მაგრამ რაღაც საკითხები ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგალითად, რომელი გუნდი დაიკავებს მეორე ადგილს აღმოსავლეთში (აქ პირველი განთესვის ნომერი უკვე გაინაღდა "ჩიკაგომ"). ამ მხრივ ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა მაიამიში, სადაც "ჰიტმა" უშუალო კონკურენტ "ბოსტონ სელტიქსს" უმასპინძლა. გამარჯვებული პრაქტიკულად ინაღდებდა კონფერენციაში მეორე ადგილს.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ვერ აიცილებენ თავიდან პლეი ოფში შეხვედრას, მაგრამ ეს არა აღმოსავლეთის ფინალში, არამედ ნახევარფინალში მოხდება და
ფავორიტის დასახელება თითქმის შეუძლებელი იყო. მართალია, "მაიამი" შინ თამაშობდა, მაგრამ წინა სამი შეხვედრა "ბოსტონს" ჰქონდა მოგებული. გასაგებია, რომ "ჰიტს" შურისძიების გრძნობაც ამოძრავებდა.
შეხვედრის დებიუტი აშკარად სტუმრებისა იყო. ორ წუთში ანგარიში 6:0 გახდა და თან კრის ბოში ორი პერსონალურით სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. ერიკ სპოელსტრამ ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ მასპინძლებს ამან დიდად ვერ უშველა - ისინი კვლავ ვერაფერს უპირისპირებდნენ გარნეტისა და პირსის დუეტს.
შეხვედრის ხასიათი მეორე მეოთხედში შეიცვალა. პირველი ხუთი წუთის განმავლობაში სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს თამაშიდან, თუმცა "მაიამი" ძალიან შორს არ წასულა. დიდ შესვენებამდე 4 წუთითა და 19 წამით ადრე მოედანზე კინაღამ გრანდიოზული ჩხუბი ატყდა. ლებრონ ჯეიმსი კონტრშეტევაში გაიქცა და ის ჯარიმით ჯერმეინ ო'ნილმა შეაჩერა. დარღვევა აშკარად არასპორტული იყო - ბოსტონელს ბურთზე არ უთამაშია და უბრალოდ მხარი ჩაუდგა მეტოქეს. ლებრონი გაცხარდა და ზურგში ბურთი ესროლა ჯერმეინს. ერთ წამში ინციდენტის ეპიცენტრში ყველა კალათბურთელი გაჩნდა: პირსმა უეიდს ჰკრა ხელი, ჩელმერსმა - პირს...
სიტუაციაში გასარკვევად არბიტრებმა დიდი ხანი მოანდომეს ვიდეოჩანაწერის შესწავლას და საბოლოოდ ოთხი კალათბურთელი დასაჯეს ტექნიკურით. მომხდარისგან უფრო მეტი სარგებელი მასპინძლებმა ნახეს. ტაიმის დასრულებიდან 2 წუთითა და 12 წამით ადრე "მაიამის" უკვე ორნიშნა უპირატესობა ჰქონდა - 47:37.
მესამე 12-წუთეულში სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა და რაც დრო გადიოდა, "სელტიქსის" გასვლითი მოგებისა ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა. "მაიამი" ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს. შესაძლოა, დოკ რივერსს მეტი ნდობა უნდა გამოეცხადებინა რეზერვისტებისთვის, რადგან "სელტიქსის" ძველი გვარდია აშკარად მოიკოჭლებდა.
ინტრიგა საბოლოოდ დაიკარგა მეოთხე მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ. ლებრონმა ორი ეფექტური ბურთი ჩააგდო და სხვაობა 20 ქულამდე აიყვანა - 81:61. სტუმრებს აღმოაჩნდათ ძალა 12:0 გაქცევისთვის, მაგრამ "ჰიტმა" ეს რთული მომენტი იოლად გადაიტანა. ბიბიმ დროულად ჩააგდო სამქულიანი, ჯეიმსმა და ბოშმა ფარქვეშიდან დაუმატეს ორქულიანები და ყველაფერი დასრულდა. საინტერესო მომენტი იყო ბოლოს მოედანზე "ბოსტონის" მოთამაშის, კარლოს აროიოს გამოსვლა. მას მაიამური პუბლიკა ოვაციით შეხვდა. თუმცა ეს არც იყო გასაკვირი. პუერტორიკოელი მაიამიში სწავლობდა და თამაშობდა, "სელტიქსის" შემადგენლობაში კი სეზონის შუაში იმის გამო მოხვდა, რომ "მაიამის" ხელმძღვანელობამ ის ზედმეტ ტვირთად მიიჩნია.
ასეა თუ ისე, რეგულარულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი სამხრეთელებმა დამაჯერებლად მოიგეს და რევანში აიღეს წინა სამი წაგებისთვის. ახლა "ჰიტმა" არ უნდა წააგოს დარჩენილი ორი მატჩი "ატლანტასთან" და "ტორონტოსთან" და მეორე ადგილი განაღდებული ექნება.
მაიამი-ბოსტონი 100:77
21:22, 26:18, 27:19, 26:18
მ: ჯეიმსი (27+7 პასი+5 მოხსნა), უეიდი (14+8 პასი+5 მოხსნა), ბოში (13+8 მოხსნა).
ბ: პირსი (24+7 მოხსნა), გარნეტი (21), ალენი (13).
.