არგენტინას თურქეთში ვუნდერკინდი მიჰყავს

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად მონაწილე გუნდების შემადგენლობები თითქმის დასრულებულ სახეს იღებს. ასე მაგალითად, მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ 15 მოთამაშემდე შეამცირა გაფართოებული შემადგენლობა (საბოლოო განაცხადში წესისამებრ 12 კალათბურთელი მოხვდება).

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ლიდერი პაუ გასოლი გვაკლია, ჩვენ არავის გვეშინია და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. ეჭვი არ მეპარება ესპანელი კალათბურთელების ოსტატობაში და მათი დახმარებით უმაღლესი ადგილების დაკავების კარგი შანსი გვაქვს", - განაცხადა ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე ლუის საესმა.

ამჟამად ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონატისთვის მზადებას შემდეგი კალათბურთელები

აგრძელებენ: რიკი რუბიო (ბარსელონა), ხოსე მანუელ კალდერონი (ტორონტო, NBA), სერხიო ლული (რეალი), ხუან კარლოს ნავარო (ბარსელონა), რუდი ფერნანდესი (პორტლენდი, NBA), რაფა მარტინესი (ვალენსია), ფერნანდო სან ემეტერიო (კახა ლაბორალი), ალექს მუმბრუ (ბილბაო), კარლოს სუარესი (ესტუდიანტესი), ვიქტორ კლავერი (ვალენსია), ხორხე გარბახოსა (რეალი), პაბლო აგილარი (გრანადა), ფელიპე რეიესი (რეალი), მარკ გასოლი (მემფისი, NBA), ფრან ვასკესი (ბარსელონა).

* * *
ესპანეთის ნაკრებზე გაცილებით მძიმე დანაკლისი აქვთ ფრანგებს. ამ გუნდს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამი ლეგიონერი - ტონი პარკერი, მიკაელ პიეტრუსი და რონი ტურიაფი არ ჰყავს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს NBA-ის ახალწვეული კევინ სერაფიმი, აგრეთვე ანტუან დიო.

მათ გარეშე საფრანგეთის 16-კაციანმა შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო: ნანდო დე კოლო (ვალენსია, ესპანეთი), იანიკ ბოკოლო (გრენობლი), როდრიგ ბებუა (დალასი, NBA), ფაბიენ კოზერი (შოლე), ედვინ ჯექსონი (შოლე), ბორის დიაო (შარლოტი, NBA), მიკაელ ჟელაბალე (შოლე), ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი, NBA), შარლ კაუდი (ლე მანი), ფლორან პიეტრუსი (ვალენსია, ესპანეთი), ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო, NBA), ალენ კოფი (ხუვენტუდი, ესპანეთი), ალექსის აჯინკა (შარლოტი, NBA), იან მაინმი (სან ანტონიო, NBG), ალი ტრაორე (ვილერბანი), ლუდოვიკ ვატი (ორლეანი).

* * *
მომავალ ჩემპიონატზე სკაუტები დიდი ყურადღებას მიაქცევენ მსოფლიო კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს, 17 წლის არგეტინელ პატრისიო გარინოს. არგენტინელთა დამრიგებელმა სერხიო ერნანდესმა ვუნდერკინდს ეროვნული გუნდის შეკრებაზე დაუძახა.
გარინო თავისი ასაკის ნაკრების ლიდერი გახლავთ და ამჟამად გერმანიაში კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს. სწორედ იქ შეიტყო პატრისიომ ეროვნულ გუნდში მიწვევის ამბავი და ახლა მოუთმენლად ელოდება იმ მომენტს, როცა მოედანზე არგენტინელ ვარსკვლავებთან - კარლოს დელფინოსთან, ლუის სკოლასთან და პაბლო პრიჯიონისთან ერთად გავა.
"ასეთ კალათბურთელებთან ერთად მუშაობაზე ვერც ვიოცნებებდი. მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ ამ მომენტისგან. შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლევა ბევრი რამ ვისწავლო მოედანზე და მის მიღმა", - ამბობს ნორჩი კალათბურთელი.
* * *
ამასობაში, ამერიკელთა 20-კაციან შემადგენლობას ერთი კალათბურთელი გამოაკლდა. "დრიმ თიმს" თურქეთში ვერ დაეხმარება "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი დევიდ ლი. კალათბურთელმა ვარჯიშზე თითი დაიზიანა და 4-6 კვირა ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
"მაიკლის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მას ძალიან უნდოდა ჩემპიონატში თამაში. მან ისიც კი მითხრა, რომ პირადი ხარჯებით გაფრინდებოდა ექიმთან და უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მისი თამაში გამორიცხულია", - აღიარა ეროვნული ნაკრების თავკაცმა მაიკ კრჟიჟევსკიმ.
გასულ სეზონში ლი "ნიუ იორკ ნიქსში" თამაშობდა და 81 მატჩში საშუალოდ 20.2 ქულა და 11.7 მოხსნა დააგროვა.
* * *
მწვრთნელთან უთანხმოების გამო რ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბენო უდრიხი. გუნდის მთავარი მწვრთნელი მეჰმეთ ბეჩიროვიჩი "საკრამენტოს" მცველს ბარსელონელი იაკა ლაკოვიჩის შემცვლელად მოიაზრებდა. მართალია, მწვრთნელი ბენოს დიდ სათამაშო დროს დაპირდა, მაგრამ კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში მოითხოვა ადგილი და უარის მიღების შემდეგ, საწვრთნელი შეკრება დატოვა.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
აუფ
kikvi
16:51 01-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული