ვან გაანგრევს თურქულ კედელს?

AutoSharing Option

საკალათბურთო მუნდიალზე ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. თუკი შაბათის მატჩები სუპერდაძაბული გამოდგა, სერბეთმა და ესპანეთმა ნამდვილ ომში მოიპოვეს საგზური, გუშინ სლოვენიელებს და თურქებს სულაც არ გასჭირვებიათ. წინ კიდევ ოთხი წყვილია, ყველაზე მეტად კი არგენტინისა და ბრაზილიის დაპირისპირებას გამოვყოფთ.

სერბეთი-ხორვატია 73:72

19:27, 15:9, 20:14, 19:22
სერბეთი: კრსტიჩი (16 ქულა), რაშიჩი (15), პეროვიჩი (10), მაჩვანი (8), ველიჩკოვიჩი (7), კეშელი (5), ტეოდოშიჩი (3), ბიელიცა (3), ტეპიჩი (2 ქ, 7 მ, 4 გ), პაუნიჩი (2), მარკოვიჩი (2), სავანოვიჩი.
ხორვატია: პოპოვიჩი (21 ქ, 5 მ, 5 გ),

უკიჩი (11 ქ, 4 გ), ბანიჩი (10 ქ, 7 მ), ბოგდანოვიჩი (9), ლონკარი (9), ტომიჩი (6 ქ, 8 მ), ტომაში (6 ქ, 6 მ), კუში.

სერბეთისა და ხორვატიის დაპირისპირება სპორტის ნებისმიერ სახეობაში უკვე მოვლენაა და მით უფრო კალათბურთში, სადაც ორივე ქვეყანა, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, ევროპული ფორუმის მოწინავე ძალაა. თამაშიც სწორედ შესაბამისი გამოდგა - დაძაბული. სერბთა სასარგებლოდ მატჩის ბედი უკანასკნელ წამზე ალექსანდარ რაშიჩის მიერ ნასროლმა საჯარიმომ გადაწყვიტა, თორემ მატჩი ოვერტაიმში გადადიოდა - 73:72.


მას შემდეგ, რაც ბოლო მეოთხედში სერბები 7 ქულით დაწინაურდნენ, ხორვატთა ორმა კალათბურთელმა, მარკო ბანიჩმა და მარკო პოპოვიჩმა, შეძლო დეფიციტის აღმოფხვრა. პოპოვიჩმა უკანასკნელ მეოთხედში 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. სწორედ მისმა საჯარიმოებმა გაათანაბრა ანგარიში მატჩის დასრულებამდე 5,9 წამით ადრე. სერბებმა ბოლო შეტევა მოასწრეს, რაშიჩი შეიჭრა მეტოქის ფარქვეშ, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაშის წესები დავორ კუშმა დაარღვია. თამაშის დასრულებამდე წამით ადრე სერბთა 26 წლის მსროლელი საჯარიმოს ხაზზე დადგა, პირველი ჩააგდო (ისევე როგორც წინა ყველა საჯარიმო ამ ჩემპიონატზე), მეორე კი სპეციალურად ააცილა, რომ ხორვატებს შეტევის დაწყების შანსიც არ ჰქონოდათ და სერბეთის ნაკრები პირველი გუნდი გახდა, რომელმაც საკალათბურთო მუნდიალის მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.

სერბთაგან "მაღლები" გამოირჩეოდნენ, ნენად კრსტიჩმა და კოსტა პეროვიჩმა ჯამში ნაკრებს 26 ქულა მოუტანეს. მატჩის გმირმა რაშიჩმა 15 ქულა დააგროვა. წაგებულთაგან თავი დაუღალავმა პოპოვიჩმა გამოიჩინა 21 ქულით და 5-5 მოხსნა-გადაცემით. მას შესაფერისად მხოლოდ ორი გუნდელი დაეხმარა, როკო უკიჩი (11 ქულა) და ბანიჩი (10 ქულა, 7 მოხსნა).

თამაშში სერბები კი 5:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ხორვატთა შეტევები უფრო სწრაფი იყო. მთავარი მაინც მატჩის ბოლო ხუთი წუთი აღმოჩნდა...

იოზიპ ვრანკოვიჩი (ხორვატია): "ხანდხან ძალიან საჭიროა იღბალი და გამოცდილება - როკო ძალიან დაღლილი იყო, ფეხზე ძვლივს იდგა, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პოზიციის სპეციალისტის კუშის დაყენება. არ ვიცი, იყო კი საერთოდ ის ფოლი. საწყენია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ისე ვტოვებთ, რომ ჩვენი ნამდვილი ძალა ვერ ვაჩვენეთ. მაინც ამაყი ვარ ჩემი კალათბურთელებით, ურიგო კალათბურთი არ გვიჩვენებია. დასანანი მარცხი იყო, რომელიც დიდ ხანს გვემახსოვრება".

დუშან ივკოვიჩი (სერბეთი): " ძალიან დაძაბული თამაში იყო, ორივე გუნდმა 40 წუთში გული და სული ჩადო. ვულოცავ ჩემს კალათბურთელებს - დაგეგმილი მეოთხედფინალი მიღწეულია. ახლა მეტზე უნდა ვიზრუნოთ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და დიდებული იქნება, თუ კიდევ სამ თამაშს ვითამაშებთ. ვფიქრობ, ხანდახან კონცენტრაციას ვკარგავდით, განსაკუთრებით პირველ მეოთხედში, მაგრამ ჩვენ მოგება ძალიან გვსურდა. მადლობა მეტოქეს დიდებული თამაშისათვის".

ნენად კრსტიჩი (სერბეთი): "დიდებული, დაძაბული მატჩი იყო, ხორვატია ბოლომდე გვებრძოლა, მაგრამ მოვიგეთ. სერბეთის უპირატესობა ისაა, რომ არასოდეს ნებდება, რაც უნდა გამოუვალი მდგომარეობა გვქონდეს. კარგია, ახლა მეტი დასვენების დღე გვექება მეოთხედფინალის წინ, თორემ დავიქანცეთ".

ესპანეთი-საბერძნეთი 80:72
22:19, 15:12, 15:20, 28:21
ესპანეთი: ნავარო (22), ფერნანდესი (14), ლული (9), რეიესი (6 ქ, 10 მ), ვასკესი (6 ქ, 7 მ), რუბიო (6 ქ, 6 გ), გარბახოსა (5), ლოპესი (5), მ. გასოლი (4), მუმბრუ (3).
საბერძნეთი: დიამანტიდისი (16), ზისისი (16), შორცანიდისი (13), სპანულისი (12), ფოცისი (12 ქ, 7 მ), ბურუსისი (2), კალატესი (1), პერპეროგლუ, ცარცარისი.

დასანანია, რომ ისეთი კარგი კალათბურთელები, როგორიც ბერძენთა მცველი დიმიტრის დიამანტიდისია, ასე ნაადრევად ტოვებენ საკალათბურთო მუნდიალს. "პანათინაიკოსის" 30 წლის მსროლელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ელადა მეოთხედფინალში გასულიყო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან მარტოკაცი ვერას გახდა - 72:80. ესპანელებმა კი სერბებთან მეოთხედფინალური რანდევუ დაიბევეს. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგარი მატჩი გველის.

დაძაბული თამაშის ბედი, როგორც პირველ მერვედფინალში, აქაც ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იბერიელებმა აღმაფრენით ჩაატარეს. სერხიო სკარიოლოს გუნდი, რომ არაა დაუმარცხებელი ჯგუფურ ეტაპზევე დამტკიცდა, როცა ესპანელებს ფრანგებმა და ლიტველებმა აჯობეს, მაგრამ "სინან ერდენ დომზე" ხუან კარლოს ნავარო (22 ქულა) შეუჩერებელი იყო, ხელი გამოიღეს ესპანელთა რეზერვისტებმაც და საბერძნეთის ყოჩაღი ნაკრები სახლში გაისტუმრეს.

სათადარიგოებიდან ფრან ვასკესსა და ფელიპე რეიესს აღვნიშნავთ, მათ ერთად 12 ქულასა და 17 მოხსნას მოუყარეს თავი. სერხიო ლულიც კარგი იყო, ამ სათადარიგომ 15 წუთში 9 ქულა ჩააგდო.

მატჩის დასრულებამდე 5:49 წუთით ადრე ბერძნები 58:57-ს იგებდნენ. სწორედ ამ მონაკვეთში მოაწყო სკარიოლოს გუნდმა გადამწყვეტი "გაქცევა" (9-0). 9-დან 5 ქულა რუდი ფერნანდესმა მოუტანა მაშინ მსოფლიოს ჩემპიონ გუნდს. ვასილიოს სპანულისმა თითქოს ელინებს შანსი დაუტოვა, როცა სამქულიანი ჩააგდო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მაგრამ მას სამქულიანითვე უმალ უპასუხა ნავარომ. ბერძნებმა ზედიზედ მეოთხედ წააგეს ესპანელებთან ოფიციალურ მატჩში.

დიმიტრის დიამანტიდისზეც ვთქვათ, კალათბურთელმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის - ზუსტად ისროლა, მეტოქის სროლებს ერთი-ორჯერ ეფექტურად დაუფარა, ჩაჭრა მათი პასები, თავად კი რამდენიმე მახვილგონივრული პასი გააკეთა. მოკლედ, დიამანტიდისი ნამდვილი ლიდერი იყო.

რუდი ფერნანდესი (ესპანეთი): "არასოდესაა იოლი ბერძნების წინაააღმდეგ თამაში. მათთან მოსაგებად მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა, ბოლომდე უნდა იბრძოლო. ვიცოდით, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, ვიდრე ჯგუფურ ეტაპზე თუკი ტიტულის დასაცავად ბრძოლა გვსურდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ვფიქრობ, მოვუმატეთ და ახლა მხოლოდ სერბეთთან მატჩზე ვფიქრობთ. წინ კიდევ უფრო დაძაბული მატჩი გველის, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია".

დიმიტრის დიამანტიდისი (საბერძნეთი): "გულნატკენები ვართ. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავიღეთ საბოლოო წარმატებისთვის. ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ, თამაშის შემდეგ სიარულის თავიც კი არ გვქონდა, მაგრამ მაინც წავაგეთ. მესამე მეოთხედში 6 ქულით ვიგებდით და როგორ დავკარგეთ ეს უპირატესობა არ მესმის. ესპანელებს მომავალ მატჩში წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენთვის კი ყველაფერი დასრულებულია, სამწუხაროდ".

სლოვენია-ავსტრალია 87:58
16:8, 26:13, 29:24, 16:13
სლოვენია: ლაკოვიჩი (19), ბრეჟეჩი (12), დრაგიჩი (10 ქ, 8 გ), სლოკარი (8), ბეჩიროვიჩი (8), ზუპანი (8), ნახბარი (7), რიზვიჩი (4 ქ, 5 მ), უდრიჰი (3), ვიდმარი (2), კლობუჩარი (1).
ავსტრალია: ინგლესი (13), მილსი (13), ნილსენი (12 ქ, 8 მ), ანდერსენი (8), მარტინი (2), ნიული (3), ბარლოუ (2), უორტინგტონი (2), ბეინესი (2), მარიჩი (1), ჯიბსონი.

კენგურუები შეეცადნენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტნენ - ძლიერ სლოვენიასთან ვერას გახდნენ და 29 ქულის სხვაობით წააგეს. ბოლო ევრობასკეტზე სლოვენიელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს, მათ სრულად გააამართლეს ფავორიტის სტატუსი. იაკა ლაკოვიჩმა თავისი 19 ქულიდან 11 პირველ ნახევარში ჩააგდო, კარგად ითამაშეს პრიმოჟ ბრეჟეჩმა (12) და გორან დრაგიჩმაც (10).
გორან დრაგიჩი (სლოვენია): "ფანტასტიკურია - მეოთხედფინალში გავედით. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. დღევანდელი თამაშით უზომოდ კმაყოფილი ვარ, კარგად ვისროლეთ, კარგად დავიცავით თავი და მეტოქეც დავსაჯეთ, როცა საჭირო იყო".

მეტიუ ნილსენი (ავსტრალია): "სლოვენია ძალიან ძლიერი გუნდია, მეტისმეტად ძლიერი ჩვენი ნაკრებისათვის. მაგრამ არა მგონია, ასე ჩამოვრჩებოდეთ ძალით სლოვენიას, როგორც ეს დღევანდელ ანგარიშში აისახა, უბრალოდ, დღეს მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა, ჩვენ - თითქმის არაფერი".

თურქეთი-საფრანგეთი 95:77
19:14, 24:14, 28:17, 24:32
თურქეთი: თურქოგლუ (20), გიულერი (17), აშიკი (10 ქ, 5 მ), სავაში (9), არსლანი (9), ილიასოვა (9 ქ, 5 მ), ონანი (7), აკიოლი (5), ერდენი (5), ერმიში (2), გიონლუმი (2), ტუნჯერი.
საფრანგეთი: დიაუ (21 ქ, 5 მ, 4 გ), დე კოლო (15), ბატუმი (11), პიეტრუსი (6 ქ, 4 გ), კოფი (5), ბოკოლო (4), ტრაორე (4), ალბისი (3), კოზეუ (3), ჟელაბალი (3), მაინმი (2), ჯექსონი.

მასპინძელთა ნაკრებმა ზონური დაცვის წყალობით იოლად დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები და სლოვენიასთან მატჩი დაიბევა. როცა საფრანგეთი შეტევას ცდილობდა, თურქთა გუნდი გაუვალი კედელივით იდგა დაცვაში, ეს კედელი მხოლოდ ბოლო მეოთYხედში გაირღვა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო - ფრანგებით 18 ქულის სხვაობით წააგეს.


ბოგდან ტანიევიჩი (თურქეთი): "ძალიან ბედნიერი ვარ. საფრანგეთი ძლიერი მეტოქე იყო და მათ წინააღმდეგი დაცვაში ასეთი კარგი თამაში საამაყოა. სლოვენია ბრწყინაველედ თამაშობს და მათთან ძალიან გაგვიჭირდება".

დღეს
აშშ-ანგოლა
რუსეთი-ახ. ზელანდია

ხვალ
ლიტვა-ჩინეთი
არგენტინა-ბრაზილია

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული