აღმოსავლეთი
მაიამი-ბოსტონი 99:90
20:14, 31:22, 25:26, 23:28
მ: უეიდი (38+5 პასი), ჯონსი (25), ჯეიმსი (22+6 მოხსნა+5 პასი), ბოში (7+12 მოხსნა), ბიბი (3), ენტონი (2+5 მოხსნა), ჩელმერსი (2).
ბ: ალენი (25), პირსი (19+7 მოხსნა), უესტი (10+5 მოხსნა), ჯ. ო’ნილი (9), გრინი (9), რონდო (8+7 მოხსნა+7 პასი), გარნეტი (6+8 მოხსნა), დევისი (4).
სერია: 1-0
ეს არის პლეი ოფის მეორე ეტაპის ცენტრალური დაპირისპირება და
როგორც მოსალოდნელი იყო, შაკილ ო'ნილი ვერ დაეხმარა თავის გუნდს პირველ შეხვედრაში. ვერც მაიამელთა მძიმე ფორვარდმა უდონის ჰასლემმა მოასწრო გამოჯანმრთელება. შეხვედრის დებიუტში ორივე გუნდს დაცვა კარგად გამოსდიოდა - ექვსი წუთის შემდეგ ტაბლოზე მოკრძალებული ციფრები ეწერა - 6:6.
საგულისხმო იყო რაჟონ რონდოს მომენტი - "ბოსტონის" გამთამაშებელს ზედიზედ სამჯერ დაუფარეს, აქედან ორჯერ ეს "მაიამის" პლეიმეიკერმა მაიკ ბიბიმ გააკეთა.
და ეს იმ დროს, როცა მატჩის წინ რონდომ ხმამაღლა განაცხადა - ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა შემაჩეროს "ჰიტის" შემადგენლობიდანო.
მასპინძლებმა გაქცევა მეორე მეოთხედიდან დაიწყეს. ეს მომენტი მოედანზე ჯეიმს ჯონსის გამოსვლას დაემთხვა. წლევანდელ "ვარსკვლავურ უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულმა ოთხიდან ოთხი შორეული ტყორცნა ჩააგდო (სულ შვიდიდან ხუთი სამქულიანი მოათავსა კალათში და 10-დან 10 საჯარიმო გამოიყენა). დუეინ უეიდიც გააქტიურდა და დიდი შესვენებისთვის "მაიამიმ" 15-ქულიანი უპირატესობა მიიღო.
"ბოსტონმა" მხოლოდ უხეშობით უპასუხა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლ პირსი ბოლო მეოთხედის შუაში მოედნიდან გააძევეს. სტუმრების მხრიდან კარგი თამაშით მხოლოდ რეი ალენი გამოირჩეოდა - უეიდის აქტიური მეურვეობის მიუხედავად, სამქულიანების ოსტატმა 25 ქულა დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად.
დასავლეთი
ოკლაჰომა-მემფისი 101:114
24:28, 23:29, 24:27, 30:30
ო: დურანტი (33+11 მოხსნა), უესბრუკი (29+8 მოხსნა+6 პასი), იბაკა (16+11 მოხსნა+5 დაფარება), სეფოლოშა (5), ჰარდენი (5), კოლისონი (5), მეინორი (3), კუკი (3), პერკინსი (2+6 მოხსნა).
მ: რენდოლფი (34+10 მოხსნა), მ. გასოლი (20+13 მოხსნა), კონლი (15+7 პასი), ბატიე (11+5 მოხსნა), ალენი (10), იანგი (8), მაიო (6+5 მოხსნა), არტური (6), ვასკესი (3).
სერია: 0-1
სასწაულებს აგრძელებს დასავლეთ კონფერენციის მერვე გუნდი. ისევე როგორც "სან ანტონიოსთან" სენსაციურად მოგებულ სერიაში, "მემფისმა" ამჯერადაც პირველივე მატჩში ჩამოართვა საკუთარი მოედნის უპირატესობა მორიგ მეტოქეს - "ოკლაჰომას". და ეს ყველაფერი სავსებით კანონზომიერად მოხდა - მასპინძლები მხოლოდ ორჯერ იყვნენ წინ (2:0, 4:2). ასევე მათ აქტივში უნდა შევიტანოთ მესამე მეოთხედში თამაშის გადარჩენის მცდელობა, როცა სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. სხვა მხრივ, მატჩი ერთი კალათის მიმართულებით მიმდინარეობდა.
რეგულარულ ჩემპიონატში ეს გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ გამარჯვება "მემფისმა" მოიპოვა. ამასთან ორჯერ "გრიზლის" ლიდერი ზაკ რენდოლფი მინიმუმ 30 ქულასა და 10 მოხსნას აგროვებდა. "ოკლაჰომამ" ამ საფრთხის შესახებ იცოდა, მაგრამ "ბეჰემოტს" მაინც ვერაფერი მოუხერხა - რენდოლფმა ისევ შეასრულა თავისი ნორმა - 34 ქულა და 10 მოხსნა. ზაკს წამოეხმარა მარკ გასოლი (მასაც ორმაგი დუბლი ჰქონდა) და სათადარიგოთა სკამი. სწორედ ამ ფაქტორებმა გადაწონეს დურანტისა და უესტბრუკის ჯამური 62 ქულა. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ "ოკლაჰომას" ლიდერებმა თავიანთი ქულების დიდი ნაწილი მაშინ მოიპოვეს, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.