელგანთქმული სულიკო თორთლაძის მოსწავლეები იყვნენ და შემართება, პატრიოტიზმი თუ თავდადება ნამდვილად არ აკლდათ. ძალიან ბევრ ამერიკელ კალათბურთელზე მაღლა დადგებოდნენ და მათი სახით არა მარტო ქართულმა კალათბურთმა, არამედ მსოფლიომ ბევრი დაკარგა.

სხვადასხვა დროს ორივე იყო გუნდის კაპიტანი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში. ორივე იყო ლიდერი და რაც კარგი თუ ავი ხდებოდა, "დინამოს" გარშემო მთავარი როლი მათ ჰქონდათ.

მათ მხოლოდ ოლიმპიადა არ მოუგიათ. ზურაბ საკანდელიძე ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია საბჭოთა კავშირსა და საქართველოში. მას მოგებული აქვს მსოფლიო პირველობა, 4 ევროპის ჩემპიონატი, ბევრი სხვადასხვა ტურნირი, რომელიც ხშირად ტარდებოდა ევროპის ქვეყნებში. მიხეილ ქორქიასაც აუარება ტიტული აქვს, თუმცა, შესაძლოა, საკანდელიძეზე ოდნავ ნაკლები.

მათი ჯილდოები არის შესაკრები და მუზეუმში შესანახი, რათა ახალგაზრდა თაობამ ნახოს ეს ყველაფერი. ეს ჯილდოები ტურნირის დროს უნდა გამოიფინოს დარბაზში, კარგად დაცული უნდა იყოს და ახალგაზრდები ხედავდნენ ამ საოცნებო მედლებსა თუ თასებს.

უდიდესი ტრაგედია იყო, როცა საკანდელიძის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ. მიხეილ ქორქია სპორტის სასახლეში მის დაკრძალვას ესწრებოდა, ვერ გამოიყურებოდა კარგად. ნანერვიულებიც იყო და მიჰყვა კიდევაც მალევე. მათი დაკარგვით დიდი დანაკლისი განიცადა კალათბურთმა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათმა ოჯახებმა.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფენომენალური კალათბურთელები იყვნენ, ნათელში იყოს მათი სულები.
td58
16:28 26-12-2013
0

სიახლეები პოპულარული