ევროლიგა. 1/4 ფინალი: ოთხთა ფინალი ჩემპიონის გარეშე

AutoSharing Option
მეოთხედფინალური სერიების მესამე მატჩების შემდეგ, "ოთხთა ფინალის" სამი მონაწილეა ცნობილი. მოსკოვის ცსკა-მ სამშაბათს ზედიზედ მეხუთედ და ბოლო 14 წელიწადში მეცამეტედ გააღწია ევროლიგის დასკვნით ეტაპზე, მეორე დღეს კი მას შეუერთდნენ "ფენერბაჰჩე" და "ლაბორალ კუტჩა".

"ფენერბაჰჩემ" "მშრალი" ანგარიშით მოუგო სერია მოქმედ ჩემპიონ "რეალს". შინ ორი გამარჯვების შემდეგ, თურქებმა მადრიდშიც ივარგეს. თამაშის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როცა სტუმრებმა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და "რეალმა" მეტოქის დაწევა ვეღარ შეძლო. "ფენერბაჰჩე" ზედიზედ მეორედ გავიდა "ოთხთა ფინალში".

ასევე "მშრალი" ანგარიშით მოიგო თავისი სერია "ლაბორალ კუტჩამ". ათენში "პანათინაიკოსის"
წინააღმდეგ თანაბარი პირველი სამი მეოთხედის შემდეგ, ესპანელებმა მატჩის ბოლო რვა წუთში რვიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდეს და ნოკაუტში გაუშვეს მეტოქე. "ლაბორალ კუტჩას" 2008 წლის შემდეგ, პირველად ვიხილავთ "ოთხთა ფინალში", "პანათინაიკოსი" კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა მეოთხედფინალში.

სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ, ბერძნული გრანდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ალექსანდრ ჯორჯევიჩი, ხოლო კლუბის ლეგენდამ დიმიტრის დიამანტიდისმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 35 წლის ბერძენი "პანათინაიკოსში" 2004 წლიდან თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო ევროლიგა.

ასე რომ, გასარკვევი რჩება "ოთხთა ფინალის" ბოლო მონაწილე. ამ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი მიიღო "ბარსელონამ", რომელმაც სერიის მესამე მატჩში შინ დაამარცხა "ლოკომოტივ-ყუბანი" და წინ გავიდა - 2:1. "ბარსას" რიგებში გაიბრწყინა ალექს აბრინესმა, რომელმაც 25 ქულით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. კატალონელებს რჩებათ დღეს, ასევე საკუთარ მოედანზე სერიის მეოთხე მატჩის მოგება და "ოთხთა ფინალში" მოხვდებიან.

ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში მოსკოვის ცსკა-ს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალური წყვილი დააკომპლექტეს "ფენერბაჰჩემ" და "ლაბორალ კუტჩამ".

პანათინაიკოსი-ლაბორალ კუტჩა 75:84
17:20, 20:22, 18:14, 20:28
პ: რადულიცა (13+8 მოხსნა), უილიამსი (11+7 მოხსნა), გისტი (11+5 მოხსნა), იანკოვიჩი (10+6 მოხსნა).
ლ-კ: ადამსი (24), ჯეიმსი (20+6 მოხსნა), ბერტანში (13+3 ჩაჭრა).
სერია: 0-3

რეალი-ფენერბაჰჩე 63:75
13:18, 14:12, 13:24, 23:21
რ: როდრიგესი (15+4 პასი), აიონი (14+14 მოხსნა).
ფ: ბოგდანოვიჩი (17), უდო (15+12 მოხსნა+4 პასი), დიქსონი (14+5 მოხსნა), დატომე (13+6 მოხსნა), კალინიჩი (11+8 მოხსნა).
სერია: 0-3

ბარსელონა-ლოკომოტივი 82:70
19:23, 23:13, 19:14, 21:20
ბ: აბრინესი (25), სატორანსკი (13+4 პასი), დოელმანი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ლ: რენდოლფი (16+6 მოხსნა), დილეინი (15), სინგლტონი (13+6 მოხსნა), ჯენინგი (11).
სერია: 2:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ შენგელიაზეც გეთქვათ ერთი-ორი სიტყვა ააააა!!!!! ხომ იქნებოდა მაგარი ამდენი ხანია ბიჭს ტრამვა აქვს და ერთი სიტყვა არ გითქვამთ ეხლა რა მდგომარეობაშია.
giorgi
09:56 21-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული