დრიმ თიმი-ჩინეთი: +47

AutoSharing Option

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ მანიანუმ დაასახელა იმ 12 კალათბურთელის გვარი, რომლებიც 28 აგვისტოდან თურქეთში პლანეტის პირველობაზე აიღებენ სტარტს. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის დამრიგებელმა საბოლოო შემადგენლობა ნიუ იორკში, პუერტო რიკოსთან წაგებული (55:77) ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა.

ბრაზილიელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება: ცენტრები - მურილუ ბეკერი ("ფრანკა"), ნენე ილარიო ("დენვერი", NBA), ტიაგო სპლიტერი ("სან ანტონიო", NBA); ფორვარდები - მარკუშ ვიეირა ("მონტეგრანარო", იტალია), ანდერსონ ვარეჟაო ("კლივლენდი", NBA), გილერმე ჯოვანიონი ("ვირტუსი", იტალია); მცველები - მარსილინიო მაშადო ("ფლამენგო"), ლეანდრო ბარბოზა ("ტორონტო", NBA), ნეზინიო ("უნივერსუ"), ალექს გარსია

("ბრაზილია"), მარსელინიო უერტასი ("ბილბაო", ესპანეთი), პაულ ნეტუ ("მინას ჟერაისი").
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრაზილია ესპანეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს. 17 და 17 აგვისტოს ეს გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს არგენტინასთან და ესპანეთთან, ხოლო 22-24 აგვისტოს ლიონში საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას (მეტოქეები იქნებიან - საფრანგეთი, ვირჯინიის კუნძულები და ავსტრალია).
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია B ჯგუფში ითამაშებს ხორვატიასთან, ირანთან, ტუნისთან, სლოვენიასთან და აშშ-სთან ერთად.

ჯერჯერობის საბოლოო შემადგენლობა არ დაუსახელებია მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტ ამერიკის ნაკრებს. მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა შაბათს, ნიუ იორკში მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა - "დრიმ თიმის" მეტოქე ჩინეთის ნაკრები იყო, რომელიც NBA-ის ვარსკვლავი ცენტრის - იაო მინის გარეშე თამაშობდა.
ამერიკელებმა 47 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს - 98:51. მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი დენი გრეინჯერი იყო - 22 ქულა. შემდეგ მოდიან: ერიკ გორდონი (15), კევინ დურანტი (14) და დერიკ როუზი (12).

105 ქულა ერთ მატჩში

უნიკალური შედეგი დაფიქსირდა ნიუ იორკში ტრადიციულ ტურნირზე (Dyckman Park Basketball), რომელიც ღია მოედანზე მიმდინარეობს. გუნდ "ვილანოვას" წევრმა კორი ფიშერმა მეტოქეს 105 (!) ქულა ჩაუგდო. ამ ინფორმაციას "ნიუ იორკ დეილი ნიუსი" ავრცელებს.
"პირველი სამი მეოთხედის შემდეგ ჩემს ანგარიშზე 71 ქულა იყო. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ სროლა გავაგრძელე და რეკორდსაც მივაღწიე", - განაცხადა უნიკალური შედეგის ავტორმა.
ფიშერმა გააუმჯობესა ასეთი ტიპის ტურნირების რეკორდი, რომელიც ჯეიმს უილიამსს ეკუთვნოდა - მან 1978 წელს 100 ქულა დააგროვა.
შეხვედრა "ვილანოვამ" 138:130 მოიგო. 22 წლის ფიშერმა 28 სამქულიანი ისროლა და აქედან 23 მოათავსა კალათში.

კარმელო, ალბათ, წავა

"დენვერ ნაგეტსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ ჯერ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ NBA-ის ვარსკვლავს "დენვერი" სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი დოლარია.
"მე ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს. ამ წინადადებაზე მოსაფიქრებლად საკმარისი დრო დამრჩა. ჩემი აზრით, "დენვერს" უკვე დავუმტკიცე ერთგულება - ამ კლუბს კარიერის შვიდი წელი შევწირე, მაგრამ ადრე თუ გვიან დგება დრო, როცა ისეთი ნაბიჯი უნდა გადადგა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
ეს ჩემი გადაწყვეტილება იქნება და მასზე კლუბის ხელმძღვანელობა ან მწვრთნელები გავლენას ვერ მოახდენენ. ჩემს მომავალს საკუთარი გრძნობების მიხედვით განვსაზღვრავ", - ამბობს ენტონი.
როგორც იცით, მომავალ ზაფხულში ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და "დენვერის" შეფობას ახლავე სურს გაარკვიოს კარმელოს გეგმები. ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტია გაისად ენტონის "ნიუ იორკ ნიქსში" გადასვლა, რომელიც ამ ზაფხულს ამარე სტაუდმაიერით გაძლიერდა.
ამჟამად "ნაგეტსი" ახალ გენერალურ მენეჯერს ეძებს, თუმცა კარმელოს თქმით, ახალი ხელმძღვანელი გავლენას ვერ მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული