დაფასებული არვიდას საბონისი

AutoSharing Option
გუშინ გაირკვა იმ კალათბურთელების ვინაობა, რომლებსაც წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანენ. ოფიციალური ცერემონია აგვისტოში ამერიკის ქალაქ სპრინგფილდში გაიმართება.

ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ სკანდალურად ცნობილმა დენის როდმანმა ნაადრევად გაუმხილა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ წელს ის დიდების დარბაზის წევრი გახდებოდა. დანარჩენების ვინაობა კი მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი მათგანია ლეგენდარული ლიტველი ცენტრი არვიდას საბონისი. მასთან და როდმანთან ერთად დიდების დარბაზში შეიყვანენ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, "გოლდენ სტეიტისა" და "ინდიანას" ყოფილ მოთამაშეს, კრის მულინს, NBA-ის ვარსკვლავებს ერტის გილმორსა და
ტომ სანდერსს, "ჩიკაგოსა" და "ლეიკერსში" ფილ ჯექსონის ყოფილ ასისტენტს ტექს უინტერს, ცნობილი საკალათბურთო გუნდის "ჰარლემ გლობტროტერსის" წევრ რიზ ტატუმს, მწვრთნელებს - ჰერგი მაგისა და ტარა სანდერვირსა და ქალებს შორის ოლიმპიურ ჩემპიონ ტერეზა ედვარდსს.


* * *
არვიდას საბონისმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში თამაშისას გაითქვა სახელი. მას 1981 წლის ოქტომბერში, 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი კაუნასის "ჟალგირისის" შემადგენლობაში, მომდევნო წელს კი უკვე სსრკ-ის ნაკრებში მიიწვიეს. საბასმა პირველად "ჟალგირისი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1985 წელს გახადა და მომდევნო სეზონში გაიმეორა ეს წარმატება. იმავე 1986 წელს ის "პორტლენდმა" NBA-ის დრაფტში 24-ე ნომრად აირჩია. სხვათა შორის, წინა წელს "ატლანტამ" 77-ე ნომრად აიყვანა, მაგრამ იმ დრაფტის შედეგი გააუქმეს, რადგან მაშინდელი წესების თანახმად, ლიტველს თავისი ასაკის (20 წლის) გამო არ შეეძლო დრაფტზე გასვლა.

1987 წელს აქილევსის მყესის დაზიანების მიუხედავად, საბონისმა "ჟალგირისს" ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოაგებინა. ამის შემდეგ ტრავმა გაიმიზეზა და ერთი წელი მკურნალობა მოუწია. ამერიკელი ექიმების დახმარებით ის ფეხზე დადგა და სეულის ოლიმპიადაზე (1988) გაემგზავრა, სადაც სსრკ-ის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოიგო.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1995 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალთან" ერთად კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. სექტემბერში "პორტლენდთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. 1997-98 წლების სეზონში მან NBA-ში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - ერთ მატჩში 33 ქულა ჩააგდო. მისთვის საუკეთესოდ 1998-99 წლების სეზონი მიიჩნევა, როცა "პორტლენდმა" NBA-ის ფინალში ითამაშა, 2000 წელს კი "ბლეიზერსს" დასავლეთის ფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც "ლეიკერსთან" დამარცხდა. კარიერის ბოლო წლები საბონისმა "ჟალგირისში" გაატარა.

ლიტვის ნაკრების შემადგენლობაში ვეტერანმა ცენტრმა ევროპის 1995 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მიიღო, ასევე საპრიზო სამეულში შევიდა ბარსელონასა და ატლანტას ოლიმპიადებზე. 2001 წელს საბონისმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი მიიღო.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული