თურქეთის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ერსან ილიასოვა უზბეკეთში გაიზარდა და ვარჯიშიც იქ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თურქეთის ნაკრებმა ამერიკის ბრწყინვალე გუნდთან წააგო, თურქი გულშემატკივრები საკუთარ მოთამაშეებს გმირებად აღიქვამენ. ერთ-ერთი მათგანია ერსან ილიასოვა, რომელიც სულ ახლო წარსულში ვერც კი იფიქრებდა ასეთ დიდებაზე. ის ხომ უბრალო ბიჭი იყო, სახელად არსენ ილიასოვი, რომელიც უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში ცხოვრობდა.
ერსან ილიასოვა იქამდე გაიცნეს, სანამ ეს ნიჭიერი კალათბურთელი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა და NBA-ის სკაუტების ინტერესის ქვეშ მოექცეოდა. 2002 წლის ბოლოს,
"11 წლის ასაკში არსენი ბუხარას სპორტსკოლაში მოვიდა და იქ 15 წლამდე ვარჯიშობდა, - ამბობს უზბეკეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რომან იცკოვი. - მაგრამ შემდეგ მისმა მშობლებმა თურქეთში გადასვლა გადაწყვიტეს და ბიჭიც თან წაიყვანეს. მართალია, ილიასოვი ეროვნებით არა უზბეკი, არამედ ყირიმელი თათარია, ჩვენ მაინც განვაცხადეთ პროტესტი და საკითხის მოგვარება მოვითხოვეთ. თურქებს ტრანსფერის ღირებულებად სულ რაღაც 100 ათასი დოლარი დავუწესეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამასაც ვერ ვეღირსეთ".
რამდენიმე კვირის შემდეგ სტამბოლში ვინმე სემსეთინ ბიულუთი გამოცხადდა, რომელსაც საკუთარი შვილის რეგისტრაციაში გატარება სურდა. თითქოს ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მოულოდნელად გამოცხადებულმა "მამამ" იმ 15 წლის ბიჭის დოკუმენტები წარმოადგინა, რომელსაც დღეს საკალათბურთო სამყარო ერსან ილიასოვად იცნობს. როგორც ჩანს, თურქმა საკალათბურთო ჩინოვნიკებმა უკვე მაშინ შეამჩნიეს ახალგაზრდა ბიჭში მომავალი ვარსკვლავი და მისი ნიჭის გამოყენება ქვეყნის იუნიორთა ნაკრებებში სცადეს. ხანმოკლე გამოძიების შემდეგ FIBA-მ კალათბურთელის მხარე დაიჭირა: თურქეთის მოქალაქის პასპორტის შეფასებისას იურიდიული ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს.
"ის ჩემთან სექციაში მერვე კლასში მოვიდა და უკვე მაშინ მისი სიმაღლე მეტრი და 95 სანტიმეტრი იყო, - იხსენებს ილიასოვას პირველი მწვრთნელი იგორ ბურნაშევი. - არსენი კალათბურთის ნამდვილი ფანატიკოსი იყო: დარბაზში ვარჯიშის შემდეგ რჩებოდა და ტყორცნებზე მუშაობდა. სკოლა ჩვენთან ბუხარაში დაასრულა და ორ მეტრამდე გაიზარდა. სპორტის ოსტატის წოდება მიიღო, რის შემდეგაც ქვეყნის პირველი ნაკრების კანდიდატი გახდა".
ამბობენ, რომ ახალი პასპორტის გაფორმებისას ილიასოვას სამი წელი ჩამოაკლეს. ამას ადასტურებს ბურნაშევის მონათხრობი: პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში სკოლას 15 წლის ასაკში არ ამთავრებდნენ. არსენმა კი თურქეთს სკოლის დასრულების შემდეგ მიაშურა და ერთი წლის თავზე 16-წლამდელთა ნაკრების რიგებში თამაში დაიწყო.
ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში, NBA-ის კლუბ "მილუოკიში" გადასვლა... ახლა კი მეორე ადგილი მსოფლიოს პირველობაზე და ეროვნული გმირის სტატუსი. "ცოტა ხნის წინ ბუხარას არსენის დედა სტუმრობდა და ყვებოდა იმის შესახებ, თუ რა კარგად ცხოვრობენ ამერიკაში, - აგრძელებს ბურნაშევი. - არსენის თამაში კარგა ხანია ტელევიზორითაც არ მინახავს: ჩვენი ცენტრალური არხები ტურნირს არ გადმოსცემდნენ. თუმცა ხანდახან ვკითხულობ მის ინტერვიუებს ინტერნეტში და ვხედავ, რომ ისეთივე დარჩა, როგორიც ადრე იყო - მოკრძალებული და ჩუმი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"