დურანტი: მწვრთნელი აღმაფრენით თამაშს გვთხოვდა

AutoSharing Option

ამერიკის ნაკრების ლიდერმა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ კევინ დურანტმა შინ დაბრუნების შემდეგ უამრავი ინტერვიუ დაარიგა. გთავაზობთ ESPN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საუბრის ფრაგმენტებს, რომელშიც დურანტი გასული პირველობის პერიპეტიებს ყვება.

- რას გრძნობთ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ?
- ორკვირიანი ტურნირის შემდეგ ფანტასტიკური ემოციები მაქვს - რაც არ უნდა იყოს, დასახული მიზანი შევასრულეთ. ამაყი ვარ შინ ოქროს მედლით დაბრუნების გამო. ეს ერთადერთია, რის მიღწევასაც ამ ჩემპიონატზე ვცდილობდით. თანაგუნდელებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს ჩემს დასახმარებლად და იმდენს მიაღწიეს, რომ მე საუკეთესო გავხდი.

-

როგორ გაუძელით ასეთ ზეწოლას - თქვენ ხომ სულ რაღაც 21 წლის ხართ?
- მწვრთნელმა მთხოვა სასტარტო ხუთეულის წევრი გავმხდარიყავი და მეც მივიღე ეს გამოწვევა. რთული იყო, რადგან მხოლოდ ოქროს მედალი მომცემდა ისტორიაში შესვლის საშუალებას.

- ალბათ, ორმაგად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომელსაც "ამერიკის მეორე ნაკრებს" უწოდებდნენ?
- ეს ყველა მოთამაშეს დამატებით მოტივაციას აძლევდა. სამშობლოში მართლაც ეჭვი ეპარებოდათ ჩვენს შესაძლებლობებში, ამბობდნენ, რომ გაგვიჭირდებოდა გამარჯვების მოპოვება. მაგრამ ჩვენ თურქეთში ჩავედით და დავამტკიცეთ, რომ სკეპტიკოსები ცდებოდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რისი გაუმჯობესება შეიძლება თქვენს თამაშში?
- ფართან ზურგშექცევით თამაში, ბურთის ტარება... ბევრი დეტალია დასახვეწი, რის გარეშეც საუკეთესო კალათბურთელი ვერ გავხდები. ყოველდღიურად ვიმუშავებ ამ მიზნის მისაღწევად.

- ყველამ დაინახა როგორ მოახერხეთ პუბლიკის აყოლიება, რაც თქვენთვის არადამახასიათებელია. რამ გიბიძგათ ამისკენ?
- მკერდში მუშტი ჩავირტყი. ამით მინდოდა ყველასთვის მეთქვა: ეს ჩვენ ვართ, ამერიკის ნაკრები. ეს უნებლიედ მოხდა, აღელვებული ვიყავი. როცა შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ძლიერი გრძნობების მოძალება გაქვს. მწვრთნელი მუდმივად გვეუბნებოდა, რომ აღმაფრენით უნდა გვეთამაშა, ემოციები ბოლომდე დაგვეხარჯა. სწორედ ამან გაგვამარჯვებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული