"ბოსტონი" განწირულია?

AutoSharing Option
"მაიამის" "დიდი ტრიოს" 80 ქულამ, ცხრა დაფარებამ და 14:0 სპურტმა "ჰიტს" მეორედ მოაგებინა "ბოსტონთან" სერიაში. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ "სელტიქსს" გადარჩენის მცირე შანსი აქვს.

აღმოსავლეთი
მაიამი-ბოსტონი 102:91
27:26, 20:16, 25:25, 30:24
მ: ჯეიმსი (35+7 მოხსნა), უეიდი (28+8 მოხსნა+3 პასი), ბოში (17+11 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბიბი (8+3 პასი+2 დაფარება), ენტონი (6+5 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (3), ჩელმერსი (3), ილგაუსკასი (2).
ბ: რონდო (20+12 პასი+6 მოხსნა), გარნეტი (16+6 მოხსნა), პირსი (13+5 მოხსნა), გრინი (11), უესტი (10), ჯ. ო'ნილი (8+9 მოხსნა), ალენი (7+5 მოხსნა), დევისი (6).
სერია: 2-0

"მაიამი ჰიტმა" ისეთი ფორმა აკრიფა, რომ, როგორც ჩანს, მისი შემჩერებელი არავინაა. აგერ უკვე მეორე მატჩია ლიგის საუკეთესო დაცვის მქონე "ბოსტონი" ვერაფერს უხერხებს ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის "დიდ ტრიოს".

მეორე შეხვედრა პირველზე გაცილებით დაძაბული გამოვიდა და ბოლო მეოთხედის შუა ნაწილამდე გამარჯვებულის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი იყო. სამმეოთხედნახევარი გუნდები თითქმის ქულა ქულაში თამაშობდნენ. მაქსიმუმი, რასაც სტუმრებმა მიაღწიეს, მეშვიდე წუთზე პირსის სამქულიანის შემდეგ 12:7 წინ
გასვლა იყო. მასპინძლების მაქსიმალურმა უპირატესობამ კი 8 ქულა შეადგინა მეორე ტაიმის დასაწყისში.

შესაძლოა, თამაში საფინალო სირენამდე ასევე გაგრძელებულიყო, სტუმრებს ბოლო 12-წუთეულის შუაში შეტევა რომ არ ჩავარდნოდათ. მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე პირსმა ანგარიში გაათანაბრა - 80:80 და ამის შემდეგ, დოკ რივერსის შეგირდებმა 230 წამის განმავლობაში ერთი ქულის დაგროვებაც ვერ მოახერხეს. ამ დროის განმავლობაში გლენ დევისმა მეტრიდან ორი ბურთი ვერ ჩააგდო, ალენმა იოლი სამქულიანი ვერ მოათავსა კალათში, ჯერმეინ ო'ნილს ენტონიმ დაუფარა, ეს კოშმარი გარნეტისა და რონდოს საშუალო მანძილიდან აცილებულმა ტყორცნებმა დაასრულეს.

ბუნებრივია, "მაიამი" ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. ჩელმერსმა შორიდან ჩააგდო, ჯეიმსმა 71 წამში შვიდი ქულა მიითვალა, უედიმა და ბოშმა კი გადამეტებული უხეშობისთვის დასაჯეს "კელტები" და საბოლოოდ მასპინძლებს 14:0 სპურტი გამოუვიდათ. დოკ რივერსმა ყველანაირად სცადა თავისი შეგირდების გამოცოცხლება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს კი მსაჯებთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმა მიიღო და ცხადი გახდა, რომ "ბოსტონი" შეხვედრას ვერ გადაარჩენდა.

"დიდი ტრიოების" დუელი "მაიამიმ" მოიგო - 80:36. ალენმა, პირსმა და გარნეტმა ტყორცნების მხოლოდ 39 პროცენტი გამოიყენეს. გარდა ამისა, მასპინძლების ანგარიშზეა ცხრა დაფარება და მოხსნებში უპირატესობა - 44:38.

ახლა ESPN-ის სტატისტიკოსები ამტკიცებენ, რომ ორი მატჩის წაგების შემდეგ "სელტიქსს" გაუჭირდება სერიის გადარჩენა. ისტორიაში მხოლოდ სამმა გუნდმა შეძლო კონფერენციის ნახევარფინალში 0:2-დან სერიის მოგება ("ჰიუსტონმა" 1994 და 1995 წლებში, "ლეიკერსმა" 2004 წელს და "სან ანტონიომ" სამი წლის წინ). გარდა ამისა, ლებრონ ჯეიმსსა და დუეინ უეიდს არასოდეს წაუგიათ სერიები პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ. სხვათა შორის, ჯეიმსმა პლეი ოფში 21-ედ ჩაატარა 35-ქულიანი (ან მეტი) მატჩი. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ ალენ აივერსონს გაუთანაბრდა. ამ დუეტზე წინ მხოლოდ მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო'ნილი არიან.


დასავლეთი
ოკლაჰომა-მემფისი 111:102
28:17, 26:27, 22:24, 35:34
ო: დურანტი (26), უესტბრუკი (24+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰარდენი (21+5 პასი+3 ჩაჭრა), მეინორი (15+3 ჩაჭრა), იბაკა (8+2 მოხსნა), კოლისონი (7), კუკი (5), სეფოლოშა (3), პერკინსი (2).
მ: კონლი (24+8 პასი), მაიო (16+3 პასი), რენდოლფი (15+9 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), პ. გასოლი (13+10 მოხსნა+5 დაფარება+3 პასი), იანგი (12), ალენი (9), არტური (9), ბატიე (4).
სერია: 1-1

პირველი მატჩის წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" არ დაუშვა კატასტროფა და მემფისში ორი თამაშის ჩასატარებლად ორმატჩიანი ჩამორჩენით არ გაემგზავრა. ამისთვის მასპინძლებს საწყის შეხვედრასთან შედარებით ყველა კომპონენტში უნდა მოემატებინათ თამაშისთვის, რაც მოახერხეს კიდეც და წარმატებაც მოვიდა. უმთავრესი ამოცანა იყო მარკ გასოლისთვისა და ზაკ რენდოლფისთვის არ მიეცათ ფარქვეშ დომინირების საშუალება. მართალია, სტუმრებმა მოხსნებში ისევ მოიგეს, მაგრამ იმდენად დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ, როგორც პირველ მატჩში. გასოლისა და რენდოლფის წყვილმა საწყის მატჩში 54 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა, მეორეში - 28 და 19.

რენდოლფმა მატჩი იმით დაიწყო, რომ სერჟ იბაკასგან ბლოკ-შოტი მიიღო, შემდეგ ორი ბურთი ააცილა და ამან განსაზღვრა მთელი შეხვედრის მსვლელობა. სანამ "მემფისის" ლიდერი თავის თამაშს ეძებდა, "თანდერმა" უპირატესობა მოიპოვა და საფინალო სირენამდე არ გაუშვია ხელიდან. ცალკე აღნიშვნის ღირსია "ოკლაჰომას" სათადარიგოთა სკამი, რომელმაც სასტარტო ხუთეულზე მეტი სარგებელი მოუტანა მასპინძელთა გუნდს. თუ პირველ მატჩში ოკლაჰომელი რეზერვისტების მონაგარი 16 ქულა იყო, ამჯერად მათ ზუსტად სამჯერ მეტი - 48 ქულა დააგროვეს, თანაც რეალიზაციის ბრწყინვალე პროცენტით - თამაშიდან 14/22, საჯარიმოები - 14/17!

მთლიანად გუნდმაც შესანიშნავად ისროლა: თამაშიდან 52.8 პროცენტი, სამქულიანების - 57.1 პროცენტი და 81.8 საჯარიმოები. ასეთი მაჩვენებლებით თამაშს არ აგებენ. მრისხანე რენდოლფმა და გასოლმა კი თამაშიდან 22-ჯერ ისროლეს და მხოლოდ ხუთი ჩააგდეს. ერთადერთი, რამაც მასპინძლების ტრიუმფი გააუფერულა, სერჟ იბაკას ტრავმა იყო - მას ორჯერ მოუწია მოედნის დატოვება. პირველ შემთხვევაში დაბრუნდა და თამაში გააგრძელა, მეორედ ეს ვერ შეძლო და ახლა სამედიცინო შემოწმება გაარკვევს ტრავმის ხარისხს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული