მატჩის წინ გაირკვა, რომ "სან ანტონიოს" ამჯერად სამივე ლიდერი - დანკანი, ჯინობილი და პარკერი დაეხმარებოდნენ, ამიტომაც მასპინძლებს უკვე ნახსენები უიღბლო სერიის შეწყვეტის იმედი ჰქონდათ. ერთი დაბრუნება შედგა "ბოსტონის" შემადგენლობაში - 36 მატჩის გამოტოვების
თამაში დაძაბული და თანაბარი გამოვიდა და პირველმა ტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 49:49. მესამე მეოთხედის სტარტზე მეტოქეებმა მინი-სპურტები გაცვალეს: ჯერ "სპურსმა" ჩააგდო ხუთი უპასუხო ქულა, შემდეგ კი "ბოსტონი" გაიქცა 8:0. სტუმრები ამით არ დაკმაყოფილდნენ და მეოთხედის ბოლოს უფრო სერიოზული სპურტი განახორციელა - 14:0 და პირველად მიაღწია ორნიშნა უპირატესობას. ამ მონაკვეთში ბრწყინვალე იყო რონდო, რომელიც თითის მოურჩენელი ტრავმით თამაშობს. "კელტების" გამთამაშებელმა საერთო ჯამში 22 ქულა, 14 პასი და 5 მოხსნა დააგროვა და მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.
მატჩის ბოლო ნაწილი "ბოსტონმა" იდეალურად ჩაატარა და არ მისცა "სპურსს" შეხვედრის გადარჩენის შანსი. სხვათა შორის, "სელტიქსი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "სან ანტონიომ" 2010-11 წლების სეზონში ვერ მოუგო.
მოგების მიუხედავად, ბოსტონელებმა ბოლომდე კარგი განწყობით ვერ დატოვეს სან ანტონიო. ამჯერად ტრავმა მიიღო ნენად კრსტიჩმა, რომელმაც ექიმების დახმარებით დატოვა მოედანი. ახლა სერბს სამედიცინო შემოწმება ელის და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა მუხლის ტრავმის ხარისხი.
რაც შეეხება რეგულარულში დაბრუნებულ ტიმ დანკანს, როგორც ჩანს, ამ კალათბურთელზე არ უმოქმედია ბოლო ოთხი მატჩის გამოტოვებას. ვეტერანმა 20 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გარდა ამისა, მას კარიერაში 11 967 მოხსნა დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში 21-ე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო დენის როდმანს.
* * *
დღის მეორე მატჩში ჩემპიონი" ლეიკერსი" "დალასს" მასპინძლობდა. ორივემ იცოდა "სან ანტონიოს" მარცხის შესახებ და ბუნებრივია, ორივე ეცდებოდა ლიდერთან მაქსიმალურად მიახლოებას.
აქ ბრძოლა მხოლოდ პირველ ნახევარში იყო, მეორეში კი "კოვბოების" თამაში მთლიანად მოიშალა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედის სტარტიდანვე დაიწყეს გაქცევა და მეოთხეს დასაწყისში ლამარ ოდომმა გამანადგურებელი გახადა სხვაობა - 20 ქულა.
სტუმრებმა მოინდომეს და საფინალო სირენამდე 7 წუთითა და 41 წამით ადრე სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ იქვე მეტოქეს პერსონალური 8:0 სპურტით უპასუხა ბრაიანტმა.
უფრო საინტერესო იყო ამ მატჩში ამტყდარი ჩხუბი. თამაშის ბოლოს წაგებით ანერვიულებულმა ჯეისონ ტერიმ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ზურგში ხელი ჰკრა ფარქვეშ შესულ სტივ ბლეიკს. მასპინძლების გამთამაშებელი სამართლიანად აღშფოთდა, მაგრამ დალასელს ბოდიშის მოხდა არც უფიქრია, პირიქით, გამომწვევად დაუდგა წინ მეტოქეს. ბლეიკის დაცვა მეტ ბარნსმა ითავა.
კალიფორნიელთა ფორვარდმა ხელი უბიძგა ტერის და მოედანზე კინაღამ გრანდიოზული ჩხუბი ატყდა. საბოლოოდ, მსაჯებმა ეს სამეული მოედნიდან მიაბარძნეს და ბრენდან ჰეივუდიც მათ გზას გაუყენეს.
სან ანტონიო-ბოსტონი 97:107
33:31, 16:18, 21:28, 27:30
ს-ა: პარკერი (23+8 პასი), დანკანი (20+13 მოხსნა), ჯეფერსონი (14).
ბ: რონდო (22+14 პასი+5 მოხსნა), პირსი (21+11 მოხსნა+7 პასი), დევისი (16+8 მოხსნა), ალენი (13).
ლეიკერსი-დალასი 109:82
28:26, 26:25, 28:19, 27:12
ლ: ბრაიანტი (28+5 მოხსნა), გასოლი (20+7 მოხსნა), ბინუმი (18+13 მოხსნა), ოდომი (16+11 მოხსნა), არტესტი (13+6 პასი).
დ: ნოვიცკი (27+13 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (13), ბარეა (10), ჩენდლერი (7+10 მოხსნა).