გაქცევა ნიუ ორლეანიდან

AutoSharing Option

წლევანდელი ზაფხული ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არნახულად საინტერესო გამოვიდა. ლებრონ ჯეიმსის, კრის ბოშის, ამარე სტაუდმაიერისა და კარლოს ბუზერის ხმაურიანი ტრანსფერების შემდეგ, თითქოს დასრულდა სუპერვარსკვლავების გარიგებათა ფეიერვერკი... მაგრამ არა - მეხის გავარდნასავით იყო "ნიუ ორლეან ჰორნეტსის" გამთამაშებლის კრის პოლის სიტყვები, რომელმაც ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა კლუბის ხელმძღვანელობას ტრეიდის სასწრაფოდ ორგანიზება.

რა თქმა უნდა, ეს ახალი ამბავი ძალიან მალე გახდა მთავარი განსახილველი თემა. პოლმა, რომელსაც კონტრაქტით ლუიზიანურ კლუბთან კიდევ ორი წელი აკავშირებს, განაცხადა, რომ არ აკმაყოფილებს კლუბის პოლიტიკა და საქმეების ორგანიზება, რადგან ხელმძღვანელობა არ

ჩქარობს ახალი კალათბურთელების შეძენას, ლოდინის ტაქტიკა აქვს არჩეული და არ დგამს არანაირ ნაბიჯს მომავალი განვითარებისა და ზრდისთვის.

როგორც კი ლიგაში მეგავარსკვლავებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმება დაიწყეს, პოლს სულ უფრო და უფრო გაუფუჭდა ხასიათი: "მადლობელი ნიუ ორლეანისა და მისი მაცხოვრებლების. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ აქ კარიერის ბოლომდე დარჩენის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არ შემიძლია უსაქმოდ ვიჯდე ისე, როგორც ამას კლუბის ხელმძღვანელობა აკეთებს. არაერთხელ მითქვამს, რომ მინდა საჩემპიონო ამბიციების გუნდში თამაში და თუ "ჰორნეტსი" ასეთი გუნდი არ არის, იძულებული ვარ კარდინალურ ზომებს მივმართო". რაში მდგომარეობს ეს კარდინალური ზომები, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული: პოლი ჭირვეული ბავშვივით ვერ გაიბუტება და უარს ვერ იტყვის თამაშზე. მაგრამ ასეა თუ ისე, კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო და პოლის სიტყვებს ახალი გენერალური მენეჯერის - დელ დემპსის დანიშვნით უპასუხა, მაგრამ ვერც ამ ნაბიჯმა მოიტანა საჭირო ეფექტი.

უკვე მომდევნო დღეს ვარსკვლავურმა პლეიმეიკერმა განაცხადა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დატოვოს კლუბი და იქვე საზოგადოებას თავისი პრიორიტეტების შესახებაც ამცნო. პრესაში ყველაზე ხშირად სახელდებოდა "ლეიკერსის", "ორლანდოსა" და "ნიუ იორკის" სახელები. იქვე გაჩნდა პოლის ანონიმური მეგობრის განცხადება იმის შესახებ, რომ კრისს რომელიმე სუპერვასკვლავთან დუეტში თამაში უნდა. "ნიუ ორლეანის" ახალ მთავარ მწვრთნელ მონტი უილიამსს ისღა დარჩენოდა დაერწმუნებინა თავისი მთავარი ვარსკვლავი, რომ მალე "ჰორნეტში" ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხდება ეს.

საკმარისია გადავხედოთ სამხერეთელთა ფინანსურ საქმეებს და გასაგები გახდება, რომ უახლოეს პერიოდში ისინი ხელფეხშეკრულები არიან. პრედრაგ სტოიაკოვიჩის (15.3 მილიონი წელიწადში), ემეკა ოკაფორისა (11.5 მლნ) და ჯეიმს პოუსის (6.5 მლნ) კონტრაქტების გადამკიდე, "ჰორნეტსი" თავისუფალი აგენტების ბაზარზე ზედმეტი ფუფუნების უფლებას ვერ მისცემს საკუთარ თავს. ისმის კითხვა: რაზე ფიქრობდა კრის პოლი, როცა ასეთ გუნდთან მრავალწლიან კონტრაქტს აწერდა ხელს? მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ წელიწადნახევრის წინ "ნიუ იორლეანი" კარგად ორგანიზებული კოლექტივი იყო, რომელსაც აშკარა პროგრესი ეტყობოდა. პოლი, დევიდ უესტი და ტაისონ ჩენდლერი რეგულარუდ იღებდნენ ქათინაურებს და მათ დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. ამიტომაც შეიძლება გავუგოთ პოლს, რომელსაც 2008 წელს არც უფიქრია, ისე მოაწერა ხელი დოკუმენტს და "ნიუ ორლეანში" კიდევ ოთხი წლით დარჩა.

მაგრამ ახლა, როგორც კი კლუბს საქმე ცუდად წაუვიდა, პოლმა პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მარტივი გზა აირჩია - მარტივი მისთვის, მაგრამ არა კლუბისთვის. ცხადია, რომ ახლა "ჰორნეტსი" პოლის გაცვლის შედეგად წაგებული დარჩება. კლუბი კარგავს ულაპარაკო ლიდერს, რომლის გარშემოც იქნებოდა გუნდის თამაში, მისი შემცვლელი კი "ჰორნეტსს" უბრალოდ არ ჰყავს. პოლს ულტიმატუმი ერთი თვით ადრე რომ წამოეყენებინა, მანევრებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იქნებოდა, ახლა კი ყველა ძლიერი კალათბურთელი სხვადასხვა კლუბებმა დაიტაცეს. ასე რომ, "ნიუ ორლეანი" კარგად უნდა დაფიქრდეს პოლის გაცვლის ორგანიზებისას. ამ კალათბურთელის ხელში ჩაგდებას ბევრი კლუბი მოისურვებს, მაგრამ საკითხავია, სანაცვლოდ რისი შეთავაზება შეუძლიათ.

ლეიკერსი
პირველი კანდიდატია - მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი". ამ ცნობამ ყველა გააოცა. "ლეიკერსმა" ამ ზაფხულს ზუსტად გათვლილი შესანიშნავი სელექცია ჩაატარა და ისედაც შეთამაშებული შემადგენლობა ახალი შემსრულებლებით გააძლიერა. ძნელი წარმოსადგენია კალიფორნიელებმა თუნდაც კრის პოლის სანაცვლოდ საათივით აწყობილი შემადგენლობა დაშალონ. მაგალითად, ვარსკვლავი გამთამაშებლის სანაცვლოდ შეელიონ ლამარ ოდომს, ენდრიუ ბინუმსა და რონ არტესტს. ასეთი ნაბიჯი, ალბათ, ზედმეტი იქნება. გარდა ამისა, ფილ ჯექსონის გუნდმა შეინარჩუნა თავისი ძირითადი გამთამაშებელი - დერეკ ფიშერი და თან გაიფორმა საკმაოდ კარგი პლეიმეიკერი სტივ ბლეიკი. დაუმატეთ ამას კალიფორნიელთა წარუმატებელი ექსპერიმენტი 2004 წელს, როცა გუნდმა "დრიმ თიმის" შექმნა გადაწყვიტა და კარლ მელოუნითა და გერი პეიტონით შეავსო შემადგენლობა, მაგრამ ფინალურ სერიაში სასტიკად წააგო "დეტროიტ პისტონზთან". ასე რომ, "ლეიკერსი" აღარ არის ამგვარი ექსპერიმენტების ობიექტი.

ორლანდო
შემდეგი პოტენციური კანდიდატია - "ორლანდო მეჯიქი". ამ გუნდს სატრეიდოდ უფრო მეტი კალათბურთელი ჰყავს, ვიდრე "ლეიკერსს". მაგალითად, ვინს კარტერი, რომელმაც სუსტად ჩაატარა შარშანდელი სეზონი, მიკაელ პიეტრუსი ან თუნდაც არასტაბილური ჯამირ ნელსონი. სხვა საკითხია, მოისურვებს თუ არა "ორლანდო" მსგავის გაცვლის განხორციელებას. გუნდს აშკარა ლიდერი ჰყავს დუაიტ ჰოვარდის სახით, რეგულარულად ხვდება პლეი ოფში და სტაბილურად სახელდება ჩემპიონობის პრეტენდენტად. საჭიროა თუ არა შემადგენლობაში კარდინალური ცვლილება? ამ კითხვაზე უნდა იმტვრიონ თავი მთავარმა მწვრთნელმა სტენ ვან განდიმ და გენერალურმა მენეჯერმა ოტის სმიტმა.

ნიუ იორკი
მესამე კანდიდატია - "ნიუ იორკ ნიქსი", რომელმაც ამ ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მიზანი - ლებრონ ჯეიმსი გაუშვა ხელიდან. სამაგიეროდ, კლუბმა მრავალწლიანი კონტრაქტი დაუდო ამარე სტაუდმაიერს, რომელიც პოლის კარგი მეგობარია. რა თქმა უნდა, "ნიუ იორკი" განზე ვერ გადგება იმ დროს, როცა ასეთი კალიბრის მოთამაშე ახალი კლუბის ძებნას იწყებს. ეჭვგარეშეა, რომ კრის პოლი "ნიქსს" ძალიან მოუხდება. ნიუიორკელებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან პოლის ნაცვლის პროექტში ჩართონ ნებისმიერი მოთამაშე - რა თქმა უნდა, ამარე სტაუდმაიერის გარდა. ლებრონ ჯეიმსის ტრანსფერში განცდილი კრახის შემდეგ, კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დონი უოლშმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მაინც აქვს "მედისონ სკვერ გარდენში" რამდენიმე სუპერვარსკვლავის შეკრების იმედი. ერთი უკვე ჰყავს - ამარე, მეორე შეიძლება პოლი გახდეს, მესამე კი კარმელო ენტონი, რომელიც გაისად გახდება თავისუფალი აგენტი. ასე რომ, "ბოსტონისა" და "მაიამის" შემდეგ, "ნიუ იორკშიც" "დიდი ტრიოს" შექმნას ველოდებით.

პორტლენდი
კიდევ ერთი კლუბი, რომელიც მზად არის კრის პოლისთვის ბრძოლაში ჩაებას, "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსია". ამ უკანასკნელს შეუძლია "ნიუ ორლეანს" კრისის სანაცვლოდ მნიშვნელოვანი "კომპლექტი" შესთავაზოს - ცენტრი ჯოელ პრჟიბილა, გამთამაშებელი ანდრე მილერი, ახალგაზრდა ტალანტები - ნიკოლა ბატუმი და ჯარედ ბეილესი. და თუ საჭირო გახდა, შეუძლია ამ კვარტეტს ესპანელი რუდი ფერნანდესი, შემდეგი დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება და ფულადი კომპენსაციაც დაუმატოს. ოღონდ სანაცვლოდ, პოლთან ერთად ემეკა ოკაფორსაც ჩაიგდებს ხელში. ამ ტრეიდის შედეგად პორტლენდელები პრაქტიკულად გამზადებულ გუნდს მიიღებენ და "ვარდების ქალაქში" საკმაოდ სიმპატიური და ჩემპიონობისთვის მომართული ბრიგადა ჩამოყალიბდება: კრის პოლი, ბრენდონ როი, ლამარკუს ოლდრიჯი და გრეგ ოდენი (თუ მოახერხებს გამოჯანმრთელებას).

ასე რომ, საინტერესო სატრანსფერო ზაფხული გრძელდება და ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა.

სპორტული გაზეთი ლელო 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ქალი მთლად პატიოსანი არ ჩანს. ალბათ სიგარეტსაც ეწევა.
მიხო
16:57 16-11-2019
1
სატრაბახო მართლაც ჰქონია...უფფფფფფფფფ
კარგით რა
18:58 18-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული