მადრიდის საერთაშორისო ტურნირი ამერიკის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. პეკინის ოლიმპიადის ფინალისტთა შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდა და ბევრს სჯეროდა, რომ ესპანეთის ნაკრები საკუთარ არენაზე შეძლებდა ორი წლის წინანდელი მარცხისთვის რევანშის აღებას, მით უმეტეს, დღეს ამერიკელთა რიგებში არც ერთი ოლიმპიელი არ არის, თანაც წინა დღეს მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა არც თუ ისე დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა ლიტვის წინააღმდეგ და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გატეხა მისი წინააღმდეგობა.
"დრიმ თიმს" ბალტიისპირელთა წინააღმდეგ პირველ ტაიმში გაუჭირდა. როგორც ჩანს, ამერიკელებმა მიღებული გაკვეთილი გაითვალისწინეს და ესპანეთთან თავიდანვე სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს. დიდი
მესამე მეოთხედში ესპანეთმა მხოლოდ ერთი ქულის გაბათილება მოახერხა და როცა ყველას ეგონა, რომ სტუმრები იოლად მიიყვანდნენ საქმეს გამარჯვებამდე, მადრიდის დარბაზში დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
მეოთხე მეოთხედში პირველი ბურთი დერიკ როუზმა ჩააგდო და ამერიკის უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონის მხარეს გადავიდა. ესპანეთი მეთოდურად ამცირებდა ჩამორჩენას და საფინალო სირენამდე ზუსტად წუთნახევრით ადრე პირველად დაწინაურდა მატჩში - რიკი რუბიოს ბრწყინვალე პასით იოლი ბურთი ჩააგდო ფელიპე რეიესმა - 82:80. ამის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშის, კევინ დურანტის ჯერი დადგა. მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ რუბიოს დაუფარა და როუზმა წინ გაიყვანა სტუმრები - 84:82 33 წამით ადრე. გავიდა ექვსი წამი და ესპანეთი ისევ დაწინაურდა - მიზანს მიაღწია ხუან კარლოს ნავაროს სამქულიანმა - 85:84. საპასუხო შეტევაში მასპინძლები როუზზე დაჯარიმდნენ და მცველმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა - 86:85. ესპანეთს საკმარისი დრო ჰქონდა საპასუხო შეტევისთვის. სერჯო სკარიოლოს შეგირდებმა ბოლომდე გაათამაშეს ბურთი და ბოლო სროლა რუდი ფერნანდესს მიანდეს, მაგრამ ისევ იყოჩაღა კევინ დურანტმა, რომელმაც მორიგი დაფარება მიითვალა.
ესპანეთმა ბოლო ცხრა თამაშში პირველად წააგო, მაგრამ დაამტკიცა, რომ ტოლსწორად შეუძლია მთავარ ფავორიტთან ბრძოლა, ასე რომ, ამ გუნდების მორიგ შეხვედრას უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე ველოდებით.
ამერიკა კი ათენში გაემგზავრა, სადაც ბოლო საკონტროლო შეხვედრას საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
გუშინ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი ხოსე კალდერონი ვერ შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს. ამერიკასთან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კალათბურთელმა ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძნო. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ კალდერონი ვერ მოასწრებს პლანეტის პირველობისთვის გამოჯანმრთელებას. მის ადგილს ნაკრებში რუსეთის "ხიმკის" მცველი რაულ ლოპესი დაიკავებს.
ესპანეთი-აშშ 85:86
16:23, 17:22, 25:24, 27:17
ე: ნავარო (20), მ. გასოლი (17).
ა: დურანტი (25+10 მოხსნა), როუზი (13), ოდომი (12+9 მოხსნა).
სატურნირო მდგომარეობა: აშშ - 2 მოგება/0 წაგება, ესპანეთი - 1/1, ლიტვა - 0/2.
* * *
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღით ადრე საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კიასტუტის კემზურამ. ბალტიისპირელთა შემადგენლობაში ორი ზედმეტი კალათბურთელი იყო და მწვრთნელის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა აღმოჩნდნენ გამთამაშებელი არვიდას ეიტუტავიჩუსი და მცველი მინდაუგას ლუკაუსკისი. ასე რომ, ლიტვის ნაკრების საბოლოო შემადგენლობამ ასეთი სახე მიიღო:
მცველები - მანტას კალნიეტისი (ჟალგირისი), ტომას დელინინკაიტისი (თავისუფალი აგენტი) , მარტინას გეციავიჩუსი (ლეტუვოს რიტასი), რენალდას სეიბუტისი (თავისუფალი აგენტი) , მარტინას პოციუსი (ჟალგირისი);
ფორვარდები - იონას მაჩიულისი (მილანი, იტალია), სიმას იასაიტისი (თავისუფალი აგენტი), ლინას კლეიზა ("ტორონტო", NBA), პაულუს იანკუნასი (ჟალგირისი), ტადას კლიმავიჩუსი (ჟალგირისი);
ცენტრები - რობერტას იავტოკასი (ვალენსია, ესპანეთი), მარტინას ანდრიუშკიავიჩუსი (ალიკანტე, ესპანეთი).
ლელო