ჩარლზი და ლებრონი შეიბნენ: "კლივლენდი" გამთამაშებელს ეძებს

AutoSharing Option
ბოლო დღეებში, სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება გამართეს NBA-ის ყოფილმა მოთამაშემ, ტელეანალიტიკოსმა ჩარლზ ბარკლიმ და "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბოლოდროინდელი წაგებების შემდეგ, ლებრონმა თავისი გუნდის ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება, კერძოდ, მაღალკვალიფიციური გამთამაშებლის დამატება მოსთხოვა. სწორედ ამას გამოეხმაურა ბარკლი.

"ჯეიმსის სიტყვები დაუშვებელია. "კლივლენდი" აკეთებს ყველაფერს, რასაც ის მოისურვებს. "კავალიერზს" აქვს ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი ლიგის ისტორიაში. ლებრონს სურდა ჯეი არ სმიტი და ის გუნდმა შეიძინა, უნდოდა შამპერტი - და ისიც დაიმატეს. ცოტა ხნის წინ კი კაილ კორვერით გაძლიერდნენ.

ლებრონი
ხომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა. მას თავის გარშემო საუკეთესოების შემოკრება სურს? ნუთუ თავად ბრძოლას აღარ აპირებს?" - განაცხადა ბარკლიმ.

სწორედ ამ სიტყვებს უპასუხა ლებრონმა:

"ის, უბრალოდ, ჰეიტერია (ადამიანი, რომელსაც ყველა და ყველაფერი ეზიზღება და ნებისმიერ დადებით არგუმენტზე ათი უარყოფითი მოჰყავს - რედ.). რატომ უნდა ვუსმინოთ მის სიტყვებს? იმიტომ, რომ ტელევიზიაში მუშაობს?

არ მივცემ უფლებას, უპატივცემულობა გამოიჩინოს ჩემი მიღწევების მიმართ. მე არ გადამიგდია ადამიანი ფანჯრიდან, არასოდეს შემიფურთხებია ბავშვისთვის, არ მქონია ვალი ლას ვეგასში, არასოდეს მითქვამს: "არ ვარ მისაბაძი მაგალითი"...

ერთადერთი, რაც მთელი კარიერის განმავლობაში მიკეთებია - ეს არის NBA-ის წარმოჩენა სწორი კუთხით. 14 წლის განმავლობაში, ერთ უსიამოვნო სიტუაციაშიც კი არ მოვხვედრილვარ. პატივს ვცემ თამაშს".

ბარკლის პასუხმა არ დააყოვნა:

"ჩემს აზრზე ვრჩები, მაგრამ პიროვნებებზე არ გადავალ. ჯეიმსი მთელი კვირა ტიროდა. მაგრამ მე კეთილგანწყობილი და პირდაპირი ადამიანი ვარ. ლაფში არ ამოვსვრი NBA-ის მოთამაშეს.

ლებრონმა კარგად შეასრულა საშინაო დავალება და ინტერნეტში ჩემზე "კომპრომატი" იპოვნა, რამაც ძალიან გამაცინა. ვაფასებ იმას, რომ არ დაეზარა ჩემი ბიოგრაფიის შესწავლა. რაც შეეხება მისი მისამართით ჩემს კრიტიკას, ის სამართლიანი იყო".

* * *
"კლივლენდმა" კი მართლაც დაიწყო ახალი გამთამაშებლით ძებნა და გასასინჯად მიიწვია ამ ამპლუის სამი მოთამაშე: მარიო ჩელმერსი, ჯორდან ფარმარი და კირკ ჰაინრიხი, აგრეთვე, შემტევი მცველი ლენს სტივენსონი, - იტყობინება ESPN.

ჩელმერსმა და სტივენსონმა ახლახანს მოირჩინეს ტრავმები, ფარმარმა წელს ორი მატჩი ჩაატარა "საკრამენტოს" რიგებში, ჰაინრიხს კი შარშანდელი სეზონის შემდეგ უთამაშია.

"კავალიერზისთვის" კიდევ ერთი ვარიანტი იყო "დალასიდან" ტრეიდის მეშვეობით დერონ უილიამსის გადაბირება, თუმცა, "მავერიქსის" ხელმძღვანელობა სეზონის ბოლომდე არ აპირებს დერონისა და უესლი მეტიუზის გაცვლას.

ასევე, გაჩნდა ერთი მოულოდნელი ვარიანტი: როგორც USA Today წერს, 37 წლის გამათამაშებელს ბაირონ დევისს მიაჩნია, რომ სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც მოქმედ ჩემპიონს სჭირდება. ვეტერანი, რომელმაც ბოლოს NBA-ში 2011-12 წლების სეზონში ითამაშა, საჭიროების შემთხვევაში, ორ კვირაში შეძლებს ფორმის აღდგენას. ყოველ შემთვევაში, თავად ასე ამბობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული