ამერიკასთან ბრძოლა შეიძლება, ლიტვამ კი არგენტინა გაანადგურა

AutoSharing Option

უცნაური ამბები დატრიალდა გუშინდელ მეოთხედფინალებში. ბრძოლა იყო ამერიკისა და რუსეთის მატჩში, არადა, ყველა "დრიმ თიმის" იოლ გამარჯვებას ელოდა, ხოლო არგენტინისა და ლიტვის შეხვედრაში მოსალოდნელი თრილერის ნაცვლად, მაყურებელმა სამხრეთამერიკელთა პირწმინდა განადგურება იხილა.

რუსულ პრესაში არნახული აჟიოტაჟი სუფევდა. ბევრს იქაურ მიმომხილველს სერიოზულად სჯეროდა, რომ განმეორდებოდა 38 წლის წინანდელი ისტორია - ზუსტად 9 სექტემბერს, 1972 წლის ოლიმპიადის ფინალში ბოლო წამზე ბელოვის მიერ ჩაგდებულმა ბურთმა სსრკ-ს ნაკრებს ამერიკაზე გამარჯვება მოუტანა. ამერიკელები დღემდე უარს ამბობენ ვერცხლის მედლების მიღებაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოლო ბურთი წესების დარღვევით

ჩავარდა. კერძოდ, შედეგიანი პასის ავტორმა - ედეშკომ ბურთის თამაშში შეტანის მომენტში პირით ხაზზე დააბიჯა ფეხი.

აჟიოტაჟი გუშინდელ მატჩში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსაც გადაედოთ. რუსების ამერიკელმა დამრიგებელმა დევიდ ბლატმა განაცხადა, რომ იმ ტრანსლიაციის შემდეგ იტირა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაარკვია, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბლატის კომენტარი უყურადღებოდ არ დატოვა აშშ-ის დამრიგებელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ, რომელმაც კოლეგას "რუსი" უწოდა: "ის ხომ რუსეთის ნაკრები ავარჯიშებს, ამიტომაც აქვს ასეთი მოსაზრება. იმ ფინალის გამო ამერიკელებს ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ზღაპრების სჯერა. რაც უნდა ის იფიქროს. ეს სულაც არ აისახება იმაზე, რის გაკეთებასაც ხვალ მოედანზე ვაპირებთ. ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს და სწორედ მის შესრულებაზე ვართ კონცენტრირებული".
ცოტა ხანში ბლატის პასუხმაც არ დაახანა: "მაიკს გამორჩა ის ფაქტი, რომ მეც ისეთივე ამერიკელი ვარ, როგორც თვითონ. ამერიკაში გვასწავლიან, რომ სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება საგნებზე ობიექტურად დაკვირვების და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და გამოთქმის საშუალებას გვაძლევს. როგორც ჩანს, მას ამის უნარი აღარ შერჩა ან ეშინია ნაკლებ პატრიოტიზმში არ დასდონ ბრალი.
რუსი არ ვარ, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ შემიძლია ობიექტური ვიყო და საკუთარი აზრი ისე ჩამოვაყალიბო, რომ არავის შეურაცხყოფა არ მივაყენო. ადამიანები სამართლიანები უნდა ვიყოთ".

მოკლედ სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. რაც შეეხება მატჩის სპორტულ მხარეს, ბუკმეიკერები აბსოლუტურ უპირატესობას ამერიკას ანიჭებდნენ, ბლატმა კი ისიც აღიარა, რომ არ იცის როგორ დაამარცხოს მეტოქე.

როგორც ჩანს, ამერიკელმა სპეციალისტმა მცირე ეშმაკობას მიმართა. მატჩის დებიუტი მის შეგირდებს აშკარად გამოუვიდათ - ზედიზედ სამი სამქულიანით რუსეთი 9:8 დაწინაურდა. რუსების უპირატესობა შეიძლება უფრო დიდი ყოფილიყო, რომ არა მათი ცენტრის საშა კაუნის ნერვიულობა, რომელიც იოლ ბურთებს ვერ აგდებდა. ამის გამო, ბლატმა სამი წუთის შემდეგ მოედანზე "ნიუ იორკის" ახალწვეული ტიმოფეი მოზგოვი შეუშვა. ამერიკელთა აშკარა ლიდერი კევინ დურანტი იყო, რომლის შეჩერებას რუსეთი ჯარიმებით ახერხებდა. მასთან ბრძოლაში ორი პერსონალური მიიღო სერგეი მონიამ და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა მოუწია.

მეხუთე წუთისთვის ამერიკამ ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ რუსეთს რეზერვისტები - ვორონოვი და ხვოსტოვი დაეხმარნენ და იმდენი მოახერხეს, რომ სამი ქულით გაიყვანეს წინ საკუთარი გუნდი - 23:20. მეოთხედი ფრედ დასრულდა და "დრიმ თიმის" არანაირ უპირატესობაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. უფრო მეტიც, რუსებმა ფარი მოუგეს მეტოქეს - 15:10.
მეორე მეოთხედში ამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ბიკოვის სამქულიანის შემდეგ რუსეთი ხუთი ქულით დაწინაურდა - 35:30 მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე. კრჟიჟევსკის ტაიმაუტის აღება მოუწია და სწორედ ამის შემდეგ მოეგნენ გონს ამერიკელები. რუსეთმა მომდევნო ოთხი წუთი ქულა ვერ აიღეს, ამერიკა კი დერიკ როუზის ფანტასტიკური სისწრაფის წყალობით 12:0 გაიქცა. პირველი ტაიმი კრჟიჟევსკიმ გუნდმა ხუთი ქულით მოიგო - 44:39.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. რუსები კვლავ ზონურ დაცვას მიმართავდნენ, რომელსაც ამერიკელები ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე არღვევდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი (33 ქულა), რომლის შეჩერება რუსებმა ვერ მოახერხეს. ასევე ბრწყინვალე იყო მეორე ოკლაჰომელი - რასელ უესტბრუკი, რომელიც სამქულიანებსაც აგდებდა, ბურთს კალათში ტენიდა და პასებს არიგებდა. ამ დუეტის წყალობით, პირველად ამერიკამ ორნიშნა უპირატესობა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და 21 წამით ადრე მოიპოვა - 58:47. საქმეს ბლატის ტაიმაუტმაც ვერ უშველა. სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და ერთ მომენტში 18 ქულას მიაღწია. მხოლოდ ამის შემდეგ მოდუნდა აშშ და რუსეთს მეოთხე მეოთხედის მოგების საშუალება მისცა, თუმცა ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა - ამერიკამ მატჩი მესამე მეოთხედში მოიგო.

რუსეთის ნაკრებმა ყველას დაანახა - ამერიკასთან ბრძოლა შეიძლება. საინტერესოა, დურანტს თამაში რომ არ წაუვიდეს, აქვს თუ არა ამ შემთხვევისთვის სათადარიგო გეგმა კრჟიჟევსკის?!

აშშ-რუსეთი 89:79
25:25, 19:14, 26:17, 19:23
აშშ: დურანტი (33+5 მოხსნა), ბილაპსი (15+5 პასი), უესტბრუკი (12), იგუოდალა (6), ოდომი (6+12 მოხსნა), როუზი (6), გორდონი (6), ჩენდლერი (3), კარი (2), ლავი, გეი.
რუსეთი: ბიკოვი (17), ვორონცევიჩი (14+12 მოხსნა), მოზგოვი (13), ვორონოვი (9), ხვოსტოვი (8+5 პასი), მონია (5), კაუნი (4), ჟუკანენკო (4), პონკრაშოვი (2), ფრიძონი (2).

რვა მეოთხედფინალისტს შორის ექვსი ევროპული გუნდი იყო, ოთხი ნახევარფინალისტიდან კი სამი ნაკრები წარმოადგენდა "ბებერ კონტინენტს". FIBA-ს წარმომადგენლები, ალბათ, დარწმუნდნენ თავიანთ შეცდომაში, როცა ევროპისთვის მხოლოდ შვიდი საგზურის მიცემა უნდოდათ. კარგია, რომ კალათბურთში უაილ-ქარდის სისტემა მოქმედებს, თორემ ამ ჩემპიონატზე ვერ ვიხილავდით ბრწყინვალე ლიტვის ნაკრებს - ახალგაზრდა გუნდს, რომელმაც გუშინ დაამტკიცა, რომ წინა ექვს მატჩში მიღწეული ასპროცენტიანი შედეგი შემთხვევითობა არ იყო და ამ საკალათბურთო ქვეყანაში ახალი შესანიშნავი თაობა გაიზარდა.'

ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ორი ბრწყინვალე კალათბურთელის - ლუის სკოლასა და ლინას კლეიზას ორთაბრძოლა იყო. ის გუნდი, რომელიც მეტოქის ლიდერის შეჩერებას მოეხერხებდა, გამარჯვების რეალურ შანსს მიიღებდა. ლიტველებმა ეს შეძლეს. სკოლა რობოტი არ არის და მას ჰქონდა ჩემპიონატზე ერთი მატჩის ჩაგდების უფლება. მისდა სამწუხაროდ, ეს ჩავარდნა სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მოხდა. ლუისმა 16-დან მხოლოდ ხუთი ბურთი ჩააგდო, მისი შეცვლა კი კარლოს დელფინოს გარდა ვერავინ მოახერხა. სწორედ ეს გახდა არგენტინელთა განადგურების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი იყო სამქულიანების ცუდად შესრულება. სტატისტიკის მიხედვით, არგენტინამ ზუსტად ისეთი პროცენტით ჩაყარა ორქულიანები, როგორც ლიტვამ, უკეთესად ესროლა საჯარიმოები, მეტი მოხსნა ჰქონდა შეტევაში, სამით მეტი ჩაჭრა გააკეთა და შეცდომაც მხოლოდ ორით მეტი დაუშვა. რაც შეეხება სამქულიანებს, 21-დან მხოლოდ ოთხი გამოყენებული სროლა ძალიან ცუდი მაჩვენებელია, იმ დროს, როცა ლიტვამ 50 პროცენტის (!) სიზუსტით ესროლა სამქულიანები.

რაც შეეხება თამაშს, არგენტინა მხოლოდ პირველი ოთხი წუთი ლიდერობდა, მაგრამ 10:9-ის შემდეგ, ლიტვა 8:0 გაიქცა. ამის შემდეგ ბალტიისპირელთა უპირატესობა მხოლოდ იზრდებროდა და მესამე მეოთხედში 32 ქულას მიაღწია. ბოლო 10-წუთეულში არგენტინელი რეზერვისტების აქტიურობამ მხოლოდ ის გამოიწვია, რომ სხვაობა 19 ქულამდე დავიდა.

ლიტვა-არგენტინა 104:85
28:18, 22:12, 35:23, 19:32
ლიტვა: იასაიტისი (19), კლეიზა (17+9 მოხსნა), პოჩიუსი (16), დელინინკაიტისი (16), კალნიეტისი (12+5 მოხსნა+5 პასი), მაჩიულისი (12), იანკუნასი (12+7 მოხსნა+5 პასი), სეიბუტისი, იავტოკასი.
არგენტინა: დელფინო (25), სკოლა (13), ხასენი (11+5 მოხსნა), პრიჯიონი (7+6 პასი), ლ. გუტიერესი (7), სეკერა (6), კინტეროსი (6), ობერტო (4+5 მოხსნა), ხ. გუტიერესი (4), მატა (2).
1/2 ფინალი
11 სექტემბერი
თურქეთი-სერბეთი
აშშ-ლიტვა

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული