თუმცა ერთადერთი ფავორიტი, რომელთანაც "ჰიტს" წაგება არ ჰქონდა, "ლეიკერსი" იყო. ამ გუნდების პირველი მატჩი კალიფორნიაში ლებრონისა და კომპანიის მოგებით დასრულდა. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ აღმოსავლური ტურნეთი
მასპინძლებმა კარგად დაიწყეს - ორი ჩაჭრა და რვა უპასუხო ქულა. "ლეიკერსმა" მარტივად უპასუხა - კობი ბრაიანტმა საშუალოდან ჩააგდო, შემდეგ პერსონალურით, ამას მოჰყვა სამქულიანი და ბოლოს ჩატენვა სწრაფი გარღვევის შემდეგ - 10:8 სტუმრების სასარგებლოდ. არადა, თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც წუთი და 35 წამი იყო გასული.
"მაიამის" "დიდ ტრიოს" ისევ არ ჰქონდა სათანადო მხარდაჭერა. ერიკ სპოელსტრამ პირველ მეოთხედში მეხუთე ნომრად სამი კალათბურთელი ათამაშა (ილგაუსკასი, ჰოვარდი და დამპიე), რომლებმაც ერთი ქულაც ვერ აიღეს. და მაინც, პირველ მეოთხედში "მაიამიმ" შეძლო სამქულიანი უპირატესობის მოპოვება. მეორე 12-წუთეულიც ასევე თანაბარი გამოდგა და დიდი შესვენებისთვის ჩემპიონის ჩამორჩენა მხოლოდ ორი ქულა იყო.
მესამე მეოთხედის სტარტზე "ლეიკერსის" დაცვა თითქმის გაუვალი გახდა. ოთხი წუთისა და 15 წამის განმავლობაში "ჰიტის" კალათბურთელები ბურთს ვერ აგდებდნენ - 7 ტყორცნა და ყველა არაზუსტი. მასპინძლები იმან გადაარჩინა, რომ ამ დროის განმავლობაში მეტოქემ მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.
თანაფარდობა დუეინ უეიდმა დაარღვია ზუსტი სამქულიანით - 58:55. იგივეთი უპასუხა მეტოქეს რონ არეტსმა და ისევ დაიწყო ქულა-ქულაში თამაში. ბრძოლა ისე თანაბრად ვითარდებოდა, რომ "ლეიკერსის" მიერ მოპოვებული ექვსქულიანი სხვაობა მეტად სოლიდურ უპირატესობად მოჩანდა. ჩემპიონებმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს და ბოლო მეოთხედი მათი ორქულიანი უპირატესობით დაიწყო. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ პირველ მეოთხედში ბრწყინვალედ მოთამაშე კობი მეორე და მესამე ნაწილში ჩრდილში მოექცა.
ყველაფერი ბოლო მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა. პირველი წუთების გმირი "ჰიტის" ახალწვეული მაიკ ბიბი აღმოჩნდა. მისმა ორმა სამქულიანმა მასპინძელთა გუნდი წინ გაიყვანა - 76:73. ოდომის ორი ჯარიმის შემდეგ ანგარიში ისევ მინიმუმამდე შემცირდა. სწორედ ამ დროს "ლეიკერსმა" კვლავ გააძლიერა დაცვა და შემდეგ ხუთ წუთში მეტოქისგან მხოლოდ ოთხი ქულა მიიღო, თუმცა თავად ამჯერადაც ერთი ტყორცნით მეტი ჩააგდო. ამდენი შეცდომის ფონზე მატჩმა სანახაობრივი მხარე დაკარგა და საერთო ჯამში, ფავორიტების დაპირისპირება მოსაწყენი საცქერი იყო.
ბოლოსკენ, როგორც იქნა, თამაში წაუვიდათ უეიდსა და ბრაიანტს. პირველმა ზედიზედ სამჯერ ფარქვეშიდან ჩააგდო, კობიმ კი ორჯერ 8-9 მეტრიდან ზუსტად გაისროლა. საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 88:88.
გადამწყვეტი აღმოჩნდა თამაშის დამთავრებამდე 46 წამით ადრე უეიდის გარღვევა, რის შემდეგაც მასპინძლების უპირატესობა ოთხ ქულამდე გაიზარდა (მანამდე ლებრონმა ჩაჭრა ბურთი და სწრაფი შეტევა ჩატენვით დაასრულა). საპასუხო შეტევაში კობიმ ბურთი დაკარგა და ამით ყველაფერი დასრულებული იყო. საინტერესოა, რომ შეხვედრაში 18-ჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში და 16-ჯერ შეიცვალა ლიდერი.
ამ გუნდებს რეგულარულში აღარ უწევთ შეხვედრა, ასე რომ, ჩემპიონატის ხუთ ლიდერს შორის "ლეიკერსი" ერთადერთია, რომელმაც "ჰიტის" დამარცხება ვერ შეძლო.
* * *
არანკალებ ინტერესს იწვევდა "დალასისა" და "ნიუ იორკის" შეხვედრა. ტექსასელები ცუდი განწყობით, მაგრამ ძალიან მოტივირებულები შეხვდნენ ამ მატჩს. წინა დღეს "ნიუ ორლეანთან" "მავერქისმა" ბოლო 55 წამში შვიდქულიანი უპირატესობა გაანიავა.
ამ წაგებით გაბრაზებულმა "დალასმა" "ნიუ იორკის" წინააღმდეგობა არ შეიმჩნია. განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ მასპინძლები პირველ ტაიმში, რომელშიც ამ სეზონში შედეგიანობის ორი პირადი რეკორდი დაამყარეს - 41 ქულა მეოთხედში და 72 - ტაიმში.
მაქსიმალური უპირატესობა მესამე მეოთხედის შუაში დაფიქსირდა - 88:62. თამაში გაკეთებული იყო. მოგვიანებით "ნიქსმა" შეძლო 12:0 გაქცევა და სხვაობის 13 ქულამდე შემცირება, მაგრამ ინტრიგა მაინც არ გაცოცხლებულა. სტუმრებს ვერ უშველა ამარე სტაუდმაიერის 36 ქულამ. "ნიუ იორკის" მეორე ლიდერი კარმელო ენტონი 18 ქულითა და 10 მოხსნით შემოიფარგლა.
* * *
"დენვერ ნაგეტსი" ზედიზედ 13 მატჩი ვერ ახერხებდა სტუმრად "ფინიქსის" დამარცხებას და ეს არასახარბიელო სერია გუშინ ძალიან იოლად შეწყვიტა. "სანზს" არ გამოუვიდა თამაში განახლებული "დენვერის" წინააღმდეგ, რომელიც შეტევაში ადრეც კარგი იყო, ახლა კი დაცვაში თამაშიც ისწავლა. სწორედ ამის წყალობით შეაჩერეს სტუმრებმა სტივ ნეში, რომელმაც მხოლოდ შვიდი შედეგიანი პასი გააკეთა და ექვსი შეცდომა დაუშვა. ვინს კარტერმაც ჩააგდო მატჩი - თამაშიდან 2 ზუსტი ტყორცნა (11-დან) და 6 ქულა. რაც მთავარია, არ იმუშავა მასპინძლების მთავარმა იარაღმა - სამქულიანებმა: 22 შორეული ტყორცნიდან მხოლოდ ხუთმა მიაღწია მიზანს.
სამაგიეროდ, "დენვერმა" გამოიყენა თავისი კოზირები. მაგალითად, კოლორადოელებმა სწრაფ გარღვევებში 33 ქულა დააგროვეს, სამწამიან ზონაში - 66 ქულა. დიდი შესვენებისთვის "ნაგეტსის" უპირატესობა 10 ქულას შეადგენდა, მაგრამ მესამე მეოთხედში სხვაობა 24 ქულამდე გაიზარდა.
მაიამი-ლეიკერსი 94:88
29:26, 26:27, 13:17, 26:18
მ: ბოში (24+9 მოხსნა), უეიდი (20+5 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (19+9 პასი+8 მოხსნა), მილერი (12+7 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (24), გასოლი (20+5 მოხსნა), ბინუმი (13+12 მოხსნა), ოდომი (11+5 მოხსნა).
დალასი-ნიუ იორკი 127:109
31:21, 41:30, 27:34, 28:24
დ: ნოვიცკი (23+9 მოხსნა), მერიონი (22+8 მოხსნა), ტერი (21), ბობუა (14+6 პასი), დუგლასი (12+8 მოხსნა).
ნ-ი: სტაუდმაიერი (36+7 მოხსნა), ფილდსი (19+6 მოხსნა), ენტონი (18+10 მოხსნა+5 პასი), დუგლასი (18+8 პასი), უილიამსი (14).
ფინიქსი-დენვერი 97:116
25:30, 24:29, 17:31, 31:26
ფ: გორტატი (14+18 მოხსნა), დადლი (13), უორიკი (12+5 მოხსნა), ჰილი (12).
დ: ნენე (22+7 მოხსნა), ლოუსონი (20+11 პასი), ჩენდლერი (16+5 მოხსნა), ანდერსენი (12), სმიტი (12).
.