მესინა - "რეალიდან" "ტორონტოში"?

AutoSharing Option
როგორც წინა ნომერში ვწერდით, ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ეტორე მესინამ მადრიდის "რეალში" მოღვაწეობა დაასრულა და დროებით უმუშევარი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მესინამ წასვლაზე განცხადება ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "მონტეპასკისთან" საშინაო წაგების შემდეგ დაწერა. იმ მარცხის მიუხედავად, "სამეფო კლუბი" მაინც გავიდა ევროლიგის პლეი ოფში, თანაც პირველი ადგილიდან.

"მას შემდეგ, რაც გუნდმა მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, საერთოდ შეწყვიტა კალათბურთის თამაში. როცა ბევრს მუშაობ და საკუთარი მოთამაშეებისთვის თავს არ ზოგავ, შეგირდებისგანაც შესაბამისი მხარდაჭერა და განწყობა უნდა იგრძნო. იმედი მაქვს, რომ მოთამაშეებს გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა,
რაც არ გვყოფნიდა იმისთვის, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი გავმხდარიყავით. ჩემი აზრით, "რეალს" აქვს "ოთხთა ფინალში" გასვლის შანსი", - ამბობს მესინა.

იტალიელმა დაამატა, რომ მსგავსი რამ მის კარიერაში პირველად მოხდა და მაშინვე გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

თუმცა მესინა დიდი ხანი უმუშევარი არ დარჩება. იტალიური პრესის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია, მან ამ სეზონის ბოლომდე "მილანს" უხელმძღვანელოს. მაგრამ უფრო საინტერესო მეორე ცნობაა - მესინამ, შესაძლოა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში მუშაობის საშუალება მიიღოს. კერძოდ, იტალიელის გადაბირებით კანადური "ტორონტო რეპტორზია" დაინტერესებული.

როგორც აღმოჩნდა, "რეპტორზის" გენერალური მენეჯერი ბრაიან კოლანჯელო დიდი ხანია აკვირდება ევროპაში მესინას წარმატებებს და უნდა თავისი გუნდი სწორედ მას ჩააბაროს.

აქამდე არც ერთი ევროპელ სპეციალისტს არ მიუღია NBA-ში მთავარი მწვრთნელის პოსტი. მართალია, "ნიუ იორკ ნიქსს" იტალიელი მაიკ დ'ანტონი წვრთნის, მაგრამ მისი ევროპელად მოხსენიება არ იქნება მართებული. მაიკლს იტალიაში 13 სეზონი უმუშავია, იტალიური პასპორტიც აქვს, მაგრამ ამერიკაშია დაბადებული, მეორე მოქალაქეობა კი მხოლოდ 1985 წელს, 34 წლის ასაკში მიიღო იმისთვის, რომ იტალიის ნაკრებში თამაშის საშუალება ჰქონოდა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული